მამუკა მონავარდისაშვილის მიერ დაფუძნებული MyVideo ჯერ რეგიონული მასშტაბით გაფართოვდა, ახლა კი ევროპაზე უჭირავს თვალი. ნოემბერში იგი WEB SUMMIT ALPHA-ზე, მსოფლიოს უდიდესი ინვესტორების წინაშე წარდგება. წარმატების შემთხვევაში ევროპის მედიასფერო რევოლუციას, ხოლო Myvideo წელიწადში ათეულობით მილიონის შემოსავალს მიიღებს.
საძიებოში სრული მისამართის ჩაწერაც არაა საჭირო – მხოლოდ პირველი ორი ასოს აკრეფაც კმარა, რომ საქართველოს ნომერ პირველი ინტერნეტპორტალის მთავარ გვერდზე მოხვდეთ, იქიდან კი ვიდეობმულების ზღვაში ამოყოთ თავი. აქაურობა რაღაცით ძველი ბიბლიოთეკების კარტოთეკასაც მოგაგონებთ – პატარა უჯრებად დანაწევრებულ ერთიან სისტემას, რომელიც ვიზუალური მასალის დაუსრულებელ რიგებსა და თაროებს წარმოადგენს, სახელად კი Myvideo.ge ჰქვია.
top.ge-ს რეიტინგების ფაქტობრივად უცვლელი ლიდერი წმინდა ქართული პროდუქტია, რომლის ბიოგრაფია უკვე ათ წელს ითვლის. ის ქართული IT ბაზრის პიონერის, ITDC-ს (საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი) ყველაზე წარმატებული და ძირითადი პროექტია – იმდენად პოპულარული, რომ ბევრისთვის სწორედ Myvideo წარმოადგენს მთავარ ბრენდს. თუმცა ITDC-თვის ეს სიამაყის მიზეზი უფროა, ვიდრე ეჭვიანობის და ის სრულიად ბუნებრივად იღებს იმ რეალობას, რომელსაც Myvideo-ს პოპულარობა სთავაზობს.
როდესაც Forbes Georgia-ს ეს ნომერი თქვენს ხელთ აღმოჩნდება, Myvideo.ge უკვე წარდგენილი იქნება WEB SUMMIT ALPHA 2015-ზე, დუბლინში – პლანეტის საუკეთესო ტექნოლოგიურ კონფერენციად აღიარებულ სამიტზე, რომელსაც 22,000 დამსწრე ჰყავს 110 ქვეყნიდან; მათ შორის უმსხვილესი ვენჩურული ფონდების ინვესტორები და Fortune 500-ში შემავალი ისეთი კომპანიები, როგორიცაა Facebook-ი, Microsoft-ი, Amazon-ი, Twitter-ი, Adobe-ი და ა.შ.
ეს სამიტი საუკეთესო პლატფორმაა პოტენციური პარტნიორების შესაძენად, მით უმეტეს, თუკი მასზე ინოვაციური სტარტაპის სტატუსით მიგიწვევენ. WEB SUMMIT ALPHA-ზე წარმოდგენილმა ერთადერთმა ქართულმა კომპანიამ 500-ზე მეტ დიდ საინვესტიციო ფონდს საკუთარი სერვისი უნდა გააცნოს. აზერბაიჯანში წარმატებული ექსპორტის შემდეგ ქართული ტექნოლოგიური ბიზნესი ევროპისთვის იმის შეთავაზებას გეგმავს, რაც მას ჯერ არ გააჩნია – უნიკალური პლატფორმის, რომელიც ITDC-ის დეველოპერებმა შეიმუშავეს.
დუბლინში გამგზავრებამდე კომპანიის თანადამფუძნებელსა და მმართველ პარტნიორს, მამუკა მონავარდისაშვილს, Myvideo-ს ოფისში ვეწვიეთ. ტექნოლოგიურ სტარტაპების შესახებ დამკვიდრებული სტერეოტიპი არაფორმალური სამუშაო გარემოს თაობაზე აქაც გამართლდა. 10 წლის მუშაობის შემდეგ კომპანიას რომ კვლავ “სტარტაპად” მოიხსენიებენ, მის მუდმივ განვითარებაზე, ან ერთი ადგილის ტკეპნაზე მეტყველებს. Myvideo.ge ამ ორიდან რომელია, ეს ჯინეტის ყველა მომხმარებელმა იცის.
დინამიკურ სამუშაო გარემოში მხოლოდ დეველოპერები არ დარბიან ოთახებს შორის. მამუკა მონავარდისაშვილის ვაიმარანერის ჯიშის ოთხფეხა მეგობარი ჯერ ზედა სართულზე განლაგებული მისივე კაბინეტიდან გვამცნობს საკუთარი არსებობის შესახებ, შემდეგ კი ჩვენს კომპანიას უერთდება და კამერისთვის “პოზირებას” იწყებს (სხვა დროს საკმაოდ მოუსვენარი ხასიათის მქონე, ობიექტივის წინ იშვიათ თავდაჭერილობას ავლენს), სანამ მისი პატრონი MyVideo-ს დაარსების ამბავს გვიყვება.
ქვეყნის ნომერ პირველი ვირტუალური პროდუქტი 2006 წლიდან არსებობს, ყველაფერი არაფრიდან დაიწყო, დღეს კი ის 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს (ანუ, ფაქტობრივად, ყველას, ვისაც ქვეყანაში ინტერნეტი აქვს), თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღვნიშნოთ, რომ ამისთვის მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიურმა პროცესებმა ჩინებული ბუნებრივი პირობები შექმნა, ITDC-ს კი კარგი ალღო და სწორი ბიზნესგათვლა უნდა დავუფასოთ: როდესაც ადამიანებმა ავტომობილებით დაიწყეს გადაადგილება, სხვა ადამიანებმა ასფალტი გამოიგონეს, ინტერნეტის შექმნას კი მისი არსებობისთვის აუცილებელი სეგმენტი, შესაბამისი კონტენტის გაჩენა უნდა მოჰყოლოდა.
2010 წელს ერთი საინტერესო ფაქტი დააფიქსირეს: მსოფლიოს რამდენიმე დიდ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად დადგინდა, რომ ინტერნეტმა ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს, ტელევიზიას გადაუსწრო. მაშინ ეს ტენდენცია 30-წლამდელ გამოკითხულთა შორის დაფიქსირდა, ხუთი წლის შემდეგ კი მათი ასაკი 50-მდე ავიდა, რაც ტელევიზიასთან მიმართებით ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას ნიშნავს. ახალგაზრდებს შორის ტელევიზიის პოპულარობა 68%-დან 42%-მდე დაეცა, მთლიანობაში კი მომხმარებლის რაოდენობა 16% -ით შემცირდა. ტელევიზია, რომელიც იმთავითვე, ქვეცნობიერად თუ სრულიად ლოგიკურად, მაინც ტელევიზორთან გატარებულ რამდენიმე წუთთან ან საათთან ასოცირდებოდა, თანამედროვე ცხოვრების ტემპის მქონე ადამიანებისთვის ნელ-ნელა უინტერესო გახდა, უკეთეს შემთხვევაში კი სმარტფონებში, პლანშეტებსა და ნოუტბუკებში გადაინაცვლა, სადაც მისი მომწოდებელი ისევ და ისევ ინტერნეტი, აქ არსებული პორტალები გახლავთ.
ახლა ტელევიზია იმავე მდგომარეობაშია ინტერნეტთან, როგორც ბეჭდური პრესა და რადიო იყო – ტელევიზიასთან. მათ ნელ სიკვდილს უწინასწარმეტყველებდნენ. უშეღავათო იქნება ტელევიზიის ბრძოლა ინტერნეტთან, სადაც უკვე ნებისმიერს შეუძლია იყოს სიახლის ავტორი, გამავრცელებელი და მომხმარებელი, სადაც არ მუშაობს ცენზურა, არავინაა შენზე უფრო პროფესიონალი და, რაც მთავარია, საჭირო ინფორმაცია ნებისმიერ დროს შეგიძლია მიიღო – ამისთვის კი მხოლოდ სამკუთხა “ღილაკზე” დაწკაპუნებაც კმარა და იწყება: გამოტოვებული სარაგბო მატჩი, რომელიღაც პოლიტიკოსის “სიბრძნე”, მეგობრის მიერ გადაღებული სასაცილო ვიდეო, კინო, მუსიკა, რეცეპტები, სატელევიზიო არხების სტრიმინგი და უამრავი სხვა – ვიზუალური მასალის დაუსრულებელი წყება, ზუსტად ის, რაც ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმშიც გამყოფებთ და ცოტა ხნით რეალობისგან გაქცევის საშუალებასაც გაძლევთ.
მსოფლიოს ამ მხრივ youtube.com-ი მართავს, Google-ის იმპერიის ერთ-ერთი მსხვილი პროდუქტი ყოველწლიურად მილიარდი აქტიური მომხმარებლითა და $80-მილიარდიანი შეფასებით, რომელიც myvideo.ge-ზე მხოლოდ ერთი წლითაა უფროსი ანუ სწორედ მაშინ, როდესაც Google-ი მის შესასყიდად მოლაპარაკებას მართავდა, ძალიან შორს, თბილისში, ჯერ კიდევ პატარა ისტორიის მქონე IT კომპანიაში დაახლოებით მსგავსი პროექტი ხორციელდებოდა.
წარმოიდგინეთ 2001 წლის თბილისი. მსოფლიო ახალი ათასწლეულის ათვლას იწყებს, ჩვენთან კი ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მანამდე, თითქმის ათი წლის განმავლობაში, იყო. ვიცნობთ ადამიანებს, ვინც იცნობს მათ, ვისაც შინ პერსონალური კომპიუტერი აქვთ, რომლის ამუშავებასაც მხოლოდ გრაფიკით განსაზღვრულ დროს ახერხებენ – ელექტროენერგია დელიკატესის კატეგორიაში გადის. მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც დაბრკოლება ერთგვარ მოტივატორადაც იქცევა, რადგან მათ ზუსტად შეუძლიათ განსაზღვრონ, რომ ციფრული მომავალი ნებისმიერ პირობებში საჭიროა, აუცილებელია, სწორედ ეს გახლავთ პროგრესის საფუძველი.
ერთ-ერთი მათგანი სატელევიზიო და კინოსფეროში კარგი გამოცდილების მქონე მამუკა მონავარდისაშვილი იყო, დღეს უკვე ITDC-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
“მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მსოფლიოში უკვე იყო ინტერნეტბუმი, კომპიუტერის ფლობა ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნეოდა, ხოლო უმსხვილესი IT კომპანიები პირველ სერიოზულ ნაბიჯებს დგამდნენ, საქართველოში ამ სფეროს დანერგვაზე საუბარიც კი არასერიოზული ჩანდა, – ამბობს მამუკა მონავარდისაშვილი. – ქვეყანაში სულ რამდენიმე ასეული ინტერნეტმომხმარებელი იყო, ძირითადად სახელმწიფო და იმ დროისთვის მსხვილი კერძო კომპანიები, ინტერნეტში შესვლას კი მხოლოდ ე.წ. დაილაპით ახერხებდნენ. ასეთ პირობებში IT მიმართულების კომპანიის ჩამოყალიბებაზე ფიქრსაც კი არ უშვებდნენ. თუმცა ამ სფეროთი ძალიან ვიყავი დაინტერესებული და ზუსტად ვიცოდი, რომ მომავალი მას მჭიდროდ დაუკავშირდებოდა. გავრისკე და რამდენიმე თანამზრახველთან ერთად მუშაობას შევუდექი”.
პირველი ნაბიჯები დაახლოებით ისეთი გახლდათ, როგორიც წარმატებული კომპანიების დაარსების ისტორიაზე გადაღებულ ფილმებში გვინახავს: ერთმა შინიდან კომპიუტერი მოიტანა, მეორემ – ფაქსი, პატარა ოთახი იქირავეს და მუშაობას შეუდგნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე დაწყებული საქმე, რომლის მთავარი კაპიტალიც პროგრესისკენ სწრაფვა, მსოფლიოსთვის ნაბიჯის აწყობისა და საკუთარი საქმის წამოწყების სურვილი იყო.
წლების განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობამ 50-ს მიაღწია. მათი უმეტესობა ვებდეველოპერები და სისტემური ადმინისტრატორები არიან, სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ITDC-ს ჩაუყარეს საფუძველი; ქმნიან კორპორაციულ ვებგვერდებსა და მცირე მასშტაბის საიტებს, ახორციელებენ ინტერნეტრეკლამას, მართავენ სერვერებს, ქმნიან ინტერაქტიურ რუკებსა და სხვა. ისინი ატარებენ სასწავლო კურსს სფეროსთან დაკავშირებულ ყველა სპეციალობაშიც. “საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების მხრივ საკმაოდ ცუდი მდგომარეობა გვაქვს, არადა მთელ მსოფლიოში წამყვან სპეციალობებად მიიჩნევა, კაცობრიობის განვითარებისა და ტექნოლოგიური პროგრესის მომავალი სწორედ მათზეა დამოკიდებული. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეგვეტანა და ტრენინგცენტრი ჩამოვაყალიბეთ. IT სპეციალისტების ახალ თაობას ვზრდით, რომელთაგან საუკეთესოებიც ჩვენთან აგრძელებენ მუშაობას. ჩვენს ცენტრში სასწავლებლად 14-15 წლის საოცრად მონდომებული მოზარდები მოდიან, ითვისებენ პროფესიას, გადიან უმაღლესი ხარისხის პრაქტიკასა და თვითგანვითარებისთვის საუკეთესო გარემოში ხვდებიან”, – ამბობს მამუკა მონავარდისაშვილი.
ოდესღაც Myvideo.ge-ც ასეთმა სპეციალისტებმა შექმნეს. ITDC-ს დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში უკვე ყველანაირი რესურსი არსებობდა იმისთვის, რომ კომპანიას საკუთარი შიდა პროდუქტის წარმოებაზე დაეწყო მუშობა. ამ დროისთვის კომპანია უკვე მიიჩნეოდა ლიდერად ვებდეველოპმენტის მიმართულებით, განხორციელებული ჰქონდა არაერთი მსხვილი პროექტი, ამიტომ საკუთარის შექმნის ამბიცია სრულიად ბუნებრივი სურვილი აღმოჩნდა. წმინდა ბიზნესის მიმართულებით ახალი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისიც გახლდათ, რომ მის განსახორციელებლად დამატებითი ინვესტიცია პრაქტიკულად საჭირო არ იყო – მთავარ ძალას ამ შემთხვევაში კომპანიაში უკვე არსებული ადამიანური რესურსი წარმოადგენდა. ეს კომპანიის შიდა კაპიტალი გახლდათ, რაც ITDC-მ საუკეთესოდ გამოიყენა.
“ITDC-ი სტანდარტული კომპანია არ გახლავთ, რადგან სპეციფიკური თავად ჩვენი ბიზნესია. ჩვენი მოტივაციები განსხვავებულია, ზუსტი მიდგომები აქ არ ამართლებს, – განმარტავს მამუკა მონავარდისაშვილი. – რამდენიმე წლის განმავლობაში ენთუზიაზმზეც გვიმუშავია, პატარა საიტებს ვაკეთებდით და უბრალოდ ვარსებობდით. თუმცა ეს არ იყო დინების ნებაზე ცურვა, რადგან ინტელექტუალური რესურსის მიმართულებით გამუდმებით ვიზრდებოდით და მომავალზე ვიყავით ორიენტირებული. თანამედროვე პირობებში ამის გარეშე შეუძლებელია, ამის გარეშე წარმატებას ვერ ეღირსები”.
დღემდე კომპანია სწორედ ამ იდეით ვითარდება: ახალი გამოცდილების შეძენა, ადამიანური რესურსით გამდიდრება და მისი სწორად გამოყენება. “ჩვენთვის სიახლე ნაკლებად საინტერესოა, ვიდრე ის, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს, როგორ განვითარდეს და პრაქტიკაში დაინერგოს”, – ამბობს ITDC-ის მმართველი პარტნიორი.
შეიძლება ითქვას, რომ myvideo.ge-ის განვითარებისა და პოპულარობის მეორე ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც სმარტფონებისა და პლანშეტების მომხმარებელთა რიცხვმა იმატა და ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამ დროისთვის პორტალს 350 ათასზე მეტი ამ ტიპის მომხმარებელი ჰყავს, უახლოეს მომავალში ის Samsung-ის აპლიკაციების ბაზაში ოფიციალურად განთავსდება, LG-ისა და Sony-ის ახალი მოდელის ჭკვიან ტელევიზორებში კი უკვე არის. დაგვეთანხმებით, ადგილობრივი წარმოების ციფრული პროდუქტისთვის ეს დიდი ნაბიჯია, თუმცა, როდესაც პროდუქტი მაღალი სტანდარტებითაა შექმნილი, მისთვის ნებისმიერი კარი ღიაა.
მთლიანობაში პორტალი ორ მილიონზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს აერთიანებს. ეს ბიზნესის განვითარების პერსპექტივის უტყუარი მაჩვენებელია, რაც ადგილობრივი კომპანიებისთვის კარგადაა ცნობილი. მათ იციან, რომ, გამოკითხვების თანახმად, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლის მოსახლეობაც ინფორმაციის მიღებას ნელ-ნელა, თუმცა სულ უფრო მეტად სწორედ ინტერნეტის მეშვეობით ამჯობინებს, რაც ძალიან მარტივად განაპირობებს იმას, რომ Myvideo.ge-ს ბაზა დღეისთვის 500-მდე კომპანიის რეკლამას მოიცავს. “ევროპის წამყვან ქვეყნებთან მიმართებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ჯერ კიდევ ტელერეკლამას ამჯობინებს, თუმცა ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში დინამიკურად იცვლება. რაც უნდა ვეცადოთ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ვერ მოვწყდებით და ჩვენც ისე განვვითარდებით, როგორც წამყვანი ევროპული ქვეყნები. ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც ჩვენთან რამდენიმე წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც ვითარდება. რომ არა 90-იანი წლების წყვეტა, ამ მხრივ გაცილებით პროგრესული ვიქნებოდით, თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში იმდენად დიდი ნახტომი გავაკეთეთ, რომ მსოფლიო ტენდენციებთან გათანაბრების მიღწევა სრულიად შესაძლებელია”, – ამბობს მამუკა მონავარდისაშვილი.
ამ პროცესს წმინდა ფინანსური შედეგიც აქვს – დღეს Myvideo.ge ITDC-ის მთლიანი შემოსავლის 50-60%-ს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის კვლევები ჩვენთან ფაქტობრივად არ არსებობს ან, თუ არსებობს, ნაკლებად სარწმუნოა, უხეშად მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტალი ინტერნეტრეკლამის მთლიანი ბაზრის 40%-ს ფარავს, ყოველწლიურად კი კომპანიისთვის მილიონ ლარამდე შემოსავალი მოაქვს. ზოგადად საქართველოში რეკლამის ბაზრის წლიური ბრუნვა 45-დან 60 მილიონამდე მერყეობს, აქედან ინტერნეტრეკლამის წილი 1-2 პროცენტია, ამრიგად ITDC-ის მიერ myvideo-სგან მიღებული შემოსავალი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება.
“ამჟამინდელი მაჩვენებელი არც ისე დიდია, თუმცა ზრდის დინამიკა ძალიან იმედისმომცემია. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯებესების პარალელურად იზრდება რეკლამის ბაზარიც, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონკურენციაც პროგრესირებს. – ამბობს მამუკა მონავარდისაშვილი. – ჩვენთვის ყველა კონკურენტია. Facebook-მაც საკუთარი ვიდეოპლატფორმა გააკეთა, რომელიც უზარმაზარი აუდიტორიისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს ყველაფერი კი მუდმივად ყურადღების რეჟიმში გვამყოფებს და თვითგანვითარების აუცილებლობას შეგვახსენებს”.
სწორედ ამ კონკურენციამ უბიძგა კომპანიას დივერსიფიკაციისკენ ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, მაგალითად, სტრიმინგ-მედია. Myvideo-მ შექმნა ე.წ. TV Box-ი, რომლის საშუალებითაც ბაქოელ მომხმარებლებს მიეწოდებათ როგორც ლოკალური და უცხოური არხები, ასევე Myvideo-ზე განთავსებული კონტენტი. ეს ახალი თაობის ინტერაქტიური ტელესერვისია, მონაცემთა მიმოცვლის ახალი სისტემა OTT, რომელიც ამჟამად გავრცელებულ IPTV-ის (ინტერნეტპროტოკოლის ტელევიზია) სამომავლო მემკვიდრედ მიიჩნევა. საქართველოში, სადაც IPTV-საც არა აქვს ფეხი მყარად მოკიდებული, OTT-ით გიგანტური შემოსავლის მიღება ჯერჯერობით ფუჭი იმედია, თუმცა გლობალურ ბაზარზე ამ ახალი ტექნოლოგიის სწრაფი ზრდა Myvideo.ge-ის ჯგუფს ოპტიმიზმისკენ უბიძგებს. ეს უბრალოდ გარდაუვალია. იმ ეპოქაში, როდესაც ტელეეკრანები კომპიუტერის ეკრანად გარდაიქმნება, ელექტრონული ინფრასტრუქტურის გამარჯვება, რომელსაც მეტი უკუკავშირის შეთავაზება შეუძლია მომხმარებლისთვის, მხოლოდ დროის საკითხია. გლობალური მონაცემები ცხადყოფს, რომ IPTV-ის ზრდა შეჩერდა, ხოლო OTT-ის ზრდამ ზოგი ქვეყნის შემთხვევაში წლიური 20-30% შეადგინა. ამჟამად Myvideo TV Box-ი 100 არხის პაკეტს სთავაზობს მომხმარებელს. დაბალი ფასები, გამოყენების სიმარტივე, უკუკავშირი და მულტიფუნქციურობა ამ ახალი პროდუქტის ძირითადი უპირატესობებია.
Web Summit-ზე მიწვევის გარდა, წელს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი რამ მოხდა: Myvideo TV Box-ი აზერბაიჯანში შევიდა, რაც ქართული წარმოების ტექნიკისა და ტექნოლოგიური პროდუქტის ექსპორტზე გასვლის პირველი შემთხვევაა. აზერბაიჯანული TV Box-ის საშუალებით ბაქოელ მომხმარებლებს მიეწოდებათ 40 ლოკალური და 160 უცხოური არხი და აგრეთვე Myvideo.az-ზე განთავსებული ფილმები და ვიდეოები. უნდა ითქვას, რომ Myvideo.az-ი უკვე სამი წელია, აზერბაიჯანში წარმატებით ფუნქციონირებს.
როდესაც მამუკა მონავარდისაშვილს ვეკითხებით, თუ რომელია მისი კომპანიის სხვა გამორჩეული პროექტები, დაუსრულებელი სიის ჩამოთვლას იწყებს და მომხმარებლის უმეტესობისთვის ცნობილ პორტალებსა თუ სხვა პროექტებს ასახელებს, თუმცა იქვე ამატებს, რომ Myvideo.ge-ს წარმატება პრაქტიკულად ყველაფერს ჩრდილავს, მის ფონზე ბევრი ნოვატორული და ორიგინალური პროექტი მეორე პლანზე ინაცვლებს.
ეს არა მარტო ქართველი მომხმარებლისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ასე იქნება, თუკი ნოემბერში კომპანიამ შეძლო ინვესტორების დაინტერესება საქართველოში დაწერილი უნიკალური კოდით და ამგვარად ინდუსტრიის მძიმეწონოსანი პარტნიორების შეძენა ევროპის შუაგულში ჩვენის მსგავსი სტრიმინგ-სერვისის გასამართად.
მარტო ევროპაში 12,000 ტელეკომპანიაზე მეტია, რომლებიც სატელიტის საშუალებით მაუწყებლობს. ტრადიციული ტელევიზიის მომხმარებელთა რიცხვი კლებულობს. ისინი ინტერნეტში ემიგრირდებიან. სატელიტურ ტელეკომპანიებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ მომხმარებლისთვის ონლაინფორმატის შეთავაზება. ისეთი პლატფორმის ქონა, რომლითაც დიდი თუ პატარა ეკრანით მისწვდები მომხმარებელს, ტელეკომპანიების კრიტიკული უმრავლესობისთვის სახარბიელოა. Myvideo-ს სურს ამ ტელეკომპანიებისთვის სრულიად უფასო ევროპული პლატფორმა გააკეთოს, რომელიც ნებისმიერ საშუალო დონის, რეგიონალურ ტელეკომპანიას გლობალური სტრიმინგის სერვისს “აჩუქებდა” სარეკლამო წილის სანაცვლოდ.
პლატფორმა, რომელიც Myvideo.ge-ის დეველოპერების მიერაა შემუშავებული, პრაქტიკულად მსოფლიო სიახლეა. იგი აბსოლუტურად მორგებულია თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს და ამავდროულად ტექნოლოგიურად ზედმიწევნით გამართულია: გადახვევის სერვისი, სწრაფი ინტეგრაცია ნებისმიერ სოციალურ ქსელთან, თანამედროვე საინფორმაციო არქიტექტურა – განლაგების “ტაიმლაინის” პრინციპი ასე ერთად, შეკრული სახით არც ერთ ონლაინტელეპლატფორმას არ გააჩნია.
გარდა ამისა, ეს პლატფორმა ნებისმიერ ტელევიზიას საშუალებას მისცემდა, ისეთი ინსტრუმენტები გამოეყენებინა, რომლებიც მათთვის არც ერთ იდენტურ სერვისს დღემდე არ შეუთავაზებია – საიტზე პლეიერის ჩასმა, რომელიც მაყურებლის დემოგრაფიულ მონაცემებზე ინფორმაციას აგროვებს, რეალურ დროში კომუნიკაცია მაყურებელთან, ონლაინსტრიმინგის ინტეგრაცია ფეისბუკთან, კონტენტის ლაივ-რეჟიმში მოძიებადად ქცევა. “ეს არის წინადადება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია”, – ამბობს მამუკა მონავარდისაშვილი.
ახალი ტექნოლოგიის დანერგვას დიდი ინვესტიცია სჭირდება. ეს დაკავშირებულია ევროპის ცენტრში სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნასთან, დიდ მარკეტინგულ ხარჯებთან და ა.შ., თუმცა “ჩიტი ბდღვნად ღირს”, ITDC-სთვისაც და ევროპული ტელეკომპანიებისთვისაც. ტელეკომპანია შეძლებს ფულის გაკეთებას იქ, სადაც მონეტიზაციაზე ადრე საერთოდ არ ფიქრობდა: დღევანდელი მაყურებელი, რომელსაც გადახვევა შეუძლია, რეკლამებს აღარ უყურებს, თუმცა Myvideo-ს პლატფორმა ამ სამომხმარებლო ჩვევაზე კარგად მორგებულია (იხ. ამ საიტის ნებისმიერი ვიდეო, რომლამდეც მინიმუმ 3 წამი მოგიწევთ რეკლამის ყურება). აქედან მიღებული შემოსავლის მსხვილი წილი მამუკა მონავარდისაშვილის კომპანიას ერგება. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისურ ფასებთან შედარებით სარეკლამო პრეროლების ფასი ევროპაში საშუალოდ 10-ჯერ დიდია (1000 ჩვენებაზე შეიძლება $30-იც ღირდეს). ამ მასშტაბთან შედარებით, Myvideo-ს ამჟამინდელი შვიდციფრიანი სარეკლამო შემოსავალი უბრალოდ სასაცილოა.
თუმცა ოქროს თევზის დასაჭერი ანკესი იაფი როდია: ამისთვის რამდენიმე მილიონდოლარიანი ინვესტიციაა საჭირო, რომლისთვისაც მამუკა მონავარდისაშვილმა დუბლინში უნდა ითევზაოს. “ვენჩურულ კაპიტალის ფონდებს დიდი გამოცდილება აქვთ. პროექტი ჯერ პროტოტიპია და თუ მან ინტერესი გამოიწვია, აუცილებლად გავხდებით ძალიან ცნობადი მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ ამის იმედი გვაქვს. და უფრო მეტიც, ვიდრე იმედი – პრეტენზია”, – ამბობს Myvideo.ge-ს მმართველი პარტნიორი.
15 წლის წინ დაწყებული საქართველოს ციფრული გზა დღეს კვლავ ITCD-სთან ერთად გრძელდება, ოდესღაც შინიდან მოტანილ კომპიუტერში შექმნილმა სამყარომ საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს მობილურებსა და პლანშეტებში, ჭკვიან ტელევიზორებსა და კიდევ უფრო ჭკვიან მონიტორებზე, მთელი ქვეყნის, მილიონობით ადამიანისა და მოვლენის ვიზუალური ისტორია კი Myvideo.ge-ის ვირტუალურ საცავში სამუდამოდაა შენახული – ზუსტად ისე, როგორც ძველი წიგნები ბიბლიოთეკის რიგებსა და თაროებზე. ვიმედოვნოთ, ეს “ბიბლიოთეკა” უცხოური “ლიტერატურითაც” გამდიდრდება. WEB SUMMIT ALPHA 2015-ში მონაწილეობა ამის დიდ იმედს იძლევა. “თავად ელემენტარული კოდის დაწერაც კი არ ვიცი, ამ სფეროს ტექნიკურ დეტალებს ნაკლებად ვიცნობ, თუმცა საუკეთესოდ ვერკვევი მის ბიზნესმოდელში და ვიცი, რომ მისი განვითარება ყველასთვის მნიშვნელოვანია”, – ამბობს მამუკა მონავარდისაშვილი.