მაშინ როდესაც მსოფლიო ეკონომიკა უდიდესი პრობლემების წინაშეა კორონავირუსის პანდემიის გამო და ცდილობს რეცესიიდან გამოსვლას, ჩინეთის ეკონომიკა ძველ დიდებას იბრუნებს და შესაძლოა, მან 2020 წელი გაცილებით უფრო ძლევამოსილებით დაასრულოს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ერთადერთია წამყვან ეკონომიკებს შორის, რომელიც წელს რეცესიას აირიდებს თავიდან. კერძოდ, მსოფლიო ბანკის პროგნოზებით, ჩინეთის მშპ წელს 1.6% გაიზრდება, მაშინ როდესაც გლობალური ეკონომიკის 5.2%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი. ამასთან, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა თანხებში დაახლოებით $14.6 ტრილიონი იქნება წლის ბოლოს, რაც უხეშად რომ ვთქვათ გლობალური მშპ-ს 17.5%-ია.
ჩინეთმა სწრაფი აღდგენა რამდენიმე შემზღიდველი ზომის მიღების შემდეგ მალევე დაიწყო. გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობამ ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის მობილიზება შეძლო მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და მოსახლეობაში მხარჯველთუნარიანობის შენარჩუნების მიზნით.
“ჩინეთში აღდგენის პროცესი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში“, – განაცხადა ლარი ჰუმ, რომელიც Macquarie Group-ში მთავარი ეკონომისტია ჩინეთის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება ყველაზე ნათლად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოჩნდა, როდესაც ქვეყანამ ყოველწლიური ფესტივალი „ოქროს კვირეული“ აღნიშნა. ოქტომბრის პირველ დღეებში დღესასწაულის ფარგლებში 630 მილიონზე მეტმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყანაში. ეს კი ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის მონაცემების 80%-ია. ტურისტების მიერ დანახარჯებიც გასული წლის 70%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდა და $70 მილიარდ მიაღწია.
თუმცა, მიუხედავად ეკონომიკის აღდგენისა, ქვეყანას გამოწვევები კვლავ წინ აქვს. პანდემიამ ქვეყნის ღარიბი და სოფლის მოსახლეობა განსაკუთრებით დააზარალა. სოფლად მომუშავე მიგრანტი დასაქმებულების ჯამური ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 7%-ით შემცირდა მეორე კვარტალში.
დაბალშემოსავლიანი ოჯახები კი, რომლებიც წლის განმავლობაში $7 350-ს გამოიმუშავებენ, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.