ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთში, თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ელჩი ოფიციალურად დანიშნა. ქაბულში გამართულ ღონისძიებაზე, ჩინეთის წარმომადგენელმა ჭაო სინგმა თალიბების პრემიერ მოჰამედ ჰასან ახუნდს რწმუნებულის სიგელიც გადასცა.
ცნობისთვის, ავღანეთში თალიბანის მმართველობა არცერთი უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ არაა აღიარებული. ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება არც ჩინეთს გაუკეთებია და, შესაბამისად, უცნობია, ნიშნავს თუ არა ელჩის დანიშვნა ქვეყნის მიერ სამომავლოდ თალიბანის აღიარებასაც.
„ეს არის ჩინეთის ელჩის ჩვეული როტაცია ავღანეთში და ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებას ისახავს მიზნად. ჩინეთის პოლიტიკა ავღანეთის მიმართ აშკარა და თანამიმდევრულია“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თალიბანის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, ჭაო სინგი პირველია ნებისმიერი ქვეყნიდან, რომელიც 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, ავღანეთში ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა. სწორედ 2021 წლის აგვისტოს, აშშ-ის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალებმა 20 წლის შემდეგ ავღანეთი დატოვეს და ძალაუფლება ხელში თალიბებმა ჩაიგდეს.
ავღანეთში ჩინეთის წინა ელჩი ვანგ იუ 2019 წელს დაინიშნა. ვანგმა თანამდებობა გასულ თვეში, ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა. ამჟამად ქაბულში ელჩის წოდებით სხვა დიპლომატებიც იმყოფებიან, თუმცა ყველა მათგანი თანამდებობაზე თალიბების მოსვლამდე დაინიშნა.
სხვა ქვეყნებმა და ორგანოებმა, როგორიცაა პაკისტანი და ევროკავშირი, ავღანეთში დიპლომატიური მისიებისთვის მაღალი რანგის დიპლომატები „საქმის რწმუნებულის“ წოდებით წარგზავნეს, რაც რწმუნებათა სიგელის წარდგენას არ საჭიროებს.