ჩინეთი სოლომონის კუნძულებთან უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს

ჩინეთი სოლომონის კუნძულებთან უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს

დასავლელი მოკავშირეებისა და მიმდებარე ქვეყნების შეშფოთების მიუხედავად, სოლომონის კუნძულები ჩინეთთან უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს. გარიგება რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს რადიკალურად შეცვლის და ჩინეთს, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, პირველი სამხედრო საყრდენის შექმნის საშუალებას მისცემს.

სოლომონის კუნძულებისა და ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა გაფართოებული უსაფრთხოების პაქტის ძირითადი საკითხები უკვე შეათანხმეს. პროექტი განხილვის ეტაპზეა, რის შემდგომაც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს წარედგინებათ ხელმოსაწერად. გასულ კვირას გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ახალი გარიგებით ჩინეთი სოლომონის კუნძულებზე სამხედრო ძალების განთავსებას შეძლებს. სოლომონის კუნძულებს კი უფლება ექნება ჩინეთისგან, „სოციალური წესრიგის“ შესანარჩუნებლად, დახმარება მოითხოვოს.

ჩინეთისა და სოლომონის კუნძულების შეთანხმებას დასავლელი პარტნიორების, აშშ-ის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. შეთანხმების მოწინააღმდეგეთა აზრით, გარიგება პეკინს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის დაარსებისა და სტრატეგიულ რეგიონში გავლენის გაზრდის საშუალებას მისცემს. შეგახსენებთ, რომ წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფოებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს გლობალური გადაზიდვისა და ვაჭრობისთვის. ამ სახელმწიფოებმა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მიწოდების ხაზების შენარჩუნებაზე დიდი გავლენა იქონია.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, 2021 წელს სამმხრივი უსაფრთხოების ალიანსის შექმნაზე გააკეთა განცხადება. Aukus-ის თანამშრომლობის პაქტით, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ქვეყნები ერთობლივად იმუშავებენ. გარდა ამისა, აშშ ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობისთვის საჭირო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ გარიგებაში ჩინეთი პირდაპირ ნახსენები არაა, აშშ-ის, ავსტრალიისა და გაერთიანებული სამეფოს შეთანხმება, დიდი ალბათობით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის გაფართოების საპასუხოდ გაფორმდა. ჩინეთმა დაგმო Aukus-ი და მას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხე უწოდა.