ჩინეთის მთავრობა TikTok-ის ერთ-ერთ მყიდველად ილონ მასკს განიხილავს - Bloomberg

ჩინეთის მთავრობა TikTok-ის ერთ-ერთ მყიდველად ილონ მასკს განიხილავს - Bloomberg

ამერიკული მედიასააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა პოპულარული სოცმედიაპლატფორმა TikTok-ის ერთ-ერთ მყიდველად ილონ მასკის კანდიდატურას განიხილავს. აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ByteDance-ს TikTok-ის გასხვისების ვადა 19 იანვრამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აშშ-ში დაიბლოკება.

TikTok-ის ამერიკული ბიზნესის ილონ მასკისთვის მიყიდვაზე კომენტარის გაკეთებისაგან ByteDance-ში თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ გამოგონილ ამბავზე განცხადებას არ გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ TikTok-ის ფუნქციონირება, მონაცემთა შენახვა და დამუშავება, მათზე წვდომის საკითხები ამერიკულმა სასამართლომ ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხედ მიიჩნია და ByteDance-ს მისი ამერიკულ კომპანიაზე გასხვისების ვალდებულება დააკისრა.

პლატფორმის შესყიდვის სურვილი რამდენიმე სუბიექტმა გამოთქვა. ერთ-ერთი ორგანიზაცია Project Liberty და მისი დამფუძნებელი ფრენკ მაქკორთი გახლავთ, რომელმაც ByteDance-ს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. ორგანიზაციის დამფუძნებელი პირობას დებს, რომ სოცმედიის პლატფორმა TikTok-ის არსებულ ალგორითმს არ გამოიყენებს და მონაცემთა დაცვის პრინციპებს მკაცრად დაიცავს. Project Liberty-ის გეგმა TikTok-ის ამერიკელი მომხმარებლების ამერიკულ პლატფორმაზე მიგრაციაა. შეთავაზების ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

Project Liberty აშშ-ში დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის, The People’s Bid For TikTok-ის პროექტია, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონის პრაქტიკაში რეალიზაციას ისახავს მიზნად და TikTok-ის ციფრული ინფრასტრუქტურის ამერიკულ პლატფორმაზე მიგრაციას ითვალისწინებს.

თავად ილონ მასკს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. უცნობია, გამოთქვამს თუ არა TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შესყიდვის სურვილს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი.