ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის ახალი პროექტით, ქვეყანაში გაყიდული ყველა სმარტმოწყობილობა სპეციალურ რეჟიმს, Minor Mode-ს უნდა შეიცავდეს, რომელიც მშობლებს, ბავშვებისთვის ეკრანზე წვდომასა და აპის გამოყენების პერიოდზე შეზღუდვების გააქტიურების საშუალებას მისცემს.
ზემოხსენებულ რეჟიმზე გადასვლისას, მომხმარებელთა ასაკის შესაბამისად, მოწყობილობაზე გამოყენების შეზღუდვა აქტიურდება. მაგალითად, 16-დან 18 წლამდე ასაკის ადამიანებს თავიანთი მოწყობილობები მხოლოდ ორი საათის განმავლობაში შეუძლიათ გამოიყენონ, ხოლო რვა წელზე უმცროსებისთვის, შეზღუდვა 40 წუთამდე მცირდება. მოწყობილობები ასევე ზღუდავს ინტერნეტთან წვდომას საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე.
შეზღუდვების ცვლილება მშობლებს სურვილისამებრ შეეძლებათ. Minor Mode-რეჟიმი არ გავრცელდება ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა: გადაუდებელი დახმარების რეჟიმი, საგანმანათლებლო აპლიკაციები და ბავშვებისთვის შესაფერისი სხვა პროგრამები.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ჯერ კიდევ 2019 წელს, ბავშვებისთვის ვიდეოთამაშებით გართობის დროები შეზღუდა, ხოლო 2021 წელს, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, სათამაშო პერიოდზე დამატებითი შეზღუდვები დააწესა: მხოლოდ პარასკევს, შაბათსა და კვირას კვირაში სამი საათით, საღამოს რვა საათიდან ცხრა საათამდე.
ცნობისთვის, გასულ თვეში საკლასო ოთახებში სმარტფონების გამოყენების აკრძალვის რეკომენდაცია გასცა UNESCO-მ. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების ყოველწლიური გლობალური განათლების მონიტორინგის ანგარიშით, სმარტფონებს სასწავლო აქტივობას აფერხებს, რის გამოც ყოველ მეოთხე ქვეყანაში, სკოლებში მოწყობილობების გამოყენება უკვე აკრძალულია.