CNN: მასკმა რუსულ ფლოტზე თავდასხმის აღსაკვეთად ყირიმთან ახლოს Starlink-ი დროებით გათიშა

CNN: მასკმა რუსულ ფლოტზე თავდასხმის აღსაკვეთად ყირიმთან ახლოს Starlink-ი დროებით გათიშა

ამერიკული მედიასააგენტო CNN-ი ილონ მასკის შესახებ კონტროვერსიულ ცნობას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, გასულ წელს ილონ მასკმა საკუთარ ინჟინრებს ყირიმთან ახლოს Starlink-ის დროებით გათიშვა დაავალა, რათა სატელიტური კომუნიკაციები ვერ განხორციელებულიყო და უკრაინული წყალქვეშა დრონი რუსულ ფლოტს თავს არ დასხმოდა. CNN-ის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია ვოლტერ ისააკსონის ახალ წიგნში გვხვდება.

ვოლტერ ისააკსონის ბიოგრაფიული წიგნი, რომელსაც „ილონ მასკი“ ერქმევა ოფიციალურად 12 სექტემბერს გამოიცემა. CNN-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, წიგნში აღნიშნულია, რომ ასაფეთქებლით დატვირთული უკრაინული წყალქვეშა დრონი რუსულ ფლოტთან მიახლოებისას წყობიდან გამოვიდა, კავშირი დაკარგა და ნაპირზე აუფეთქებლად გამოირიყა.

წიგნის ავტორის განმარტებით, ილონ მასკის გადაწყვეტილების მიზანი ოფიციალური მოსკოვის მხრიდან საპასუხო ზომად ბირთვული იარაღის გამოყენების პრევენცია გახლდათ. ავტორი განმარტავს, რომ ბირთვული პასუხის შესაძლებლობაში ილონ მასკი რუსეთის ოფიციალურ პირებთან საუბრის შემდეგ დარწმუნდა. მასკის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია ბოლოს 21 აგვისტოს, The New Yorker-მაც გაავრცელა, რასაც თავად მილიარდერი უარყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ შემთხვევის შემდეგ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა ილონ მასკს დრონების კავშირის აღდგენა სთხოვა.

შეგახსენებთ, მასკმა უკრაინის ტერიტორიის Starlink-ის ქსელით დაფარვა 2022 წელს რუსეთის ქვეყანაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.