აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა სავარაუდოდ რეკომენდებული პირველ ეტაპზე ბავშვებისთვის არ იქნება.
როგორც CDC-ის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში წერია, ფარმაცევტული კომპანიების უმეტესობა, რომლებიც პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ, ტესტირებებს მხოლოდ არაორსულ, ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებზე ატარებენ. ვაქცინების შემოწმებები როგორც მოსალოდნელია ორსულ ქალებსა და ასევე ბავშვებზეც უნდა გავრცელდეს, თუმცა, ჯერ უცნობია როდის ექნებათ საკმარისი მონაცემები მკვლევარებს, რათა მათ თქვან, რომ ვაქცინა ამ ჯგუფებზეც რეკომენდებულია.
როგორც წესი ორსული ქალები და ბავშვები ყველაზე ბოლო ჯგუფია, რომლებზეც მკვლევარები კლინიკურ შემოწმებებს ატარებენ.
ცნობისთვის, კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე კომპანიებს შორის მოწინავე პოზიციებზე არიან AstraZeneca და Moderna. როგორც ეს უკანასკნელი ამბობს, ვაქცინის თავისი კანდიდატის კლინიკურ პედიატრიულ შემოწმებას მიმდინარე წელს დაიწყებს.
როგორც აშშ-ის ჯანდაცვის უწყებებში განაცხადეს, ვაქცინებს პირველ ეტაპზე მიიღებენ სამედიცინო მუშაკები, მოხუცები და ის ადამიანები, რომლებსაც თანმდევი დაავადებები აქვთ. მომდევნო ეტაპზე კი მასწავლებლებს, თავშესაფარში მცხოვრებ პირებს და წინა ხაზზე მომუშავე სხვა ადამიანებს, ასევე პატიმრებს აცრიან.