CR-ის ელექტრომობილების რეიტინგში Ford Mustang Mach-E-მ Tesla Model 3-ს გადაუსწრო

CR-ის ელექტრომობილების რეიტინგში Ford Mustang Mach-E-მ Tesla Model 3-ს გადაუსწრო

2022 წლის საუკეთესო ელექტრომობილების რეიტინგში, რომელსაც კვლევითი ორგანიზაცია Consumer Reports-ი ყოველ წელს აქვეყნებს, Ford Mustang Mach-E-მ გასული ორი წლის საუკეთესო ელექტრომობილს, Tesla Model 3-ს გადაუსწრო. ორგანიზაციის თქმით, ეს გადაწყვეტილება Ford Mustang Mach-E-ის მართვის გამოცდილებამ, სანდოობამ და მანქანაში ჩაშენებულმა დამატებითმა ფუნქციებმა განაპირობეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული ავტომობილების საკულტო მწარმოებელი Ford-ისთვის ეს მძლავრი სტიმული იქნება.

„არასწორად არ გაგვიგოთ, Model 3-ი მშვენიერი არჩევანია და Consumer Reports-ი მას რეკომენდაციას უწევს“, – დაწერა CR-ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, ჯეფ ბარტლეტმა. „თუმცა, ამასთანავე, Mustang Mach-E უაღრესად სპორტული, უფრო პრაქტიკული და მფლობელისთვის ბევრად მარტივი მანქანაა. ამასთანავე, Ford-ი უფრო ჩუმია და უკეთესადაც დადის. დიდი ზომის ჩაშენებული ცენტრალური ეკრანი ორივე მანქანას აქვს, მაგრამ Mach-E-ის ეკრანის გამოყენება უფრო მარტივია: მისი ჩვეულებრივი ფუნქციების, მათ შორის ყინულის გალხობისა და გვერდითა სარკეების დასარეგულირებლად საჭირო ფუნქციონალის გასააქტიურებლად რამდენიმე ნაბიჯის გავლა არ დაგჭირდებათ,  როგორც ეს Tesla-ს შემთხვევაში არის საჭირო“.

აღსანიშნავია, რომ კვლევისას, Consumer Reports-ი საკუთარ მომხმარებლებს კითხვარს უგზავნის, რომლითაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, მანქანების სანდოობისა და მართვის ხარისხს არკვევს. წელს, როგორც ირკვევა, Ford Mustang Mach-E-ის მომხმარებლებმა გაცილებით ნაკლები პრობლემის შესახებ განაცხადეს, ვიდრე Tesla-ს მფლობელებმა, რამაც რეიტინგზე გავლენა მოახდინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *