მრავალწლიანი სასამართლო დავების მიმდინარეობის პერიოდში, წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილის კომპენსაციის სახით 210 მილიონი დოლარი გადაუხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ბანკს არ განუმარტავს უშუალოდ რომელი სასამართლო დავის კომპენსირებაზე გადაიხადა $210 მილიონი, აგრეთვე არ არის ცნობილი ზუსტი პერიოდი, თუ როდის განხორციელდა აღნიშნული ტრანზაქციები.
2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულ ბერმუდულ კომპანია Credit Suisse Life-ს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმე მილიარდერის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილ თაღლითურ სქემას უკავშირდებოდა, რის შესახებაც ბერმუდაში დავა არაერთი წელი გრძელდებოდა.
Bloomberg-ის თანახმად, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა Credit Suisse Life-მა, შესაბამისად ბერმუდის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იწყება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბანკი კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობს.
პარალელურად, სასამართლო დავა გრძელდება სინგაპურშიც.
დავები სინგაპურსა და ბერმუდაში:
სასამართლო მასალების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse-მა სინგაპურში დააფუძნა ტრასტი სახელწოდებით Mandalay Trust-ი, რომელშიც ივანიშვილმა $550 მილიონის დეპოზიტი განათავსა. 2014 წლის დეკემბერში კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი იყო დარჩენილი. ივანიშვილი მიუთითებს, რომ ეს თანხა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის თაღლითობით დაიკარგა, რაზეც პასუხისმგებლობა Credit Suisse-მა უნდა აიღოს.
ბერმუდაში კი დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხებოდა. სასამართლო მასალებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.
2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა სარჩელი ბერმუდის კუნძულების სასამართლოში შეიტანეს.
იქამდე, სანამ საქმე ბერმუდის კუნძულებზე გადაინაცვლებდა, დავა მიმდინარეობდა შვეიცარიულ სასამართლოში, სადაც 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ლესკადრონი აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც ის 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა.
პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.
Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს პოზიცია არ გაიზიარა ბერმუდის სასამართლომ, რომელმაც ბანკს მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.