დამსაქმებლების ბრენდინგი

დამსაქმებლების ბრენდინგი

რატომ არის მნიშვნელოვანი დამსაქმებლებისთვის ბრენდინგი? არის შემთხვევები, როდესაც კომპანიის ფინანსური მენეჯერები სკეპტიკურად უყურებენ ამ მიმართულებით ფულის ხარჯვას. ერთი მხრივ, მათი არგუმენტი, რომ ქვეყანაში, სადაც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით უმუშევრობის დონე 11.8%-ია, კადრების მოძიება და შენარჩუნება არც ისე რთულია, საკმაოდ ლოგიკურია, თუმცა, მეორე მხრივ, ნაკლებად მიმზიდველ დამსაქმებელს ტოპ-ტალანტების მოსაზიდად უფრო მეტის გადახდა უწევს. ტალანტების პოვნა და შენარჩუნება კი პირდაპირ აისახება ბიზნესის კეთილდღეობაზე.

როგორ უნდა შევქმნათ წარმატებული დამსაქმებლის იმიჯი? შიდა იმიჯი კომპანიის თანამშრომლების მიერვე იქმნება და გავლენას ახდენს მათ ჩართულობასა და ნაყოფიერებაზე, გარე იმიჯს კი სხვა პროფესიონალი კანდიდატები და სამუშაოს მაძიებელი სტუდენტები განაპირობებენ.

სტუდენტების აზრით, საუკეთესო დამსაქმებლის გამოსავლენად კომპანია EY საქართველომ 2016 წელს ჩაატარა კვლევა, რომელშიც ქვეყნის 8 წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩაერთო, კერძოდ: თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კვლევა ჩატარდა ელექტრონული კითხვარების შევსების გზით, რომელიც უნივერსიტეტების შიდა საფოსტო სისტემით გავრცელდა. გამოკითხული სტუდენტები სწავლობენ სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, სოციალურ, გამოყენებით და ზუსტ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე.

კვლევის ფარგლებში სტუდენტებს ვთხოვეთ, საქართველოში მოქმედი ის სამი კომპანია დაესახელებინათ, სადაც სურთ მუშაობა და აეხსნათ, რა კრიტერიუმებით აფასებენ მათ, ანუ რა ხიბლავთ ამ კომპანიებში. გარდა ამისა, სტუდენტებს ვკითხეთ, თუ რა წყაროებიდან იღებენ ინფორმაციას კომპანიებისა და არსებული ვაკანსიების შესახებ და რა სირთულეებს აწყდებიან სამუშაოს მოძიების პროცესში.

კვლევის შედეგების თანახმად, სტუდენტებისთვის ყველაზე პოპულარული საბანკო სექტორი აღმოჩნდა. გამოკითხულთა 35% საბანკო სექტორს დასაქმებისთვის ყველაზე მიმზიდველ სექტორად მიიჩნევს სტუდენტების 23% უპირატესობას ანიჭებს საჯარო სექტორში მუშაობას. მესამე ყველაზე მიმზიდველი სექტორია აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურებები. მეოთხე და მეხუთე ადგილები გაინაწილეს სატელეკომუნიკაციო და ნავთობპროდუქტების სექტორებმა. ამავდროულად, სტუდენტებისთვის ყველაზე ნაკლებად პოპულარული ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ფარმაცევტული და იურიდიული სექტორები აღმოჩნდა.

სასურველი დამსაქმებლები

დასახელდა 200-მდე კომპანია. გთავაზობთ ყველაზე ხშირად დასახალებული კომპანიების ათეულს ანბანური თანრიგით.

ბიპი

ვისოლ ჯგუფი

თიბისი ბანკი

კომპანია ა*

კომპანია ბ*

კომპანია გ*

მაგთიკომი

საქართველოს ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

ჯეოსელი

* „დიდი ოთხეულის“ ერთ-ერთი აუდიტორული კომპანია

წყარო: EY_საუკეთესო დამსაქმებლის გამოსავლენი კვლევა, 2016 

კარიერული და პროფესიული ზრდა თუ ფულადი კომპენსაცია?

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სტუდენტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერული ზრდის შესაძლებლობებია. ამ კრიტერიუმს სტუდენტების 84% ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მას მოჰყვება ინდივიდუალური და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა, სამუშაო პირობები და ხელფასების დონე. ყველაზე ნაკლებ ყურადღებას სტუდენტები ოფიციალურ შრომით ურთიერთობებს, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და დამატებით სარგებელს აქცევენ.

კვლევის ფარგლებში სტუდენტებს ასევე ვკითხეთ, თუ რა წყაროებს იყენებენ კომპანიების, მათი საქმიანობისა და გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. პასუხების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ინფორმაციის მიღების ყველაზე გავრცელებული საშუალება ინტერნეტწყაროებია. მათგან სტუდენტები გამოარჩევენ დასაქმების ვებგვერდებს, სოციალურ ქსელებსა და კომპანიების კორპორაციულ ვებგვერდებს. სტუდენტების 54% ინფორმაციას იღებს მეგობრებისა და ნათესავებისგან, რომლებიც კომპანიის ამჟამინდელი ან ყოფილი თანამშრომლები არიან. ინფორმაციის მისაღებად სტუდენტები ყველაზე იშვიათად სტუდენტურ ორგანიზაციებსა და რეკრუტინგულ კომპანიებს მიმართავენ.

სამუშაოს ძიების პროცესში სტუდენტებს ყველაზე დიდ სირთულეს სამუშაო გამოცდილების ნაკლებობა უქმნის. სტუდენტები ასევე პრობლემურად მიიჩნევენ დასაქმების არადამაკმაყოფილებელ პირობებს, მათ შორის ხელფასის დაბალ დონეს, მოქნილი გრაფიკის არარსებობას, მაღალ სამუშაო დატვირთვას და ა.შ. ეს ფაქტორები კი ხელს უშლის სწავლისა და მუშაობის შეთავსებას. მათი აზრით, ბაზარზე შეინიშნება სპეციალობის შესაბამისი ვაკანსიების ნაკლებობა და მათ უჭირთ პროფესიის შესაბამისი სამსახურის მოძებნა.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1100-ზე მეტმა სტუდენტმა, ხოლო საბოლოო ანალიზისთვის გამოყენებულ იქნა 500-მდე სრულად შევსებული კითხვარი. დაინტერესებულ კომპანიებს შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია რეიტინგში მათი პოზიციის შესახებ და იმ კრიტერიუმების თაობაზე, რომლებიც სტუდენტებმა ამ კონკრეტულ კომპანიასთან მიმართებით დაასახელეს. ინფორმაციის გაფილტვრა შესაძლებელია სქესის, უნივერსიტეტის, სწავლების კურსის, მიმართულების, სამუშაო გამოცდილების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და სხვა კრიტერიუმის მიხედვით.

კომპანია EY საქართველო მადლობას უხდის მონაწილე უნივერსიტეტებს და მათ სტუდენტებს თანამშრომლობისა და გაწეული დახმარებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც შევძლებთ მსგავსი კვლევების ჩატარებას და შედეგების Forbes-ის მკითხველისთვის გაზიარებას.