DeepSeek-ი აშშ-ისთვის ეროვნული უშიშროების საფრთხეს წარმოადგენს - წარმომადგენლობითი პალატა

DeepSeek-ი აშშ-ისთვის ეროვნული უშიშროების საფრთხეს წარმოადგენს - წარმომადგენლობითი პალატა

ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებით შექმნილ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის კომიტეტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჩინური ხელოვნური ინტელექტი DeepSeek-ი თავს მხოლოდ მორიგ ჩატბოტად წარმოაჩენს, სინამდვილეში კი ჩინეთის მთავრობისთვის ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებს აგროვებს.

კომიტეტის თანახმად, აღნიშნული ხელოვნური ინტელექტი აშშ-ის ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. კომიტეტის განმარტებით, DeepSeek-ის დამფუძნებელი ლიან უენფენგი კომპანიას ერთიან ეკოსისტემაში მართავს, რომელსაც კავშირი აქვს სახელმწიფოსთან აფილირებულ მოწყობილობებთან და ჩინურ კვლევით ინსტიტუტ Zhejiang Lab-თან.

კომიტეტის ანგარიშში მოხმობილია OpenAI-ის ჩვენებაც, რომელმაც კომისიას განუცხადა, რომ DeepSeek-ი AI-მოდელების მომზადებისას სავარაუდოდ არაკანონიერ ტექნიკას იყენებდა, DeepSeek-ის თანამშრომლებმა კი გვერდი აუარეს რეგულატორთა შეზღუდვებს, რათა მოდელის უფრო დაბალი დანახარჯებით განვითარება დაეჩქარებინათ.

გარდა ამისა, კომიტეტის ანგარიშის თანახმად, DeepSeek-ის საძიებო შედეგები სრულადაა თანხვდენილი ჩინეთის მთავრობის პროპაგანდასთან, მოდელის დასახვეწად კი გამოყენებულია Nvidia-ს ჩიპები, რომელთა ექსპორტიც აკრძალულია. საინტერესოა, რომ Nvidia-ს მიერ CNBC-ისთვის იანვარში მიცემული კომენტარის თანახმად, DeepSeek-ის მიერ გამოყენებული მათი ნახევარგამტარები სრულადაა თანხვდენილი ექსპორტის კონტროლის მოთხოვნებთან.

ცნობისათვის, აშშ-ის სამთავრობო უწყებებმა საკუთარ თანამშრომლებს სამთავრობო მოწყობილობებზე DeepSeek-ის გამოყენება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა.