ჩეხეთის რესპუბლიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. ამ მიზნით, 19-22 აპრილს საქართველოში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი განხორციელდება, რომლის შემადგენლობაშიც ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიკაელა მარკსოვა-ტომინოვა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იან სლივა და მათი გუნდის წევრები შედიან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგებთან და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ადგილზე გაეცნობა ჩეხეთის მხარის დახმარებით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს.
დღეს, 19 აპრილს, სააგენტოს დელეგაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ურთიერთგაგების ორ მემორანდუმს გააფორმებს. მემორანდუმები გულისხმობს თანამშრომლობას ორი პროექტის ფარგლებში, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსური დახმარებით განხორციელდა საქართველოში: „გზა სახლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოზარდთა განვითარების ალტერნატიული სოციალური სერვისის შექმნას (მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 780 000 ევრო) და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის გაძლიერებას საქართველოში (მთლიანი ბიუჯეტი 1 233 000 ევრო).
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე დაესწრება მეფუტკრეობის მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრის გახსნის ცერემონიას და ეწვევა რუხისა და ბათუმის საავადმყოფოებს აჭარაში. რუხისა და ბათუმის ახალაშენებული საავადმყოფოები თანამედროვე ტექნიკით ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით აღიჭურვა.
დელეგაცია ასევე ეწვევა ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრს, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასის“ მიერ აშენდა და აღიჭურვა.
დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის დასასრულს ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. მემორანდუმი ითვალისწინებს ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებასა და ბათუმის ყოფილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის რეაბილიტაციისთვის მხარდაჭერის კუთხით თანამშრომლობას.