Disney-ის აღმასრულებელი დირექტორი ბობ აიგერი მოულოდნელად გადადგა. შესაბამისი განცხადება კომპანიამ გამოაქვეყნა. The Walt Disney Co-მ აიგერის შემცვლელად ბობ ჩაპეკი დაასახელა, რომელსაც ბოლო დროს Disney-ში ერთ-ერთი წამყვანი პოსტი ეკავა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აიგერი დარჩება Disney-ში და კომპანიის კრეატიულ განვითარებაზე იზრუნებს, მის კონტრაქტს ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდე აქვს.
“იქიდან გამომდინარე, რომ Disney-ის მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესების წარმატებული გაშვება და Twenty-First Century Fox-ის ინტეგრაცია კარგად მიმდინარეობს, ვფიქრობ, ოპტიმალური დროა ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა შემცვალოს”, – განაცხადა აიგერმა. მისივე თქმით, მას უდიდესი ნდობა აქვს ჩაპეკის მიმართ და მოუთმენლად ელოდება მასთან თანამშრომლობას მომდევნო 22 თვის მანძილზე.
თავის მხრივ, ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისთვის პატივია მსოფლიოს უდიდეს კომპანიაში აღნიშნული პოზიციის დაკავება, – “ბობ აიგერმა Disney-ი აქცია ყველაზე საოცარ და წარმატებულ მედია და გასართობ კომპანიად და მე ბენიერი ვიყავი, რომ მისი გუნდის წინა რიგებში ერთი ადგილი მეკავა”, – განაცხადა ჩაპეკმა.
ბობ აიგერი The Walt Disney Company-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2005 წლიდან იკავებდა. Associated Press-ის ცნობით, მას შემდეგ რაც იგი CEO გახდა, Disney-ის ფასი ხუთჯერ გაიზარდა. თუმცა, მას შემდეგ რაც აიგერმა გადადგომის შესახებ განაცხადა, საფონდო ბირჟაზე კომპანიის ღირებულება დაახლოებით 2%-ით დაეცა.
69 წლის ბობ აიგერი 2018 წელს რიგით მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO იყო. მან $65.6 მლნ გამოიმუშავა. მას ამ მხრივ რეიტინგში უსწრებდა Discovery-ის CEO დევიდ ზასლავი, რომელმაც $129.5 მლნ გამოიმუშავა.