დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს 

დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს 

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე არის ნომინირებული. ნომინაციაზე პრეზიდენტი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში შესრულებული როლისთვის, ნორვეგიის პარლამენტის მემარჯვენე ფრთის წევრმა, კრისტიან თიბრინგ გიედემ წარადგინა. ცნობისთვის, თიბრინგ გიედეს 2006 წელს ნომინირებული ჰყავს ისლამის კრიტიკოსი აიან გირსი ალიც. 

ნომინაციების წარდგენა გამოჩენილ კანონმდებლებს, თანამდებობის პირებს, აკადემიკოსებს და ნობელის ყოფილ ლაურეატებს შეუძლიათ. კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 1 თებერვალია, რის შემდეგაც ნობელის კომიტეტი შეისწავლის კანდიდატების შრომას და მარტისთვის შემოკლებულ სიას გამოაქვეყნებს. მარტსა და აგვისტოს შორის პერიოდში შემოკლებულ სიას კიდევ გადაავლებენ თვალს, ოქტომბერში კი ნობელის კომიტეტში ხმათა უმრავლესობით გამარჯვებულიც ვლინდება. კომიტეტი მხოლოდ გამარჯვებულის ვინაობას ასახელებს, სხვა კანდიდატების ვინაობა კი 50 წლის შემდეგ ხდება ცნობილი. 

აღსანიშნავია, რომ ტრამპი ნორვეგიელმა დეპუტატმა 2018 წელსაც წარადგინა ნობელის მშვიდობის პრემიაზე, მაშინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან გამართული სამიტის გამო. თუმცა, იმ წელს პრიზი კონგოელ ექიმს დენის მუკვეგესა და ერაყელ აქტივისტს ნადია მურადს გადასცეს. 

ტრამპის წინამორბედს, ბარაკ ობამას აღნიშნული პრემია 2009 წელს აქვს მიღებული. 2019 წელს ტრამპმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა: “მე ძალიან ბევრი რამისთვის მივიღებ ნობელის მშვიდობის პრემიას, თუ ასე მარტივად გასცემენ მას, ობამას წარმოდგენა არ ჰქონდა, რისთვის მისცეს ეს პრემია”.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.