EBRD: ინფრასტრუქტურა ეკონომიკური ზრდის ერთ–ერთი მამოძრავებელი ძალაა

EBRD: ინფრასტრუქტურა ეკონომიკური ზრდის ერთ–ერთი მამოძრავებელი ძალაა

ინტერვიუ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მდგრადი განვითარების ჯგუფის მმართველ დირექტორ ნანდიტა ფარშადთან.

თქვენი აზრით რამდენად უწყობს ხელს ინფრასტრუქტურაში ინვესტირება მდგრად განვითარებას და ზრდას? ვსაუბრობ არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ გლობალურად...

ინფრასტრუქტურა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა და მოსახლეობისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესების გზაა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებისას შესაძლოა იფიქროთ თუ რატომ ვაკეთებთ ამას, რადგან ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტებია. თუმცა გრძელვადიან პერიოდში თქვენ დაინახავთ შედეგს: რეგიონალური ინტეგრაცია, ვაჭრობა, დასაქმება და რაც მთავარია ხელმისაწვდომობა, ხელმისაწვდომობა ცხოვრების მაღალ სტანდარტებზე.

თქვენ მდგრადი ინფრასტრუქტურული ზრდის ჯგუფის ხელმძღვანელი ხართ. შეგვიძლია ვთქვათ რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არაფერს ნიშნავს თუ ის არ იქნება მდგრადი, რომელიც თავის მხრივ გახდება ლოკომოტივი ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის?

ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების ჯგუფი მიმდინარე წლის დასაწყისში შევქმენით, რადგან გადავწყვიტეთ, რომ ენერგეტიკული და  ინფრასტრუქტურული ბიზნესები ერთ ჯგუფში მოგვექცია. ჩვენ დავინახეთ ამ ორი სექტორის გაერთიანების აუცილებლობა, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც ჩვენ წინაშეა ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება და გარემოს დაცვითი საკითხები. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ისეთ ინფრასტრუქტურაზე, რომლითაც არ ხდება ნახშირბადის გამოყოფა. მათ შორის ენერგეტიკულ პროექტებში. თბილისი ამის კარგი მაგალითია, რადგან ჩვენ აქ ელექტროძრავზე მომუშავე ავტობუსები შემოვიყვანეთ. ამ ავტობუსებს ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ მწვანე ავტობუსები. საქართველოში ელექტროენერგიის მიღების წყარო არის მწვანე. ბუნებრივია ყველა ინფრასტრუქტურა მწვანე ვერ იქნება, თუმცა გვსურს რომ მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდეს. 

ეს არ ეხება მხოლოდ ელექტროსადგურებს და სხვა სახის ინფრასტრუქტურას, ეს ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც, რაც სისტემური თავის ტკივილია ბევრი ქვეყნის მთავრობისთვის. ამ კუთხით EBRD-ს საკმაოდ საინტერესო პროექტი აქვს საქართველოში, ვგულისხმობ “მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმას”. როგორია ამ კუთხით დღეს საქართველოს სტატუსი და როგორ მიმდინარეობს პროგრამა? 

ინვესტირება ქალაქებში არის ერთ–ერთი გზა იმისთვის რომ ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებებს, ჰაერის დაბინძურებას, გარემოს დეგრადაციას.  ნახშირბადის ემისიის 70% ქალაქებიდან მოდის.  ასე რომ თუ გვსურს გავაუმჯობესოთ მოსახლეობის ცხოვრების დონე ინვესტირება უნდა მოვახდინოთ ქალაქებში, რადგან ისეთი საკითხები როგორიცაა მაგალითად ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. EBRD საკმაოდ დიდ აქცენტს აკეთებს ქალაქების გამწვანების მიმართულებით. მწვანე ქალაქების შესახებ პროექტი კი პირველად საპილოტე რეჟიმში თბილისში დაიწყო. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმას ხელი 2017 წელს მოვაწერეთ. გეგმის ფარგლებში 33 პროექტი იყო გათვალისწინებული, მათგან 13 კი განხორციელების პროცესშია. მწვანე ქალაქის პროექტს შეუერთდა ბათუმი, ამჯერად ვმუშაობთ ქუთაისზეც, რომელიც შესაძლოა მესამე მწვანე ქალაქი გახდეს საქართველოში. EBRD-ს დღეს რეგიონის მასშტაბით მსგავსი ხელშეკრულება უკვე 30 ქალაქთან აქვს გაფორმებული. მაგრამ თბილისი ჩვენთვის რჩება სამაგილითოდ. ივლისში ლონდონში დიდ ღონისძიებას ვმართავთ, კლიმატის კვირეულის ფარგლებში. ვიმედოვნებთ რომ თბილისიდანაც გვეყოლება გუნდი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას გააცნობს, თუ რა ღონისძიებები გაატარა თბილისმა. 

არის სხვა პროექტები რომელზეც EBRD-ის გუნდი და საქართველოს წარმომადგენლობა ერთობლივად მუშაობენ? 

რა თქმა უნდა. მინდა გითხრათ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში უკვე მილიარდი დოლარი გვექნება ინვესტირებული. ეს ძლიან კარგი სტარტია, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. საკითხები, რომელზეც აქცენტს ვაკეთებთ შემდეგია: ელექტროსადგურების რეაბილიტაცია, განახლებადი ენერგია, წყლის მენეჯმენტი, საქართველოში კვლავ არაერთი რეგიონია რომლებსაც ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა სჭირდებათ. ერთ ერთი სექტორია საგზაო ინფრასტრუქტურა, ჩვენ ინვესტირებას ვახდენთ როგორც არსებული გზების რეაბილიტაციაში, ასევე ახალი დერეფნების განვითარებაში. ასე რომ, მომდევნო წლებში საკმაოდ ბევრ სექტორში ვგეგმავთ ინვესტირებას. 

EBRD საქართველოში მონაწილეობს დარიალის პროექტის განხორციელებაში. ელექტროსადგურების მშენებლობის და გარემოსდაცვითი საკითხები ყოველთვის სენსიტიურია. სად არის ოქროს შუალედი, რომელსაც საქართველო უნდა გაყვეს, იმისთვის რომ ერთის მხრივ გამოიყენოს რესურსები, ხოლო მეორეს მხრივ შეინარჩუნოს გარემო. ჩემი პირადი მოსაზრებით, ჩვენ ჰიდროელექტროსადგურების აშენებაზე უარი არ უნდა ვთქვათ. შესაძლოა ვცდები… 

მე ცოტა ხნის წინ მოვინახულე დარიალის პროექტი. სასესხო ხელშეკრულებას ხელი 5 წლის წინ მოვაწერეთ, თუმცა აქამდე დარიალის პროექტი ნანახი არ მქონდა. დარიალი არის ძალიან კარგი მაგალითი იმის თუ როგორ უნდა განახორციელოთ გარემოსადმი მეგობრული, მდგრადი და განვითარებადი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. დარიალი იყო პირველი ჰიდროელექტროსადგური ნულოვანი ნახშირბადის გამოყოფის კუთხით მსოფლიოში. ასე რომ დარიალჰესი რჩება ჩვენს ერთ–ერთ ყველაზე საამაყო პროექტად. ჩვენ ადგილზე ვნახეთ ახლადდარგული ხეები, ვნახეთ ახლადაშენებული ტაძარი. ვნახეთ რომ პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტის შემოსავლები გაორმაგდა, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა. ამაღლდა კვალიფიკაცია – სტუდენტები ჩამოდიან და სწავლობენ პროექტის სპეციფიკას. დარიალის არის საუკეთესო მაგალითი იმის თუ როგორ უნდა განახორციელო პროექტი, ისე რომ შეინარჩუნო გარემო პირობები და მიიღო სარგებელი. 

თქვენი პროექტების ფარგლებში კიდევე ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა პორტები. საქართველო მუშაობს მესამე პორტის – ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაზე. როგორც ვიცით EBRD ჩართულია ამ პროექტში. გაქვთ თუ არა კვლავ ინტერესი ისეთ პროექტებში მონაწილეობის, როგორიც არის პორტები და მათ შორის ანაკლიის პორტი?

საქართველოს პორტები ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისში ყოფნისას გამახსენდა თუ რა მნიშვნელოვანი როლი ეკავა საქართველოს აბრეშუმის გზაზე. საქართველო გლობალური ინტეგრაციისა და ვაჭრობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ადგილზეა, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა უნიკალურია. საქართველოს ზღვაზე წვდომა მნიშვნელოვანია არამხოლოდ თქვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის განვითარებისთვისაც. თქვენ გყავთ მეზობლები, რომლებსაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი. ასე რომ ღრმაწყლოვან პორტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. ეს არის ის სფერო რომლის მხარდაჭერაც გვსურს. რაც შეეხება უშუალოდ ანაკლიას, დიახ მართალი ხართ – ჩვენ ჩართულები ვართ ამ პროექტში. ამჯერად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ვაკვირდებით გახდება თუ არა ეს პროექტი ბანკებისთვის მიმზიდველი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *