ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გასულ თვეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული თურქეთის რეგიონისთვის ფინანსური დახმარების სახით, მომავალი ორი წლის განმავლობაში, 1.5 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
EBRD-ის პაკეტი მოიცავს 600 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზებს ადგილობრივი ბანკებისთვის მიწისძვრის შედეგად უშუალოდ დაზარალებული ბიზნესებისა და ფიზიკური პირების დასახმარებლად. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსები ასევე მოხმარდება მიწოდების ჯაჭვების, მათ შორის სარკინიგზო კავშირების აღდგენას დაზარალებულ რეგიონსა და ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიას შორის.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 50,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, რეგიონისთვის მიყენებული პირდაპირი ზიანი დაახლოებით $34 მილიარდს შეადგენს, ხოლო რეკონსტრუქციის ხარჯებმა შესაძლოა, ამ მაჩვენებელს ორჯერ გადააჭარბოს.