ეგვიპტის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის კომერციულ ბანკებს მომხმარებლებისთვის უცხოური ვალუტის საკრედიტო ბარათების გამოყენებაზე შეზღუდვის დაწესება მოსთხოვა. აკრძალვა შეეხება უცხოურ ვალუტაში როგორც შიდა, ასევე საზღვარგარეთის ტრანზაქციებსაც.
მანამდე, გასულ კვირას, ეგვიპტის ცენტრალურმა ბანკმა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ შესყიდვების განხორციელებისას, ბანკებს ეგვიპტური გირვანქა სტერლინგის სადებეტო ბარათების გამოყენების აკრძალვის მოთხოვნით მიმართა. ბანკმა გადაწყვეტილება ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინების შეჩერების მიზნით მიიღო.
ახლა კი, ბანკის მიერ გაცემული სიტყვიერი ინსტრუქციების შედეგად, შეზღუდვები უკვე საკრედიტო ბარათებზეც გავრცელდება. არსებული ინფორმაციით, შიდა ტრანზაქციებისთვის ლიმიტად $250-ის ეკვივალენტი დაწესდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ სპეკულანტთა გარკვეული ნაწილი ამ ბარათებს, საზღვარგარეთიდან ნაღდი ფულის მოხსნის მიზნით, მოგზაურობის გარეშეც კი იყენებს, ბანკებისთვის გაიცა რეკომენდაცია, დააწესონ და გაააქტიურონ საკრედიტო ლიმიტი“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის პრესრელიზში. ბანკის მონაცემებით, კაიროში, საკრედიტო ბარათების გამოყენების 70% სწორედ საზღვარგარეთიდან შესყიდვებზე მოდის.
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ეგვიპტე უცხოური ვალუტის დეფიციტს განიცდის. ქვეყანა მარტის შემდეგ დოლართან მიმართებით ფიქსირებულ სავალუტო კურსს ინარჩუნებს. როგორც სადებეტო, ასევე საკრედიტო ბარათის ტრანზაქციისთვის დოლართან მიმართებით ოფიციალური კურსი 31 გირვანქას უდრის, ხოლო შავ ბაზარზე დაახლოებით 40-41 გირვანქა სტერლინგს.