ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირა დაგეგმილი ეკონომიკური ღონისძიებების კუთხით ნაკლებად დატვირთული იქნება, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატისტიკური ეკონომიკური მაჩვენებლის გამოქვეყნებას უნდა ველოდოთ. მაგალითად, ევროზონა სამშაბათს ინფლაციის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. როგორც ცნობილია, ევროზონაში ევროპის ცენტრალური ბანკის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს ინფლაცია ნელ-ნელა უახლოვდება, თუმცა, როგორც ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, დროებითია.

გასულ კვირას ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ფილიპ ლეინმა განაცხადა, რომ ბაზარს წლები დასჭირდება იმისათვის, რომ კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდეს. მისივე თქმით, ეკონომიკური აღდგენის უზრუნველსაყოფად მასტიმულირებელი პროგრამები კვლავ საჭიროა.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას „OPEC+“-ის წევრი ქვეყნები შეიკრიბებიან და ნავთობზე მოთხოვნის ცვლილების საკითხს განიხილავენ. ბოლო გადაწყვეტილების მიხედვით, ორგანიზაციის წევრმა და მათმა მოკავშირე ქვეყნებმა წარმოების დღიური ლიმიტი გაზარდეს. როგორც მოსალოდნელია, ამ კვირის შეხვედრისას  წარმოების ლიმიტს კიდევ გაზრდიან, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნა იზრდება და მოლოდინები დადებითია.

რაც შეეხება მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რასაც მიმდინარე კვირას მსოფლიო მასშტაბით უნდა ველოდოთ:

შვეიცარიასა და გერმანიაში აპრილის რიტეილ-გაყიდვების მაჩვენებელს გამოაქვეყნებენ, გარდა ამისა, გერმანიაში მაისის უმუშევრობის დონე გახდება ცნობილი. კანადაში, იტალიასა და შვეიცარიაში კი პირველი კვარტალის მშპ-ის მაჩვენებელს გაასაჯაროებენ. რიტეილ-გაყიდვების აპრილის მონაცემს რუსეთიც გამოაქვეყნებს. რუსეთში უმუშევრობის განახლებული დონე და ხელფასების ზრდის მაჩვენებელიც გახდება ცნობილი.

რაც შეეხება საქართველოს, 31 მაისს გამოქვეყნდება ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, აპრილის ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები; 3 ივნისს გამოაქვეყნებენ მაისის სამომხმარებლო ფასების ინდექსს, 4 ივნისს კი 2021 წლის პირველი კვარტალის საწარმოთა საქმიანობის შედეგებს (პროდუქციის გამოშვება, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვა) და ასევე მარტის ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.