გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირა არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. ერთ-ერთი სიახლე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით თიბისი ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ბანკის ინიციატივით, 2022 წლის 21 აპრილიდან, თიბისის ფილიალებში, არასამუშაო საათებში, განათება შემცირდება. რესურსების დაზოგვა კი დადებით გავლენას მოახდენს გარემოზე.

რაც შეეხება მსოფლიოს, ამ მხრივ აღსანიშნავი სინგაპურისა და ახალი ზელანდიის გადაწყვეტილებაა, რომელიც ერთიანი ძალისხმევით კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლასა და მწვანე ტექნოლოგიების განვითარებას ითვალისწინებს. უნდა ვახსენოთ ჩინეთიც, რომელმაც გასულ კვირაში გარემოზე მეტად ეკონომიკაზე იფიქრა და ქვანახშირის ენერგიის გამოყენების ზრდა გადაწყვიტა. ვინაიდან ჩინეთი ემისიებით მსოფლიოს უმსხვილესი დამაბინძურებელია, ყოველი მისი ნაბიჯი შესაძლოა, გლობალური ზემოქმედების მიზეზი გახდეს.

ამ ყველაფერთან ერთად კი გასულ კვირას რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევაც გამოქვეყნდა, რომლებიც 2021 წელს, ჩრდილოეთ რეგიონებში, ტყეების რეკორდული დანაკარგისა და კლიმატური ცვლილების გამო ახალი ვირუსების გაჩენის შესახებ გვაფრთხილებს. ზემოთ განხილულ სიახლეებთან ერთად მიმდინარე კვირის Forbes Green-იდან Mercedes-Benz-ისა და Shell-ის ახალ გადაწყვეტილებებსაც შეიტყობთ.

თიბისი დედამიწის დღეს ენერგოეფექტიანობის ინიციატივით უერთდება

თიბისი დედამიწის დღეს ენერგოეფექტიანობის ინიციატივით უერთდება. კომპანიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 21 აპრილიდან თიბისის ფილიალებში, არასამუშაო საათებში, განათება შემცირდება. შედეგად, კომპანია დაზოგავს რესურსებს, რაც  დადებით გავლენას მოახდენს გარემოზე.

მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის 134 ფილიალში, არასამუშაო საათებში, განათების ოპტიმიზაციით, კომპანია 120 000 კვტ.ს ელექტროენერგიას დაზოგავს. შედეგად, თიბისი წლიურად გამოფრქვევებს 23 400 კგ. ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტით შეამცირებს.  აღნიშნული რაოდენობა იმ გამონაბოლქვის რაოდენობის ტოლფასია, რომელსაც დიზელის ძრავაზე მომუშავე ერთი ავტომობილი 140 400 კმ-ის გავლის შედეგად გამოაფრქვევს.

დედამიწის დღე მსოფლიოში 1970 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება და მას 174 ქვეყანაში, 17 000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. პლანეტის დაცვისთვის განხორციელებულ აქტივობებში მილიარდზე მეტი ადამიანია ჩართული.

დედამიწის დღე გარემოზე ზრუნვასა და მის დაცვასთან დაკავშირებულ ქმედებებს ეძღვნება,  რომლებიც ჯანმრთელი, უსაფრთხო, ეკოლოგიური გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად. მსოფლიოში ეს დღე სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღინიშნება, როგორიცაა: ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების დასუფთავება, სხვადასხვა რესურსის მოხმარების შემცირება და სხვა.

სინგაპური და ახალი ზელანდია კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდებიან

კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად და მწვანე ტექნოლოგიების განსავითარებლად სინგაპური და ახალი ზელანდია გაერთიანდნენ. ქვეყნების პრემიერ-მინისტრების განცხადებით, გაფართოებული თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფოებში მწვანე და დაბალი ნახშირბადის ტექნოლოგიები დაინერგება.

როგორც ახალი ზელანდიის პრემიერი აცხადებს, კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რისი გაკეთებაც სახელმწიფოებს მარტო არ შეუძლიათ. ერთიანი ძალებით, ორივე ქვეყანა ენერგიის გარდამავალი ტექნოლოგიების, ნახშირბადის ბაზრების, მდგრადი ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე იმუშავებს.

მინისტრების განცხადებით, თანამშრომლობის ახალი კულტურა ქვეყნების მიერ პარიზის ხელშეკრულებით აღებული ერთობლივი ვალდებულების განხორციელებას გულისხმობს, ერთობლივი მუშაობა კი მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს. ქვეყნების ლიდერები თვლიან, რომ მსოფლიო კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ მოქმედების ეპოქაში შევიდა, რის გამოც ნახშირბადის მაღალი გამონაბოლქვის ტექნოლოგიების გამოყენების მიდგომა უნდა შემცირდეს და ეს არამხოლოდ საჯარო, კერძო სექტორსაც უნდა შეეხოს.

ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საკითხიც განიხილეს და რუსეთის მოქმედება დაგმეს. გარდა ამისა, ქვეყნებმა იმედი გამოთქვეს, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში სტაბილურობა შენარჩუნდება და უკრაინაში მიმდინარე საომარი ქმედებები სიტუაციას არ გაამწვავებს.

ჩინეთი ქვანახშირის ენერგიის გამოყენების ზრდას გეგმავს

ჩინეთი ქვანახშირის ენერგიის გამოყენების ზრდას გეგმავს, რაც ქვეყანას ეკონომიკური განვითარების ზრდაში დაეხმარება. თუმცა ჩინეთის ახალმა გადაწყვეტილებამ მისი კლიმატური მიზნები შესაძლოა, უკან დახიოს.

ჩინეთის ოფიციალური გეგმით, მიმდინარე წელს ქვანახშირის წარმოების სიმძლავრე 300 მილიონი ტონით გაიზრდება, რაც გასული წლის მთლიანი წარმოების (4.1 მილიარდი ტონა) 7%-ით ზრდას უდრის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქარისა და მზის ენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორიცააა, თუმცა გასულ წელს ეკონომიკური ზრდის შემცირებისა და ქარხნების გათიშვის შედეგად, ქვეყნის ლიდერებმა ქვანახშირის ენერგიის გამოყენების ზრდა მოითხოვეს. ამას დაერთო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაც, რის შედეგადაც საზღვარგარეთიდან ნავთობისა და ქვანახშირის მიწოდების შეფერხების რისკები გაიზარდა.

კაბინეტის ოფიციალური წევრების განცხადებით, ქვანახშირი ქვეყნის „ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“ უმნიშვნელოვანესია. 20 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, კაბინეტის წევრებმა ქვანახშირის წარმოების გაფართოების გეგმებიც განიხილეს.

ჩინეთი ქვანახშირის წამყვანი მწარმოებელი და მომხმარებელია. შესაბამისად, გლობალური ტენდენციები დიდწილად სწორედ ჩინეთის კლიმატურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ კომუნისტურმა პარტიამ უარი თქვა ემისიების ვალდებულებებზე, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საჭიროებით ახსნა. ასევე არ შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებიც ქვანახშირზე მომუშავე ელექტროენერგიის შეწყვეტას ეტაპობრივად გეგმავენ. ჩინეთი 2030 წლამდე ნახშირბადის ემისიების პიკს მიაღწევს, 2060 წლისთვის კი ქვეყანას ნახშირბადნეიტრალიტეტის მოპოვება სურს.

World Resources Institute-ის ცნობით, ამჟამად ჩინეთზე გლობალური ემისიების 26.1% მოდის, რაც  ორჯერ აღემატება კიდევ ერთი უმსხვილესი დამბინძურებლის, ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებს (12.8%).

Shell-მა ინდოეთის განახლებადი ენერგიის ფირმა Sprng Energy $1.55 მილიარდად შეიძინა

Shell-მა ინდოეთის განახლებადი ენერგიის ფირმა Sprng Energy-ის $1.55 მილიარდად შეძენა გადაწყვიტა. ენერგოკომპანია დაბალი ნახშირბადის გამომუშავების ზრდასა და ნავთობისა და გაზის წარმოებისგან ჩამოშორებას გეგმავს.

REUTERS/Leonhard Foeger

Shell-ი, გაერთიანებული სამეფოს ინვესტორ Actis-ისგან, Sprng Energy ჯგუფის კომპანია Solenergi Power Private Limited-ის 100%-იან წილს შეიძენს. Sprng Energy ინდოეთში არსებულ სადისტრიბუციო კომპანიებს მზისა და ქარის ენერგიით უზრუნველყოფს. ინდოეთის განახლებად და ენერგოსექტორს, უახლოეს ათწლეულებში, წამყვან მზარდ ბაზრად გადაქცევის პოტენციალი აქვს.

Sprng Energy-ის პორტფელი 2.9 გიგავატი პიკის აქტივებისგან და 7.5 გიგავატი პიკის განახლებადი ენერგიის პროექტებისგან შედგება. შეთანხმების შედეგად, Shell-ის ოპერაციების ამჟამინდელი სიმძლავრე გასამმაგდება. საბოლოო შეთანხმება კომპანიებს შორის სავარაუდოდ წლის ბოლომდე დაიდება. არსებული მონაცემებით, Shell-ის განახლებადი ენერგიის გამომუშავების სიმძლავრე 4.7 გიგავატს უდრის. სამომავლო პროექტებში მილსადენის სიმძლავრე 38 გიგავატითაა განსაზღვრული.

ლონდონში დაარსებული კომპანია 2050 წლისთვის სათბური ემისიების ნულოვან ნიშნულამდე დაყვანას გეგმავს. ინდოეთის განახლებად და ენერგოსექტორში ინვესტიციები სხვა საერთაშორისო ენერგოკომპანიებმაც განახორციელეს. მათ შორის არიან BP და TotalEnergies-ი, რომლებიც Adani Green Energy-ის 20%-იანი წილის მფლობელები არიან.

Mercedes-Benz-ი 2030 წლისთვის CO2-ის ემისიებს გაანახევრებს

Mercedes-Benz-ის განცხადებით, კომპანიის მხრიდან 2030 წლისთვის CO2-ის ემისიების განახევრება იგეგმება.  გერმანული ავტომწარმოებლის მიზანი 2039 წლისთვის CO2-ნეიტრალურობის მიღწევაა.

REUTERS/Athit Perawongmetha

კომპანიას სურს, 2030 წლისთვის წარმოებისთვის საჭირო ენერგიის 70%-ს განახლებადი ენერგია შეადგენდეს. მიმდინარე მონაცემებით, განახლებადი ენერგიის წილი მხოლოდ 45-50%-ია. განახლებადი ენერგიის დაახლოებით 15% მზისა და ქარის ქარხნებზე უნდა მოდიოდეს, რომლებიც მდებარეობს ან დაკავშირებულია Mercedes-Benz-ის საკუთრებაში არსებულ ობიექტებთან.

Mercedes-Benz-ისთვის დარჩენილი საჭირო ენერგიის რაოდენობას ე.წ. ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება (PPAs) უზრუნველყოფს. ხელშეკრულების ფარგლებში, ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის, გარკვეული რაოდენობის ენერგიის გამომუშავების ღირებულების გადახდა რამდენიმე წლის განმავლობაში დადგენილ ფასად ხდება. Mercedes-Benz-ი PPA-ის საშუალებით დამატებითი ქარის ენერგიის შესყიდვას გეგმავს, რაც ავტომწარმოებელს 2025 წლისთვის 1 მილიარდი ევრო დაუჯდება.

ამჟამად Mercedes-Benz-ის სარეზერვო მიწოდების წყარო კვლავ გაზია. კომპანიის განცხადებით, მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ გაზის გამოყენება, თუმცა მოხმარების მინიმუმამდე შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

2021 წელს ჩრდილოეთ რეგიონებში რეკორდული რაოდენობის ხე განადგურდა

Global Forest Watch-ის ახალი ანალიზის თანახმად, 2021 წელს მსოფლიოს ჩრდილოეთ რეგიონებში ხეების საფარის რეკორდული რაოდენობა განადგურდა. განადგურებული ბორეალური ტყეების მაჩვენებლები 2020 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა, ტყის ხანძრებმა კი რუსეთში მასიური ზარალი გამოიწვია.

ტროპიკული ტყეების დაკარგვის მხრივ, ბრაზილია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა უკვე წლებია, პირველ ადგილს იკავებს. ტყის პირველადი დანაკარგის 40% ბრაზილიაზე მოდის, სადაც ხანძრის გარეშე ტყეების განადგურების წლიური ზრდა 9%-ს შეადგენს. ახალი ანალიზი ძირითადად მსოფლიოს ტროპიკულ რეგიონებზეა ფოკუსირებული, რადგან ტყეების გაჩეხის 96%-ზე მეტი სწორედ ამ ტერიტორიებზე მოდის. ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ბორეალური ტყეების დაკარგვაა, რომლებიც რუსეთის ჩრდილოეთით, კანადასა და ალასკაში გვხვდება. რუსეთმა 2001 წლის შემდგომ ხანძრების ყველაზე ძლიერი სეზონი განიცადა და 6.5 მილიონ ჰექტარზე მეტი დაკარგა.

2021 წელს განადგურებული ხეების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მზარდი ციფრის მიუხედავად, ამ რეგიონებში ხეების გაჩეხა და დაწვა იშვიათად იწვევს ტყეების მუდმივ განადგურებას. ცხელი მშრალი პირობების რეგიონებში, რაც ხანძრებისა და მწერებისგან უფრო მეტი ზიანის გამომწვევია, კლიმატის ცვლილება ხეების დაკარგვის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად ითვლება.

გასულ შემოდგომაზე, გლაზგოში, COP26-ზე 141-მა ქვეყანამ  „2030 წლისთვის ტყის დაკარგვის შეჩერების“ პირობა დადო.

კვლევა: კლიმატის ცვლილება ახალი ვირუსების გაჩენის რისკს ზრდის

ახალი კვლევის თანახმად, კლიმატური ცვლილება ადამიანების დამაინფიცირებელი ვირუსების გაჩენის რისკს ზრდის. კლიმატური ცვლილება უფრო გრილი ადგილებისკენ ცხოველთა მიგრაციას განაპირობებს, სადაც მათი პირველი შეხვედრა სხვა სახეობებთან შესაძლოა, ახალი ვირუსების გაჩენის მიზეზი  გახდეს. 5-წლიანი კვლევის ფარგლებში ჯამში 3.139 სახეობა იქნა შესწავლილი.

ამჟამად ველურ ძუძუმწოვრებს შორის, „სულ მცირე 10.000 ვირუსი ცირკულირებს“, რომელთაც ადამიანთა დაინფიცირების უნარი აქვთ. ვინაიდან ტემპერატურის მატების შედეგად ძუძუმწოვრებს მშობლიური ჰაბიტატის დატოვება მოუწევთ, ისინი პირველად შეხვდებიან სხვა სახეობებს და 2070 წლისთვის ცხოველებს შორის მინიმუმ 15.000 ახალი ვირუსი წარმოიქმნება.

კვლევის თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ძუძუმწოვარს შორის ახალი კონტაქტები გაორმაგდება. პირველადი შეხვედრებისთვის კი განსაკუთრებით აქტიური ტროპიკული აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონები იქნება. გლობალური დათბობა პირველ კონტაქტებს შედარებით დასახლებულ ადგილებშიც გამოიწვევს, რაც შესაძლოა, ადამიანთა დაინფიცირებისა და პოპულაციიდან ვირუსის გლობალურად გავრცელების მიზეზი გახდეს. სავარაუდო ცხელ წერტილებს საჰელი, ეთიოპიის მაღალმთიანეთი და რიფტის ველი, ინდოეთი, აღმოსავლეთი ჩინეთი, ინდონეზია, ფილიპინები და ევროპის ზოგიერთი დასახლებული ცენტრი მიეკუთვნება.

ახალი ვირუსების ერთ-ერთი მთავარ გადამტანად ღამურები სახელდებიან, რომლებიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სხვა ძუძუმწოვრებთან პირველადი შეხვედრის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ. პირველი კონტაქტების უმრავლესობა 2011-2040 წლებში განხორციელდება.