ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც პანდემიის პირობებში წელს ონლაინ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ორივე ორგანიზაცია “დიდი ოცეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს ვალების გადახდის საბოლოო ვადა, რომელიც წლის ბოლომდეა, კიდევ ერთხელ გადაავადონ მსოფლიოს ღარიბი ქვეყნებისთვის.

ცნობისთვის, პანდემიის კრიზისის გამო ფინანსური დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 100-ზე მეტმა ქვეყანამ მოითხოვა, ფინანსური მხარდაჭერა თანხებში $100 მილიარდს აღწევს.

გარდა ამისა, გასულ კვირას სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ აღნიშნა, რომ ფონდი გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს სწორედ ამ კვირაში განაახლებს. ამგვარად, ამ მხრივ სიახლეს ელოდება მთელი მსოფლიო.

რაც შეეხება აშშ-ს, გასულ კვირას ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ და სახაზინო მდივანმა სტივენ მნუჩინმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ფისკალური დახმარების პაკეტზე, რის გამოც, სენატის უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი ეჭვობს, რომ კონგრესი აღნიშნული დახმარების პაკეტის დამტკიცებას არჩევნებამდე ვერ შეძლებს. ამასობაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის ისურვებდა უფრო მსხვილ მასტიმულირებელ პაკეტს არჩევნებამდეც. ამაზე დისკუსიები მიმდინარე კვირასაც გაგრძელდება.

ამერიკის ბანკებისთვისაც მნიშვნელოვანი კვირაა. JPMorgan და Citigroup სამშაბათს აპირებენ მესამე კვარტლის მონაცემების გამოქვეყნებას, შემდეგ კი Goldman Sachs-ი, Bank of America და Morgan Stanley-იც გაასაჯაროვებენ მონაცემებს, ამერიკაში, მეორე კვარტლის შემოსავლები იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ელოდნენ, საინტერესოა რა შედეგებს აჩვენებს მესამე კვარტალი.

გარდა ამისა, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის ვიცე თავმჯდომარეები რიჩარდ კლარიდა და რანდალ ქუარლსი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრების პარალელურად, განცხადებებს გააკეთებენ. ცნობისთვის, მიმდინარე კვირას აშშ-ში სამომხმარებლო ფასის ინდექსს გამოაქვეყნებენ, ასევე ცნობილი გახდება უმუშევრად დარჩენილთა განახლებული რაოდენობა და რითეილ გაყიდვების ახალი მონაცემებიც.

ევროპაში კი ყველაზე მთავარი ეკონომიკური მოვლენები კვლავ ბრექსითს და მასთან დაკავშირებულ შეთანხმებას უკავშირდება. მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ევროკავშირის მოლოდინით, ეს პროცესი ნოემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ამ მხრივ პროგრესს კი ევროკავშირის სამიტი აჩვენებს, რომელიც ამ კვირას – 15-16 ოქტომბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.