საქართველოს ბანკისა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი წელს 25-ედ გაიმართა.
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა, პირველ ტურში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო, მათგან ნახევარფინალში კი 30 გამორჩეული ესსეს ავტორი გადავიდა, რომელთაგან ჟიურიმ 11 საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე კი 3 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაგან პირველი ადგილის მფლობელი ელენე გურეშიძე გახდა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელენე საჯარო მეტყველების კონკურსის საერთაშორისო ტურში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში გაემგზავრება.
„როდესაც გავიგე, რომ გამარჯვებული გავხდი, პირველი ფიქრი, რომელმაც თავში გამიელვა იყო – „დაიცა, ეს მართლა ხდება?“, – გვიყვება ელენე და თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორც აღნიშნავს, მოგების პერსპექტივა შორეულ შესაძლებლობად ეჩვენებოდა, თუმცა, კონკურსში მონაწილეობამ ნათლად დაანახა, რომ თავდაუზოგავი შრომა და მიზნისკენ სწრაფვა სწორედ ის არის, რაც წარმატებას ხელშესახებს ხდის.
„ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ გაქვს მიზანი და საკმარისი მოტივაცია, ყველა სირთულის დაძლევა შესაძლებელია. უბრალოდ, ამისათვის საჭიროა ძალიან ბევრი შრომა და საკუთარ თავზე, საკუთარ განვითარებაზე მუდმივი მუშაობა“, – აღნიშნავს ელენე.
როგორც ამბობს, საჯარო მეტყველების კონკურსში მისი მთავარი მოტივაცია საკუთარი აზრებისა და შეხედულებების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა იყო.
„ჩემს თაობაში ძალიან გავრცელებულია ნიჰილისტური განწყობა – თითქოს რა ძალისხმევაც არ უნდა ჩადო სასურველ საქმეში, მაინც არაფერი გამოვა. თუმცა, ნებისმიერ სიტუაციაში, ჩემში ყოველთვის არსებობს პატარა იმედის ნაპერწკალი, რომელიც მუდმივად მახსენებს, რომ თავდაუზოგავი შრომით ყველაფერი გამოვა. ამიტომ, მინდოდა, ჩემი ამგვარი დამოკიდებულება თანატოლებისთვისაც გამეზიარებინა და მათთვის ერთგვარი მოტივაცია მიმეცა, რომ დაძლიონ საკუთარი შიშები და მუდმივად იმუშაონ საკუთარი ოცნებების ასრულებაზე“, – აღნიშნავს ელენე და გვიყვება, რომ კონკურსში მონაწილეობა დაეხმარა მას, გამოსულიყო კომფორტის ზონიდან და „საკუთარ თავში არსებული ნაპერწკალი სხვებისთვისაც ეჩვენებინა“.
„ზოგადად, ყოველთვის მიჭირდა დიდი პუბლიკის წინაშე საუბარი, რადგან თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. ამ დროს ხომ ყველა მსმენელი ყურადღებით უსმენს მომხსენებლის მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას. შესაბამისად, უკან დახევისა და შეცდომების დაშვების საშუალება არ არსებობს. თუმცა, საბოლოოდ, შიშების დაძლევის სურვილმა თავად შიშის განცდა გადაწონა და შევძელი ჩემი მიზანი – საკუთარი შინაგანი ნაპერწკალი სხვებისთვისაც გამეზიარებინა…“, – გვიყვება ელენე.
როგორც ის ამბობს, პროექტისთვის წარსადგენი ესსესთვის ორგანიზატორებმა ფართო და აბსტრაქტული თეზისი მისცეს, შესაბამისად, თითოეული კონკურსანტი ვალდებული იყო, თავისებური ინტერპრეტაცია მიეცა თემისთვის და გამოეყენებინა კრეატიულობა. დავალების ფარგლებში, ელენეს მიერ შედგენილი, „ბიტლზის“ ცნობილი სიმღერით „Let it be” ინსპირირებული ფინალური თემა კი მისთვის პირველი საპრიზო ადგილის მომტანი აღმოჩნდა.
„გამოსვლის წინ ერთ-ერთმა წინა წლის გამარჯვებულმა მითხრა, რომ ფინალურ ეტაპზე გამოსვლისას არ ჰქონდა მნიშვნელობა შედეგს, არამედ მთავარი იყო ჩემი საკუთარი თავითა და გამოსვლით კმაყოფილი ვყოფილიყავი. გამოსვლისას მუდამ ეს იდეა მიტრიალებდა თავში, რაც დამეხმარა, მაქსიმალურად გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები“, – გვიყვება ელენე.
ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ უფრო მეტად დარწმუნდა საკუთარ შესაძლებლობებში, აღმოაჩინა უამრავი საინტერესო, მოტივირებული და კრეატიული ახალგაზრდა და შეიძინა ახალი მეგობრები. ამიტომ, თანატოლებს ურჩევს, რომ ყოველთვის გამოვიდნენ საკუთარი კომფორტის ზონიდან და არასოდეს შეუშინდნენ გამოწვევებს.
„საჯარო მეტყველების კონკურსი ძალიან შრომატევადი პროექტია, რომელიც კომფორტის ზონიდან გამოსვლასა და შიშების დაძლევას მოითხოვს. გარდა იმისა, რომ პროექტის ფარგლებში ეჩვევი ინგლისურ ენაზე საუბარს, გივითარდება პიროვნული უნარ-ჩვევები, კრეატიულობა და თავდაჯერებულობა. მართალია, პროექტი რამდენიმე კვირა გრძელდება, თუმცა ის ადამიანები, რომლებსაც კონკურსის განმავლობაში იცნობ, ცხოვრების ბოლომდე გაგყვებიან. ამიტომ, ყველას ვურჩევ, მიიღონ მონაწილეობა საჯარო მეტყველების კონკურსში“, – ამბობს ელენე.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი გვეუბნება, რომ ამჟამად ის თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში, მესამე კურსზე სწავლობს. მართალია, ჯერ საკუთარი პროფესია არ აღმოუჩენია, თუმცა იცის, რომ აინტერესებს ყველა ის გამოწვევა, რომელიც მას საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. ამიტომ აპირებს, არ გაჩერდეს.
ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ინგლისური ენის მეშვეობით ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. ESU-Georgia საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს გამარჯვებულს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც მონაწილეობას ყოველწლიურად 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 000 ახალგაზრდა იღებს. S