30 მაისს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის პირობებს.
მემორანდუმის მიზანია, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პოტენციური კვალიფიციური კადრების მომზადება. შეთანხმების თანახმად, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლას შეძლებენ, რაც მათ პრაქტიკული გამოცდილების შეძენასა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარებათ. ასევე გათვალისწინებულია, სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მიმართულებით.
“საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება კავკასიის ეკონომიკის მიმართულების ცალკე სკოლად დაარსების იდეას. ეკონომიკის სკოლის პრეზენტაციის ფარგლებში ეროვნულ ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ვფიქრობთ დადებითად აისახება უნივერსიტეტის სტუდენტების აკადემიურ, პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე. ჩვენ ვგეგმავთ საშულება მივცეთ კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს ეროვნულ ბანკში გაიარონ სტაჟირება. დამეთანხმებით, მნიშვნელოვანია სტუდენტები ადგილზე გაეცნონ ეროვნული ბანკის საქმიანობას და თავად გახდნენ ამ პროცესის მონაწილენი, ასევე გაეცნონ მსოფლიო ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებს”, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ.
კავკასიის ეკონომიკის სკოლის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე.
უნივერსიტეტის პრეზიდენტთან და კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანთან ერთად სტუმრებმა უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერეს.