ერთად შევცვალოთ სამყარო – სრულიად მოხალისეობრივი და გამჭვირვალე საქველმოქმედო ფონდი

ერთად შევცვალოთ სამყარო – სრულიად მოხალისეობრივი და გამჭვირვალე საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო ფონდი ერთად შევცვალოთ სამყარო სრულად მოხალისეებით დაკომპლექტებული, გამჭვირვალე ფონდია, რომლის მისიაცაა, ბავშვების ჯანმრთელობაზე ოპერაციებისა და მედიკამენტების თანადაფინანსების გზით იზრუნოს. ორგანიზაციის დამაარსებელი შალვა ახრახაძე ამბობს, რომ ფონდის შექმნისაკენ საკუთარმა შვილებმა, გიორგიმ და ანამ უბიძგეს. ფონდი 3 აპრილს შეიქმნა და 2024 წლის ბოლომდე 14 ბავშვს დაეხმარა. ჯამურად შემოსული თანხის რაოდენობა 24 000-ს აჭარბებს. ფონდის საქმიანობაში თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატით 39 კომპანიაა ჩართული. 

ფონდის პოლიტიკა

ფონდის საქმიანობა გამჭვირვალობისა და მოხალისეობის პრინციპებს ეფუძნება. “ჩვენი პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ ყოველი მიღებული თეთრი ბავშვების ჯანმრთელობის საჭიროებებს მოხმარდეს. ჩვენ არ ვიყენებთ მიღებულ დონაციებს ოპერაციული ხარჯების დასაფარად, რაც საშუალებას გვაძლევს, თითოეული შენატანი მიზნობრივად დავხარჯოთ”, — ამბობს შალვა ახრახაძე.

ფონდი არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობს და სწორედ ეს პარტნიორები უზრუნველყოფენ საოპერაციო გამართულობას სრულიად უსასყიდლოდ: მაგალითად, Nexia TA ფონდის ანგარიშებს მართავს, ხოლო Grant Thornton Georgia უფასოდ ატარებს ფინანსურ აუდიტს. სწორედ ეს უნიკალური მოდელი იძლევა იმის საშუალებას, რომ ფონდმა დამატებითი ხარჯების გარეშე იფუნქციონიროს.

როგორ არჩევს ფონდი ბენეფიციარებს

ერთად შევცვალოთ სამყარო მხარს უჭერს ბავშვებს, რომელთაც კონკრეტული სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. იმისთვის, რომ ინფორმაცია სანდო და გადამოწმებული იყოს, ფონდი თანამშრომლობს კლინიკებთან, მაგალითად, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან, რომელიც ორგანიზაციას სწრაფად აწვდის ინფორმაციას ბენეფიციარებისა და მათი საჭიროებების შესახებ. ეს თაღლითობის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

ფონდის შიდა პროცედურა გულისხმობს სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმებას. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი შემთხვევა უნდა დაფინანსდეს, კომიტეტი იღებს.

“კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობისათვის, ჩვენ თანხებს პირდაპირ გადავცემთ კლინიკებს ან აფთიაქებს და არა — ოჯახებს. ეს სისტემა  უზრუნველყოფს, რომ თანხები მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული მიზნებისთვის იქნას გამოყენებული”, — განმარტავს შალვა ახრახაძე.


ფონდის საქმიანობის მხარდაჭერა შეგიძლიათ როგორც ფინანსური კონტრიბუციით, ასევე — თქვენი რესურსებისა და უმნარების მოხალისეობრივად გამოყენებით. ამ დროისათვის ორგანიზაციას მუშაობაში 20-მდე მოხალისეა ჩართული.