მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) მიმდინარე წლის შემოდგომაზე მსოფლიო ფორუმს დააორგანიზებს, რომლის მიზანიც იქნება “მადრიდის ტურიზმის დავოსად გადაქცევა“, – ამის შესახებ UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. პოლოლიკაშვილის განცხადებას ესპანური Forbes-ი აქვეყნებს და მას დღის ადამიანად მოიხსენიებს.
გამოცემის ცნობით, პოლოლიკაშვილი მიიჩნევს, რომ ესპანეთი, რომელიც მსოფლიოში მეორე ყველაზე მეტად მონახულებადი ქვეყანაა, და რომლის შემოსავლების დიდი ნაწილი ამ სექტორზე მოდის, 2019 წლის ტენდენციას მომავალშიც შეინარჩუნებს.
“თუ გავითვალისწინებთ 2019 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებს, მიგვაჩნია, რომ ესპანეთი ბოლო წლების გზას შეინარჩუნებს. უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის შემოსავლებია და ესპანეთი ამ კუთხით კარგად პოზიციონირებს ყველა ტიპის ვიზიტორების სეგმენტში“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
როგორც ესპანური Forbes-ი წერს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც UNWTO-ს გენერალურ მდივნად მეორე ვადით რამდენიმე დღის წინ აირჩიეს, საჯარო სექტორში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.