EU: საქართველო DCFTA-ის ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს

EU: საქართველო  DCFTA-ის ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს

ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის შესაბამისად, საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში.

ანგარიშში აქცენტი გაკეთებულია ვაჭრობის სფეროში მიღწეულ შედეგებზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო დაახლოება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ღირებულებათა ჯაჭვში. ანგარიშში ნათქვამია, რომ გატარდა ღონისძიებები ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით: ა) მეტროლოგიის სფეროში მოხდა სათანადო მიკვლევადობის უზრუნველყოფა; ბ) განხორციელდა აკრედიტაციის სისტემის საერთაშორისო აღიარება, რითიც მნიშვნელოვნად იზრდება ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე; გ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განხორციელდა იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების იდენტიფიცირება, რომელიც საჭიროა ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფად.

ევროკომისიის ანგარიშში საუბარია ასევე საქართველოს მიერ საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებზე, მათ შორის აღნიშნულია ახალი საბაჟო კოდექსის მომზადების კუთხით გაწეული სამუშაო. ანგარიშში ასევე აღნიშნულია ის ფაქტი, რომ საქართველო მიუერთდა წარმოშობის წესების შესახებ პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენციას, რაც შესაძლებელს ხდის კუმულაციური წარმოშობის წესების ამოქმედებას DCFTA-ის ფარგლებში.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველო ახორციელებს საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ რეფორმებს ევროკავშირის საერთო სატრანზიტო პროცედურებისა და ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენციებთან მიერთების მიზნით. ამ კუთხით, ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს შესაბამისი დაძმობილების (twinning) პროექტის მეშვეობით. ასევე, ხაზგასმულია, რომ მომზადების პროცესშია საზღვარზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობა, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირში არსებულ წესებთან.

ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია ასევე ენერგოეფექტურობის შესახებ პოლიტიკური ჩარჩოს გაძლიერების მნიშვნელობაზე. ანგარიშში მოხვდა ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლის“ პროექტი, ევროკავშირი მას განახლებადი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციად მიიჩნევს. ასევე, ხაზგასმულია ქვეყნის ძალისხმევა ჰიდროპროექტების განხორციელების ხელშეწყობისა და ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობისა და ექსპორტის გაძლიერების მიზნით გადამცემი ქსელის გაძლიერების მიმართულებით.
ანგარიშში საუბარია ასევე, “სამხრეთ გაზის დერეფანზე” და მის ფარგლებში “სამხრეთ კავკასიური მილსადენის” გაფართოების სამუშაოებზე, რომელიც დასასრულს უახლოვდება.