ევროკავშირი ჩინური ელექტრომობილებისთვის განახლებულ სატარიფო გეგმას, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირაში წარადგენს. ცნობისთვის, ევროკავშირს იმპორტირებულ ელექტრომობილებზე სტანდარტული 10%-იანი გადასახადი აქვს დაწესებული, თუმცა აპირებს, რომ 4 ივლისიდან ჩინური EV-ებისთვის ტარიფი გაზარდოს.
Citi-ს ანალიტიკოსების განცხადებით, შესაძლოა, ტარიფი 10%-დან 25-30%-მდე გაიზარდოს. ექსპერტების ნაწილი კი გადასახადის 30-დან 50%-მდე ზრდასაც არ გამორიცხავს.
ევროკავშირმა ჩინური ელექტრომობილებისთვის სატარიფო გეგმის გადახედვაზე ფიქრი ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო. მისი მტკიცებით, არსებული სუბსიდირებული იმპორტი „ევროკავშირის ელექტრომობილების ინდუსტრიას ეკონომიკურ საფრთხეს უქმნის“.
ჩინეთის ელექტრომობილების ინდუსტრია, მთავრობის სტიმულირებისა და მხარდაჭერის წყალობით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც გავლენა გლობალურ ბაზარზეც მოახდინა. ამან აშშ-ისა და ევროპის შეშფოთება გამოიწვია, რადგან ინდუსტრიაში ჩინეთის კიდევ უფრო მომძლავრებამ ადგილობრივი წარმოების დაჩრდილვის საფრთხე შექმნა.
პრობლემასთან საბრძოლველად ნაბიჯები უკვე გადადგა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მაისში გამკაცრებული ახალი ტარიფები გამოაქვეყნა. ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინურ ელექტრომობილების იმპორტზე გადასახადი 25%-დან 100%-მდე გაზარდა.