ევროკავშირი და ეგვიპტე ენერგორესურსებით ვაჭრობის ინდუსტრიაში თანამშრომლობას გააღრმავებენ, – ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა მადბულისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსს შორის კაიროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ირკვევა, დელეგაციებმა მიმოიხილეს როგორც ეგვიპტური თხევადი ბუნებრივი აირის ევროკავშირში მოკლე ვადაში მიწოდების პერსპექტივა, ასევე სახელმწიფოში მწვანე წყალბადის საწარმოს აშენების საკითხი, რომელიც ამ პროდუქტის წარმოების კუთხით, ეგვიპტეს რეგიონის წამყვან ქვეყნად აქცევს. ამასთანავე, ევროკავშირი ეგვიპტეს ხორბლის ფასის ნორმალიზებაში დაეხმარება – საკვები პროდუქტების კრიზისისგან ეგვიპტის დასაცავად ორგანიზაციამ €100 მილიონი უკვე გამოყო.
ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის ხელმძღვანელის, ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, ზემოხსენებულ საკითხებში ევროკავშირსა და ეგვიპტეს შორის თანამშრომლობის ტემპი დაჩქარდება, რაც მოულოდნელი სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევროკავშირი ენერგორესურსების ალტერნატიულ მომწოდებლებს დაჩქარებული წესით ეძებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც მოსალოდნელია, ორშაბათს, იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი გაზის ალჟირისგან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.