ევროკავშირი ენერგიის მზარდი ფასებისგან ოჯახებისა და ბიზნესის დასაცავად ენერგეტიკული ფირმებისგან $140 მილიარდზე მეტის მოზიდვას გეგმავს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ევროპაში ენერგიის რეკორდულად გაზრდილი ფასებით ქვეყნები ეკონომიკური რეცესიის, ხოლო მოსახლეობა და კომპანიები მომატებული გადასახადების პრობლემის წინაშე დგანან.
ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარი ეკონომისტის განცხადებით, ევროზონაში ენერგიის მაღალი ფასები „ინფლაციის მამოძრავებელ დომინანტურ“ ძალად რჩება. ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებას ევროპული მთავრობები სხვადასხვა ზომის მიღებით ცდილობენ, დაწყებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასების შეზღუდვით, დასრულებული კოლაფსის რისკის ქვეშ მყოფი ენერგეტიკული მიმწოდებელთათვის სესხებისა და გარანტიების შეთავაზებით.
ევროკომისიის წინადადება წიაღისეული საწვავის ფირმების იძულებას ითვალისწინებს, რაც ფასების მატების გამო მათ მიერ მიღებული გაზრდილი შემოსავლის გაზიარებას გულისხმობს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის აზრით, ამ დროს მოგების გაზიარება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, უმნიშვნელოვანესია. ევროკომისიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ შემუშავებული გეგმებით, ბიზნესისა და საცალო მომხმარებლების დასახმარებლად $140 მილიარდზე მეტი უნდა მოიზიდონ.
„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკვე განახორციელეს მილიარდობით ევროს ინვესტიციები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს საკმარისი არ იქნება“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.