საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2024 წლის პირველი კვარტალის ტურისტული ნაკადების ანგარიშს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 44.4%-ით მეტია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა. აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოდან საქართველოში ამ პერიოდში 11,734 ადამიანი ჩამოვიდა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 67.1%-ით მეტია. ევროკავშირის ზონიდან ვიზიტების რაოდენობით შემდეგ პოზიციაზე გერმანიაა, საიდანაც პირველ კვარტალში 11,005 ვიზიტორი შემოვიდა, მესამე ადგილზე კი 6,484 ვიზიტორით დიდი ბრიტანეთი იმყოფება.
ამავე პერიოდში ზრდა ფიქსირდება მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდანაც. პირველ კვარტალში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 14,907 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემებს 27.9%-ით, 2023 წლის მონაცემებს კი 21.6%-ით აღემატება. განსაკუთრებული ზრდა ამ მიმართულებით საუდის არაბეთიდან და ქუვეითიდან შემოსულ ვიზიტორებზე ფიქსირდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში 2024 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ტურისტული ვიზიტები 2019 წლის, პანდემიამდელ მაჩვენებელს 6.4%-ით აღემატება. ამ პერიოდში საქართველოში 934,644 ტურისტული ვიზიტი შედგა. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა კი 1.3-მილიონიან ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემების 80.4%-იანი აღდგენაა.