ევროკომისიამ 15 წევრი სახელმწფოსთვის 8.4 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული დახმარების მიზანია, კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური გავლენების შემცირება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ფინანსური რესურსი წევრი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი, რაც მათ საშუალებას მისცემს, დაძლიონ უმუშევრობა და დაეხმარონ თვითდასაქმებულებს.
ევროკომიის მიერ გამოყოფილი დახმარების ფარგლებში თანხები ქვეყნებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდება: ბელგია – 7.8 მლრდ ევრო, ბულგარეთი – 511 მილიონი ევრო, ჩეხეთი – 2 მილიარდი ევრო, საბერძნეთი – 2.7 მილიარდი ევრო, ესპანეთი – 2.3 მილიარდი ევრო, ხორვატია – მილიარდი ევრო, იტალია – 27.4 მილიარდი ევრო, კვიპროსი – 479 მილიონი ევრო, ლატვია – 192 მილიონი ევრო, ლიეტუვა – 602 მილიონი ევრო, მალტა – 244 მილიონი ევრო, პოლონეთი – 11.2 მილიარდი ევრო, რუმინეთი – 4 მილიარდი ევრო, სლოვაკეთი – 631 მილიონი ევრო, სლოვენია – 1.1 მილიარდი ევრო.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სამსახურების შესანარჩუნებლად. ევროკომისიის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი არის სოლიდარობის ნათელი სიმბოლო ამ უპრეცედენტო კრიზისის ფონზე. ევროპა ვალდებულია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.