ევროპული კომისია სლოვაკეთის მთავრობის მიერ ე.წ. „აგენტების კანონის“ მიღების ინიციატივას აკრიტიკებს. ევროკომისიის განცხადებით, საკითხის წინ წაწევის შემთხვევაში, ორგანო შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი დაინიცირდა, რომელიც ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური მხარდაჭერის მიმღებ ორგანიზაციებად“ დაარეგისტრირებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სლოვაკეთის მიერ უნგრეთის მაგალითის გამეორების შემთხვევაში, ევროკომისია ევროკავშირის სამართლებრივი სისტემის დარღვევისთვის შესაბამის პროცედურას გაააქტიურებს. აღნიშნულის გაკეთებას კი ევროკომისიას ის გარემოება გაუმარტივებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება პრეცედენტის სახით უკვე არსებობს.
ცნობისთვის, უნგრეთმა მსგავსი სახის კანონპროექტი 2017 წელს მიიღო, თუმცა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (ECJ) მიერ არალეგალურად ცნობის შემდეგ 2021 წელს გააუქმა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს მიმართ კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეაჩერა და საგარეო პოლიტიკური კურსი რუსეთს დაუახლოვა.
ევროკომისიას იგივე პრეტენზია პოლონეთის მთავრობასთანაც ჰქონდა, თუმცა შარშან პოლონეთის მთავრობის ცვლილების შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.