ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლის მიზნით შეთავაზებულ €37-მილიარდიან პაკეტს. ევროპული ბლოკის ცალკეული ფულადი რესურსების კორონავირუსის კრიზისისკენ მიმართვას ევროპარლამენტართა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში წევრ ქვეყნებს დამატებითი თანხა გადაეცემათ, რომლებიც მათ შეუძლიათ დახარჯონ ჯანდაცვის სექტორში, ასევე მიმართონ თანხები მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.
ევროპარლამენტარებმა ასევე დაამტკიცეს ცვლილება ევროკავშირის სოლიდარობის ფონდთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ფართოვდება მისი გავრცელების არეალი და ახლა ამ ფონდიდან შესაძლებელი ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროსთვის ხარჯების გაწევა.