ევროპის საუკეთესო ქვეყნები ქალთა კარიერული განვითარებისთვის

ევროპის საუკეთესო ქვეყნები ქალთა კარიერული განვითარებისთვის

სამუშაოებზე ხელმისაწვდომობისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობისადა მიხედვით, ქვეყნებს შორის, მათ შორის ევროპაშიც, კვლავ შესამჩნევი უთანასწორობაა. თუმცა, ამ მხრივაც, არის სახელმწიფოები, რომლებიც ქალებს, კარიერული განვითარებისთვის, სხვებზე უკეთეს პირობებს სთავაზობენ.

Claims.co.uk-ს უახლესი ანგარიში, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამოქვეყნდა, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (WEF) მონაცემებს ეყრდნობა. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ ჩრდილოეთის ქვეყნები, განსაკუთრებით კი ისლანდია, იმ წამყვან სახელმწიფოებს შორისაა, რომლებიც ევროპაში ქალთა წინსვლისთვის საუკეთესო შესაძლებლობებით გამოირჩევა. ქალთა დასაქმებისთვის პროგრესული ქვეყნის გამოსავლენ ინდექსში ისეთი ფაქტორები იყო გათვალისწინებული, როგორიცაა: ქალთა შემოსავალი, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში, კარიერული წინსვლის შესაძლებლობები და ა.შ.

Claims.co.uk-ის ინდექსით, ქალთა კარიერული განვითარებისთვის საუკეთესო ქვეყანა ისლანდიაა – 100-დან 86.49 ქულით. მეორე ადგილზეა ფინეთი (81.72), შემდეგ კი ნორვეგია (68.97).

ისლანდიაში 190 ათასი მოსახლე ქალია. მათი ყოველწლიური საშუალო შემოსავალი 40,500 ევროა, ორჯერ მეტი, ვიდრე საბერძნეთში. პარლამენტში ქალთა წილი 47.6%-ია, ხოლო ბოლო 50 წლიდან ჯამში 25 წლის განმავლობაში, ქვეყნის მთავრობას სათავეში ქალი პრემიერი ჰყავდა. ასევე, ისლანდია პირველი ქვეყანაა, სადაც პირდაპირი არჩევის გზით პრეზიდენტი ქალი აირჩიეს. ალბანეთის შემდეგ, ისლანდიას მეორე ადგილი ქალ და მამაკაც დასაქმებულთა შორის ხელფასის თანასწორობის მხრივ უკავია და მესამე ადგილზეა ევროპის მასშტაბით, წამყვან პოზიციებზე დასაქმებული ქალების რაოდენობით.

ისლანდიის მსგავსად, ფინეთის პარლამენტშიც ქალთა წილი 45%-ს სცდება, ბოლო ხუთ ათწლეულში კი ლიდერი ქალი ქვეყანას 16 წლის განმავლობაში მართავდა. ქალების საშუალო წლიური შემოსავალი 36,500 ევროა.

რაც შეეხება ნორვეგიას, ქვეყანაში საშუალოდ ქალთა წლიური შემოსავალი €49,500-ია. ლიდერულ პოზიციებზე ქალთა წინსვლის მიხედვით კი სახელმწიფომ 7-დან საკმაოდ მაღალი, 5.69 ქულა მოიპოვა. ნორვეგიის პარლამენტშიც ქალთა რაოდენობა 45%-ს სცდება, ხოლო უკანასკნელი წლის განმავლობაში ქალი სათავეში ჯამში 18 წელი იყო. ქალების თითქმის სამი მეოთხედი აქტიურია შრომის ბაზარზე, რადგან ქვეყანა იცავს დასაქმების უფლებებს და ბავშვთა მოვლისთვისაც ქალებს ხელშემწყობ პირობებს სთავაზობს.

ანგარიშის ტოპ-ათეულში მეოთხე ადგილზე შვედეთია, სადაც ქალთა საშუალო წლიური შემოსავალი €42,300-ს უტოლდება. მაღალია პარლამენტში ქალთა წილიც, ხოლო მათ 40%-ზე მეტს მინისტრთა თანამდებობები უკავია. ქვეყანა გამორჩეულია, ქალ და მამაკაც დასაქმებულთა შორის ხელფასის თანასწორობითაც.

ალბანეთი, მეხუთე რეიტინგში, ხელფასების თანასწორობით ევროპის წამყვანი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ ქალების საშუალო შემოსავალი სხვებთან შედარებით უფრო ნაკლები, 10,100 ევროა. პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა ერთ მესამედზე მეტია და თითქმის ნახევარი მინისტრის თანამდებობებზეა.

რაც შეეხება ქალების კარიერული წინსვლისთვის ყველაზე ცუდ ქვეყნებს, Claims.co.uk-ის ანგარიში მათ რიგებში თურქეთს, აზერბაიჯანს, უნგრეთს, პოლონეთს, უკრაინასა და საბერძნეთს ასახელებს.

წარმოგიდგენთ ათ საუკეთესო ევროპულ ქვეყანას ქალთა კარიერული განვითარებისთვის:

  1. ისლანდია – 86.49 ქულა
  2. ფინეთი – 81.72 ქულა
  3. ნორვეგია – 68.97 ქულა
  4. შვედეთი – 65.16 ქულა
  5. ალბანეთი – 62.93 ქულა
  6. შვეიცარია – 62.57 ქულა
  7. ლიეტუვა – 60.06 ქულა
  8. ირლანდია – 58.17 ქულა
  9. დანია – 55.49 ქულა
  10. ბელგია – 54.78 ქულა