Facebook-ი 32 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. შესაბამისი განცხადება Forbes Georgia-ს მიაწოდეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წლის აგვისტოდან, საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეუძლიათ. კერძოდ, აუცილებელია, რეკლამის განმთავსებელმა მიუთითოს, რომელი ორგანიზაცია, ან პიროვნებაა პასუხისმგებელი კონკრეტულ რეკლამაზე (Paid for By).
2019 წლის ივნისში, ფეისბუქმა მსოფლიოს მასშტაბით გამჭვირვალე გახადა სარეკლამო ინსტრუმენტები. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, მომხმარებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და განათავსოს პოლიტიკური რეკლამა ისე, რომ დააფიქსიროს, ვინ არის პასუხისმგებელი (Paid for by). ასევე, რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს შეუძლიათ, შეიტანონ თავიანთი მონაცემები (რეკლამა, პასუხისმგებელი პირი/ორგანიზაცია) ე.წ. სარეკლამო ბიბლიოთეკაში (Ads Library) შვიდი წლით. ფეისბუქმა ეს პროცედურა სავალდებულო გახადა საქართველოშიც.
ვის ეხება ეს?
რეკლამის ნებისმიერი განმთავსებელი, რომელიც აქვეყნებს საარჩევნო, ან პოლიტიკურ რეკლამას, ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს მისი სამიზნე აუდიტორია. მაგალითად, თუ განმთავსებლის სამიზნე აუდიტორია საქართველოს მოსახლეობაა, ის ავტორიზებული უნდა იყოს საქართველოში.
ეს ეხება ნებისმიერ რეკლამას, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის წარმომადგენლის, ან პოლიტიკური ფიგურის, პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური კომიტეტის, ან მისი წარმომადგენლის მიერ/სახელით/შესახებ, იმ მიზნით, რომ შემდგომში ამ რეკლამამ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, ან მის მოღვაწეობაზე საჯარო სამსახურში. ასევე, რეკლამა ეხება ნებისმიერ არჩევნებს, რეფერენდუმს, კენჭისყრას, მოწოდებას „ხმა მიეცი“, საარჩევნო საინფორმაციო კამპანიას.
ავტორიზაციის გავლა
მომხმარებელი, რომელიც გეგმავს საარჩევნო, ან პოლიტიკური რეკლამის განთავსებას საქართველოში, ვალდებულია დაადასტუროს საკუთარი ვინაობა პირადობის მოწმობით. დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის მიერ, სადაც მომხმარებელი რეკლამის განთავსებას გეგმავს.
გარდა ამისა, რეკლამის განმთავსებელი ვალდებულია, მიუთითოს, ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამაზე (Paid for by). მას შეუძლია, პასუხისმგებლის სახით მიუთითოს საკუთარი თავი, გვერდი რომელსაც მართავს, ან ორგანიზაცია, სადაც მუშაობს.
თუ მომხმარებელი პასუხისმგებლის სახით უთითებს ორგანიზაციას, ან გვერდს, აუცილებელია, წარადგინოს დამატებითი ინფორმაციაც. კერძოდ: ორგანიზაციის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა და ვებ-გვერდი. სწორედ ეს მონაცემები ადასტურებს განმთავსებლების პასუხისმგებლობას იმ რეკლამებზე, რომლებსაც ისინი Facebook-სა და Instagram-ში გამოაქვეყნებენ.
შესაძლოა, რეკლამის განმთავსებლებს ავტორიზაციის გავლისთვის რამდენიმე დღე დასჭირდეთ. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ ისინი ამ პროცესს მალევე დაიწყებენ.
სარეკლამო ბიბლიოთეკა და API
რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს საკუთარი რეკლამისა და ამ რეკლამაზე პასუხისმგებელი პირის/ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შენახვა სარეკლამო ბიბლიოთეკაში (Ads Library) შვიდი წლის განმავლობაში შეეძლებათ. შედეგად, საზოგადოებას ექნება საშუალება, ნებისმიერი რეკლამის შესახებ მიიღოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ნახვის რაოდენობა, დახარჯული თანხის ოდენობა, დემოგრაფიული მონაცემები (რეკლამის მნახველების ასაკი, სქესი, ადგილ-მდებარეობა).
იმისათვის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანაში საარჩევნო პროცესი დაცული იყოს, ფეისბუქი მკვლევარებთან, მეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ერთად აქტიურად მუშაობს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საჯარო წვდომას სარეკლამო ბიბლიოთეკის აპლიკაციასთან Ad Library API, რათა შესაძლებელი იყოს პოლიტიკური რეკლამის შესწავლა და გაანალიზება. დღეიდან, Ad Library API-ს საქართველოში განთავსებული რეკლამებიც დაემატება.
გარდა ამისა, Facebook-ი წარადგენს სარეკლამო ბიბლიოთეკის ანგარიშსაც (Ad Library Report), რომელშიც საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი მიგნებები იქნება წარმოდგენილი, როგორიცაა, მაგალითად, რეკლამების ჯამური რაოდენობა და ხარჯები. შესაძლებელი იქნება, ანგარიშის ფაილის სახით ჩამოწერაც.