Facebook-ი მომხმარებლებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს აცნობებს. როგორც CNBC წერს, სოციალურ ქსელში მომხმარებლებისთვის შეტყობინების გაგზავნისთვის ემზადებიან. ის მას შემდეგ გამოუჩნდება თითოეულ მომხმარებელს, როგორც კი საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება.
გარდა ამისა, Facebook-ში ამბობენ, რომ შეტყობინებას მიიღებს Instagram-ის მომხმარებელიც. შეტყობინება კი გვერდის დასაწყისშივე გამოჩნდება სათაურით: “საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ცნობილია“, საიდანაც მომხმარებელს შეეძლება გადავიდეს პირდაპირ საარჩევნო საინფორმაციო ცენტრის გვერდზე.
Facebook-ის მონაცემები იქნება Reuters-ის, Associated Press-ის, ABC News-ის, CBS News-ის, Fox News-ის, NBC News-ის და CNN-ის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული.
არჩევნებთან დაკავშირებით ასევე სოციალური ქსელი არ აპირებს შეზღუდოს პირდაპირი ჩართვის ვიდეოების გავრცელება. ცნობისთვის, Facebook-მა დეზინფორმაციის გავრცელების შესაჩერებლად შეზღუდა გარკვეული კონტენტის გავრცელება არჩევნების კონტექსტში თავიდანვე.
შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად ხმების დათვლის პროცესი გრძელდება კიდევ რამდენიმე შტატში, მათ შორის არიზონაში, ნევადასა და ჩრდილოეთ კაროლინაში.
ხმების დათვლის პარალელურად, მიმდინარეობს სასამართლო პროცესებიც. დონალდ ტრამპის მტკიცებით, არჩევნებზე ადგილი აქვს გაყალბებას და კანონდარღვევებს, რასაც არჩევნების შედეგებზე პირდაპირი გავლენა აქვს. ის აპროტესტებს ფოსტით მიღებული ხმების ჩათვლას, რომელთა უმეტესობა ჯო ბაიდენისათვის არის მიცემული.
ტრამპი ამ ბრალდებების გამო გააკრიტიკეს როგორც დემოკრატიულ, ასევე რესპუბლიკურ პარტიაში.
ამ დროისთვის ელექტორალური ხმების უპირატესობა დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენს აქვს – ის 253 ხმით ლიდერობს, დონალდ ტრამპს კი 214 ელექტორალური ხმა აქვს.