Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიიდან

Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიიდან

ავტოინდუსტრიამ ათწლეულების განმავლობაში დიდი გარდატეხა, ტრანსფორმაცია განიცადა. სფერო, რომელიც მრავალი სახელმწიფოსათვის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს, მუდმივად ვითარდება, იცვლება, გვთავაზობს სიახლეებს და უმეგობრდება ტექნოლოგიებს. რაც მთავარია, ინდუსტრია მხოლოდ ავტომობილებსა და განსაკუთრებით სამგზავრო მანქანებს არ მოიცავს. ეს გახლავთ სფერო, რომელიც მთლიანად მობილობის საკითხსა და პრობლემას ეხება. სწორედ ამიტომ, Forbes Auto-ს ამ კვირის ბლოგში არა მხოლოდ საავტომობილო სიახლეებს, არამედ გასული კვირის ავტოინდუსტრიულ ამბებსაც წარმოგიდგენთ.

Rivian- პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც ბაზარზე ელექტროპიკაპი წარადგინა

ელექტრომობილების სტარტაპი, Rivian-ი, პირველი ავტომწარმოებელი გახდა, რომელმაც სამომხმარებლო ბაზარზე ელექტროპიკაპი წარმოადგინა. აღნიშნული ქმედებით მან აჯობა ელექტრომობილების ისეთ მსხვილ და ინოვატორ მწარმოებლებს, როგორიც Tesla, General Motors-ი და Ford-ი არიან.

ფოტო: Rivian

Rivian-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, არჯი სკარინჯმა, ტვიტერის საკუთარ პროფილზე განაცხადა, რომ კომპანიის პირველმა R1T პიკაპმა მომხმარებლებისათვის უკვე გაიარა საწარმოო ხაზი ილინოისში მდებარე ქარხანაში.

„თვეების განმავლობაში განხორციელებული წარმოებამდელი ავტომობილების გამოცდის შემდეგ, კომპანიამ საკუთარი პირველი ელექტროპიკაპი წარმოებაში დილით ჩაუშვა. ეს კი შესაძლებელი ჩვენი გუნდის დაუღალავმა შრომამ გახადა. ერთი სული მაქვს, პროდუქტმა მომხმარებლებამდე მალე მიაღწიოს“, – აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ეს ცნობა დაადასტურა Rivian-ის სპიკერმაც. მისი მტკიცებით, არჯი სკარინჯის მიერ გამოქვეყნებული ავტომობილის ფოტოები რეალურია და ის გაყიდვაშიც მალე ჩაეშვება. თუმცა მან წარმოებული ავტომობილების რაოდენობისა და პირველი მომხმარებლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავა.

პიკაპის წარმოების პროცესი ბევრჯერ გადაიდო. თუმცა მას შემდეგ, რაც Amazon-ისა და Ford Motor-ის მხარდაჭერილმა კომპანიამ IPO-ს სარეგისტრაციო ფორმაზე განცხადება შეიტანა, Rivian-მა ელექტრომობილის წარმოება საბოლოოდ დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქმედებით Rivian-ი ელექტრომობილების მწარმოებელ პირველ კომპანიად იქცა, რომელმაც ელექტროპიკაპი ბაზარზე წარადგინა. ნავარაუდებია, რომ მეორე ამგვარი კომპანია GM იქნება, რომელიც ელექტრო Hummer-ს წარადგენს.

Lucid Air პირველი ელექტრომანქანა იქნება, რომელსაც ერთი დამუხტვით 836 კილომეტრის გავლა შეეძლება

Lucid Motors-ის Air Dream მოდელმა გარემოს დაცვის სააგენტოსაგან 836 კილომეტრის დიაპაზონის შეფასება მიიღო, რაც სააგენტოს მიერ მინიჭებული ყველაზე დიდი კილომეტრაჟის რაოდენობაა. შედეგად ავტომობილი ყველაზე დიდი დიაპაზონის მქონე ელექტრომობილი გახდა.

ფოტო: PATRICK T. FALLON/AFP

გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ მინიჭებული შეფასება კი Lucid-ის მიერ ერთი წლის წინ გამოთქმული პრეტენზიის შედეგია, რომლის მიხედვითაც კომპანიას ყველაზე დიდი დიაპაზონის მქონე ელექტროსედანის შექმნა სურდა. გარდა ამისა, აღნიშნული სიახლე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, პიტერ როულინსონის პირადი გამარჯვებაცაა. წარსულში, Tesla-ში მუშაობის დროს, იგი Model S-ის განვითარებას ხელმძღვანელობდა. კომპანიიდან წამოსვლის შემდეგ კი როულინსონმა განაცხადა, რომ Lucid-ის Air მოდელი ილონ მასკის კომპანიას როგორც დიაპაზონის, ისე მდიდრულობის, აქსელერაციისა და ფასის კომპონენტებშიც დაჯაბნის.

კომპანიის აღნიშნული მოდელის მანქანა Tesla Model S Long Range Plus-ს, რომელიც მანამდე ყველაზე დიდი დიაპაზონის მქონე ავტომობილი გახლდათ, თითქმის 160 კილომეტრის გარბენით სჯობნის. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ეს დამატებითი 160 კილომეტრი მომხმარებელს ძალიან ძვირი დაუჯდება – Lucid Air Dream Edition 169 000 აშშ დოლარი ეღირება. მაგრამ კომპანიამ დააანონსა, რომ 2022 წლისათვის ის საბაზისო, უფრო ეკონომიურ მოდელს წარმოადგენს, რომლის ღირებულებაც 77 400 აშშ დოლარი იქნება.

ავტომობილის გარბენის დიაპაზონი დიდწილად მის 113-კილოვატიან ძრავასა და აეროდინამიკის დიზაინზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აღნიშნული დიაპაზონი ყოველთვის სუბიექტური მოცემულობაა და სხვადასხვა რელიეფის, დატვირთვისა თუ ამინდის პირობებში სხვადასხვა შედეგს აჩვენებს. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვის სააგენტო ავტომობილთა გარბენის დიაპაზონს მიზანმიმართულად ერთნაირ, მსგავს პირობებში ზომავს.

Tesla-ს თანადამფუძნებლის გადამმუშავებელი სტარტაპი ელექტრომობილების ელემენტის მასალის ელექტროსადგურს ქმნის

Redwood Materials-ი ბატარეების გადამმუშავებელი კომპანიაა, რომელიც Tesla-ს თანადამფუძნებლისა და  JB Straubel-ის ყოფილი ტექნიკური ხელმძღვანელის, ჯეფრი სტრობელის მიერ შეიქმნა. Redwood Materials-ი გამოყენებული ლითიუმ-იონური უჯრედებისა და ელექტრონიკის ღირებული მასალის აღდგენას და, ინვესტიციის სახით, ამერიკაში ელექტრომობილების ბატარეებისთვის საჭირო მასალის შემქმნელ ქარხანაში $1 მილიარდზე მეტის ჩადებას გეგმავს.

ფოტო: REDWOOD MATERIALS

აშშ-ის შტატ ნევადაში დაფუძნებული კომპანია Redwood Materials-ი, რომელმაც ივლისში ლითიუმის კობალტის, ნიკელისა და სხვა მეტალების აღსადგენად $700 მილიონი მოიზიდა, ბატარეების მასალის წარმოებისთვის გადამუშავებული პროდუქტის გამოყენებას აპირებს, რომელსაც ის შემდგომში ლითიუმ-იონის უჯრედების შემქმნელებს მიჰყიდის. Redwood-ი ქარხნისთვის ტერიტორიას სავარაუდოდ 2022 წელს შეარჩევს. კომპანიის გათვლებით, 2025 წლისთვის ქარხანა მილიონობით ელექტრომობილისთვის საკმარის, წლიურად 100 გიგავატ/საათის კათოდური მასალისა და ანოდური კილიტას წარმოებას შეძლებს. გარდა ამისა, საწარმო 1,000-ზე მეტი მუშახელის დაქირავებას და 2030 წლისთვის, გადამუშავების ხუთჯერ გაზრდას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის გეგმა ემთხვევა ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანს, გაზარდოს ელექტრომობილების გაყიდვები კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად. თუმცა გეგმის შესრულება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, შეერთებულ შტატებში ბატარეის წარმოების გაფართოებასა და ბატარეის უჯრედებში შემავალი კომპონენტების წარმოების ლოკალიზაციაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე თითოეული უჯრედისთვის საჭირო ანოდისა და კათოდური მასალები  ძირითადად აზიის კონტინენტზე იწარმოება.

Pitchbook-ის თანახმად, 2017 წელს კომპანიის დაარსების დღიდან, Redwood-მა $740 მილიონის თანხა მიიღო, მისი ღირებულება კი ამჟამად 3.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. ის იყენებს ძველი ბატარეებისა და ელექტრონიკის მასალებს, რომელთაც მისი პარტნიორებისგან, მათ შორის, Panasonic-ისა და Envision AESC-სგან იღებს. 2020 წელს კომპანიამ 10 000 ტონა ნარჩენი დაამუშავა და წელს რამდენიმე გიგავატ/საათის მასალას გადაამუშავებს. პაკეტის ზომის მიხედვით, ერთ გიგავატ/საათი ბატარეის მასალა 10,000-დან 20,000-მდე ელექტრომობილისთვის იქნება საკმარისი.

GM Bolt EV-ის მფლობელებს აფრთხილებს, რომ საკუთარი ავტომანქანა სხვებისაგან მოშორებით გააჩერონ

ყველას კარგად გვახსოვს GM-ის წინაშე მდგარი პრობლემა, რომლის გამოც მათ საკუთარი ელექტრომობილების უკან გამოთხოვა მოუწიათ და უდიდესი ზარალი ნახეს. ამის შესახებ ჩვენ Forbes Auto-ს წინა ბლოგებშიც ვისაუბრეთ. თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა მოგვარებისაგან ჯერ კიდევ შორსაა.

ფოტო: Stephen Lam/REUTERS

კომპანიის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოტენციური ცეცხლის გაჩენის უიშვიათესი შემთხვევის დროს, აღნიშნული წინასწარი ზომა შეამცირებს ახლოს მდებარე ნაგებობისა და ავტომობილის მოსალოდნელ ზიანს. გარდა ამისა, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ შესაბამისი გაფრთხილება დაეგზავნა GM-ის მომხმარებლებსაც, რომლებიც პარკირების შესახებ დამატებით ინფორმაციას ითხოვდნენ.გასულ კვირას General Motors Co.-მ საკუთარ მომხმარებლებს მოუწოდა, რომ ცეცხლის გაჩენის რისკის გამო, მანქანის პარკირება ან ზედა სართულზე მოახდინონ ან ღია სივრცეში, თანაც სხვა ავტომობილებისაგან მინიმუმ 15 მეტრის მოშორებით.

საინტერესოა, რომ მსგავსი თხოვნა GM-მა ცოტა ხნის წინაც გაავრცელა. მაშინ კომპანია მომხმარებლებს სთხოვდა, რომ საკუთარი Bolt-ის ავტომობილები ღია ცის ქვეშ დაეყენებინათ და ღამით არ დაეტოვებინათ დასამუხტად. გარდა ამისა, კომპანიის თხოვნა იყო, რომ დამუხტვის პროცესში ავტომობილი მომხმარებელს უყურადღებოდ არ მიეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ გასული თვეების განმავლობაში GM-მა საკუთარი 140 000 ავტომობილის უკან გამოხმობის ბრძანება გასცა ელემენტების შესაცვლელად, რაც კომპანიას 1.8 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება. კომპანიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ General Motors Co. Bolt-ის ავტომობილის წარმოებას მანამდე არ განაახლებს, სანამ არ დარწმუნდება, რომ უკან გამოხმობილი ავტომობილების რემედიის პროცესი სათანადოდ შეამცირებს ხანძრის გაჩენის რისკებს.

Rolls-Royce-ის სრულად ელექტროთვითმფრინავმა ბრიტანეთში პირველი ფრენა განახორციელა

გასულ კვირას, Rolls-Royce-ის პირველმა სრულად ელექტროთვითმფრინავმა საკუთარი პირველი ფრენა განახორციელა და დიდი ბრიტანეთის ცაში დაახლოებით 15 წუთამდე დაჰყო. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხშაბათს თვითმფრინავმა ფრენის ტესტირების ინტენსიური ეტაპი დაიწყო. ფრენის მიზანი კი ელექტროენერგიისა და ძრავის სისტემის შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.

ფოტო: Rolls-Royce

Rolls-Royce-ის თანახმად, თვითმფრინავმა მოგზაურობისას 400 კილოვატი სიმძლავრის ძრავა გამოიყენა, რაც ელექტროთვითმფრინავებისათვის ოდესმე აწყობილი ყველაზე მძლავრი ელემენტია. პროექტის ბოლო ეტაპზე, კომპანიას სურს, რომ თვითმფრინავის სიჩქარე 480 კმ/სთ-ს აღემატებოდეს.

სრულად ელექტროთვითმფრინავი კომპანიის მიერ განხორციელებული პროგრამის, ACCEL-ის საბოლოო შედეგია. პროექტის განხორციელებაში Rolls-Royce-ს ელექტროძრავებისა და კონტროლერის მწარმოებელი კომპანია YASA და საავიაციო სტარტაპი Electroflight-ი დაეხმარნენ. ზემოთ აღნიშნული YASA სრულად Mercedes-Benz-ის მფლობელობაში მყოფი კომპანიაა.

რაც შეეხება პროექტის დაფინანსებას, მისი 50% საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ბიზნესის, ენერგიისა და სამრეწველო სტრატეგიისა და ინოვაციური დეპარტამენტის პარტნიორობის შედეგია.

მნიშვნელოვანია აღნიშნული ინოვაციის როლიც გარემოსდაცვით საქმიანობაში. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, ავიამიმოსვლიდან ნახშირორჟანგის  გამოყოფა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სწრაფად გაიზარდა და 2019 წელს თითქმის 1 მეტრ გიგატონს მიაღწია. წიაღისეული საწვავის მოხმარების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის სრულ მოცულობაში ავიაციას 2.8%-იანი წილი აქვს.

გარდა ამისა, Rolls-Royce-მა აღნიშნა, რომ ACCEL-ის ტექნოლოგიურ სისტემას ისეთი პროდუქტების წარმოებაში გამოიყენებს, რომლებიც სამგზავრო თვითმფრინავებთან, ვერტიკალური ელექტროფრენისა და სადესანტო ბაზრებთანაა დაკავშირებული.

Nikola-მ საკუთარი პირველი სატვირთო ელექტროავტომობილი წარადგინა

Nikola Corp.-მა საკუთარ მომხმარებლებს კომპანიის ახალი საწარმოო ხაზი წარუდგინა. კომპანია მისი მფლობელის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების ფონზე საკუთარი პირველი  სატვირთო ელექტროავტომობილის წარმოებას იწყებს.

ფოტო: Sebastian Berger/FT

ამერიკულმა მწარმოებელმა გასულ კვირას გერმანიაში სპეციალური ღონისძიება გამართა, სადაც მის პარტნიორ, Iveco-სთან ერთად წლის ბოლოსათვის სატვირთო  ელექტროავტომობილის, Nikola Tre-ს წარმოება დააანონსა. შეერთებული შტატების ბაზარი პირველ ელემენტზე მომუშავე ელექტროსატვირთოს მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებს, საწვავზე მომუშავე ავტომობილს კი – 2023 წლისათვის.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში კომპანია IPO გახდა და პოპულარობაც მალევე მოიპოვა. კომპანიის აქციათა ფასები მალევე იმდენად გაიზარდა, რომ თითქმის Ford-ის ღირებულებას მიაღწია. თუმცა შემდეგ მისი მფლობელის წინააღმდეგ აგორებულმა სკანდალმა Nikola-ს დიდი პრობლემები შეუქმნა. სექტემბერში ტრევორ მილტონი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან გადადგა და წაყენებულ ბრალდებებში თავი უდანაშაულოდ სცნო.

Iveco-ს აღმასრულებელი დირექტორის, გერიტ მარქსის განცხადებით, საწარმო მომავალ წელს 100 სატვირთოს დაამზადებს. ხოლო შემდეგ, ყოველ წელს სამი ცვლის პირობებში 3000-მდე სატვირთოს დამზადება იქნება შესაძლებელი. მომავალ წელს Nikola არიზონის შტატში კიდევ ერთი საწარმოს გახსნას გეგმავს, სადაც საწვავზე მომუშავე სატვირთოებს აწარმოებს.

Nikola-მ და Iveco-მ საწარმოს ტექნიკურად გასაუმჯობესებლად ელექტროსატვირთოების  წარმოებისათვის 40 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს. სატვირთოს ერთი დამუხტვით 560 კილომეტრის გავლა შეეძლება და ის მოკლე რადიუსში მყოფი ტვირთების გადასაზიდად იქნება გამოსადეგი.

თვითმართვადი საბუქსირე ნავი, Odyssey, წყალში ჩასაშვებად მზადაა

როგორც ბლოგის დასაწყისშია აღნიშნული, ავტოინდუსტრია მხოლოდ ავტომობილებს არ მოიცავს და ის ბევრად უფრო ფართო სფეროა. მობილობასთან დაკავშირებული ამბები კი Forbes Auto-ს მკითხველთათვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ამ კვირის ბლოგში საზღვაო სატრანსპორტო ინდუსტრიაში მომხდარ გარდატეხაზეც გესაუბრებით, რამაც შესაძლოა საზღვაო მობილობა მნიშვნელოვნად შეცვალოს. თვითმართვადი სისტემების ყველა სახის ტრანსპორტში განვითარება კი ბუმერანგის ეფექტით დაუბრუნდება საავტომობილო სფეროსაც და მასზეც იქონიებს დადებით გავლენას. ბოლოს და ბოლოს, ევროპის უმსხვილესი ავტომწარმოებლის Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტყუილად არ აღნიშნა: „მომავალი არა ელექტრო, არამედ თვითმართვადი მანქანებისააო“.

ფოტო: Forbes.com

თვითმართვადი საბუქსირე ნავი, Odyssey, თითქმის 1,600 კილომეტრის ავტონომიურად დაფარვას რამდენიმე კვირაში შეუდგება. პროექტს სახელი ჰომეროსის ცნობილი პოემის, „ოდისეას“, პატივსაცემად დაერქვა. საბუქსირე ნავი ჰოლანდიურმა გემთმშენებელმა კომპანიამ, Damen Shipyards-მა ააგო და ის მოგზაურობას გერმანიიდან დაიწყებს. საბოლოო დანიშნულების ადგილი კი დანია იქნება.

თუმცა გემის სათავეში არა მეზღვაური, არამედ ბოსტონის საზღვაო ტექნოლოგიური ფირმის, Sea Machines-ის მიერ დამზადებული ავტონომიური, თვითმართვადი თანამედროვე სისტემა, SM300 იქნება. ამისდა მიუხედავად, ნავი მოგზაურობაში სრულიად მარტო არ გაეშვება. მასზე ეკიპაჟის რამდენიმე წევრი იქნება, რომლებიც გემის ფუნქციონირებას დააკვირდებიან.

საბუქსირე ნავის ზღვაში ჩაშვება 1 ოქტომბერს, ჰამბურგშია დაგეგმილი. Sea Machines-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ჯონსონის განმარტებით, კომპანიის მიზანია, გემის 99%-ის ავტონომიური სისტემის მიერ მართვას მიაღწიონ. მან ასევე აღნიშნა, რომ სისტემას თავად გემი გააკონტროლებს და კურსსაც თავადვე დაგეგმავს პორტიდან პორტამდე.

კომპანიის განცხადებით, თვითმართვად სისტემას შეჯახების სენსორული პროგრამა აქვს, რისი მეშვეობითაც იგი შეტაკებას თავიდან ირიდებს. სენსორების დახმარებით სისტემა სრულად აცნობიერებს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და აღიქვამს დინამიკურ, მოძრავ ობიექტებსა და ირგვლივ მყოფ გემებს. შემდეგ კი შეჯახებისა და დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად ზემოთ აღნიშნულ შეჯახების საწინააღმდეგო სისტემას იყენებს.

საინტერესოა ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში გემის მართვაში მონაწილეობის მიღება კომპანიის შტაბბინიდან, ბოსტონიდანაც იქნება შესაძლებელი.

Tesla-ს ავტოპილოტის ავარიების გამოძიების ფონზე, უწყება სხვა ავტომწარმოებლებისაგან დამატებით მონაცემებს ითხოვს

ამერიკულმა საგზაო უსაფრთხოების უწყებამ თვითმართვადი ავტომობილების შესახებ მონაცემების მოთხოვნა 12 ავტომწარმოებელს გაუგზავნა. მიზეზი Tesla-ს ავტოპილოტის ავტონომიური სისტემის შედეგად გამოწვეული ავარიების საგამოძიებო პროცესია. გასულ კვირას, შეერთებული შტატების ეროვნულმა საავტომობილო გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციამ Ford-ს, Toyota-ს, Volkswagen-სა და BMW-ს წერილები გაუგზავნა, რომელშიც ავტომწარმოებლებს მეორე თაობის მძღოლის დახმარების სისტემის შესახებ მონაცემებს სთხოვს.

ფოტო: South Jordan Police Department/AP

შეგახსენებთ, რომ მეორე თაობის, მეორე დონის თვითმართვადი სისტემები მხოლოდ ნაწილობრივ ავტონომიას ახორციელებს და მძღოლს ისეთი ქმედებების განხორციელებაში ეხმარება, როგორიც საჭის მართვა, დამუხრუჭება და ავტომატურად აჩქარებაა.

შეგახსენებთ, რომ 12 ავტომწარმოებლისათვის შეერთებული შტატების უწყების მიერ გაგზავნილი მოთხოვნა ორი კვირის წინ Tesla-სათვის გაგზავნილი წერილის გაგრძელებას წარმოადგენს. როგორც ჩანს, შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებები თვითმართვადი სისტემების რისკების შეფასებას იწყებენ.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სააგენტო ავტომწარმოებლებისაგან ითხოვს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი მეორე დონის თვითმართვადი სისტემის მქონე ავტომობილი გაყიდეს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, რა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემით იყვნენ ეს ავტომობილები აღჭურვილნი და რამდენია ავტონომიურად გავლილი მონაკვეთების სრული მანძილი.

გარდა ამისა, ავტომწარმოებლები ვალდებულნი არიან, სააგენტოს წარუდგინონ ინფორმაცია ავარიების შესახებ, რომლებშიც მეორე თაობის მქონე თვითმართვადი სისტემებით აღჭურვილი ავტომობილები მონაწილეობდნენ.