Forbes Auto: გასული კვირის სიახლეები ავტოინდუსტრიიდან

Forbes Auto: გასული კვირის სიახლეები ავტოინდუსტრიიდან

მიმდინარე კვირა მეტად საინტერესოა ავტოინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისა და ზოგადად ავტომოყვარულებისათვის. გერმანიაში, მიუნხენში სათავე აიღო საავტომობილო სფეროს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და რეპუტაციულმა ღონისძიებამ, „მიუნხენის საავტომობილო შოუმ“. ღონისძიების მსვლელობისას ცნობილი ავტომწარმოებლები სამომავლო ხედვებს მომხმარებლებს უზიარებენ, წარადგენენ საკუთარი ავტომობილების კონცეპტებს და ბევრს იგებენ კონკურენტთა საწარმოო პოლიტიკის შესახებაც. ამიტომ, ბუნებრივია, რომ Forbes Auto-ს ამ კვირის მიმოხილვას მიუნხენში წარმოდგენილი სიახლეებით დავიწყებთ.

დიდი გადატვირთვა: მიუნხენის ავტო შოუს ეკო-მეგობრული ელფერი

გერმანიის ყველაზე დიდი საავტომობილო ღონისძიება, რომელიც მიუნხენში იმართება აღარ არის მხოლოდ ავტო შოუ. Covid-19-ის პანდემიის შემდეგ გამართული საავტომობილო ღონისძიება მიზნად ისახავს, ყურადღება გაამახვილოს ზოგადად მობილობაზე, დაწყებული ველოსიპედებით, გაგრძელებული ელექტრო სკუტერებით და დამთავრებული ავტომობილებით.

REUTERS/Michaela Rehle

ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებით, მიუნხენის შოუს მთავარი მოტო კლიმატ-მეგობრული ძრავები და ტრანსპორტის ციფრული კავშირი იქნება. კლიმატის დაცვისათვის გადადგმული ნაბიჯები კი ის ფაქტორი იქნება, რაც ავტო შოუზე წარმოდგენილ ყველა მსხვილ ავტომწარმოებელს გააერთიანებს.

შოუმ წელს ფრანკფურტიდან მიუნხენში გადაინაცვლა და მისი თემატიკა „მომავლის მობილობაა“. თუმცა, პანდემიამ და კლიმატური ცვლილებების გავლენამ ავტო შოუს საკმაოდ უხერხული ჩრდილი მიაყენა, რაც ღონისძიებაზე დამსწრეთა რიცხვებშიც საკმაოდ ნათლად გამოიხატება. თუკი 2015 წელს დასწრების მაჩვენებელი 930,000 იყო, 2019 წელს ეს რიცხვი 560,000-მდე შემცირდა.

საინტერესოა ისიც, რომ მიუნხენის ავტო შოუზე დასწრების სურვილი არ გამოთქვეს ისეთმა მსხვილმა ავტომწარმოებლებმა, როგორებიც არიან: Toyota, Jaguar-ის Land Rover, Stellantis და მისი გერმანული ბრენდი Opel და Ferrari.

REUTERS/Andreas Gebert

სხვა ავტომწარმოებლებისათვის გამოყოფილ სპეციალურ ზონებს კი Mercedes-Benz, Audi, Mini, CANYON-ის ელექტრო ველოსიპედი და სხვა მსხვილი ბრენდები ამშვენებენ. პარალელურად ამისა კი მიუნხენში მრავალი დემონსტრაცია გაიმართა ავტომწარმოებლების არა-ეკომეგობრული პოლიტიკის წინააღმდეგ. დემონსტრანტები აპელირებდნენ, რომ ავტომწარმოებლების ბოლოდროინდელი მოჩვენებითი ელექტრო პოლიტიკის მიუხედავად, მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წიაღისეულ საწვავზე მომუშავე SUV-ები წარმოადგენს.

Mercedes-Benz G Class-ს მომავალში ელექტრო ძრავი ექნება

ავტომოყვარულებისათვის საკულტო ავტომობილი, Mercedes G-wagen მომავალში ელექტრო ძრავით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ გერმანულმა ავტომწარმოებელმა სწორედ მიუნხენის საავტომობილო შოუზე განაცხადა და G კლასის კონცეპტიც წარადგინა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კი ავტო ექსპერტებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

Photo: Mercedes

მერსედესის ცნობილი ავტომობილის ახალი კონცეპტი ფიზიკურად ძალიან ჰგავს მთვარის მავალს, რაც მისი კონცეპტ ვიდეოდანაც საკმაოდ ნათლად იკვეთება. ოფიციალურად ახალი G-wagen Concept EQG-ის სახელით წარადგინეს. თუმცა, ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. გამავლობის, გადაადგილების მანძილის, ელემენტების ზომისა თუ ელექტრო ძრავიდან გამოყოფილი ძალის შესახებ ინფორმაცია ცნობილი მოგვიანებით გახდება. ამჟამად გერმანული ავტომწარმოებელი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ავტომობილს 4-ვე წამყვანი თვალი და 22-ინჩიანი დისკები ექნება.

მთავარი კრიტიკა მერსედესმა საკუთარი პრინციპულობის ღალატის გამო დაიმსახურა. გერმანული ავტომწარმოებელი საავტომობილო ინდუსტრიაში საკუთარი ავტომობილების მაღალი კომფორტულობითაა ცნობილი. თუმცა, Mercedes მთელი ამ ხნის განმავლობაში ავთენტურობის დაცვის არგუმენტით, ცდილობდა G-wagen-სთვის პირვანდელი იერი და სახე შეენარჩუნებინა. ეს გამოიხატებოდა ყველაფერში, ძარას მოყვანილობაში, ავტომობილის სიხისტეში, კარის დახურვის საკულტო ხმასა თუ სხვა მრავალ დეტალში. ავტომობილის შიდა წვის ძრავსაც დამახასიათებელი ხმა ჰქონდა, რის გამოც იგი მომხმარებელთა ერთგულებას იმსახურებდა. ავტომობილისათვის ელექტრო ძრავის დამატებით კი მერსედესმა არჩეულ გზას გადაუხვია, თუმცა უმჯობესი იქნება ნაადრევი დასკვნებისაგან თავი შევიკავოთ და ავტომობილის გამოსვლას დაველოდოთ.

Photo: Mercedes

შეგახსენებთ, რომ Mercedes-ს G-wagen-ის ელექტროძრავიანი მოდელების წარმოებაში ჩაშვების თარიღის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

Hyundai ევროპის ბაზრისათვის სრულად ელექტრო ავტომობილებს 2035 წლისათვის გამოუშვებს

2045 წლისათვის ნახშირორჟანგ-ნეიტრალური მიზნების მისაღწევად, Hyundai 2035 წლისათვის სპეციალურად ევროპის ბაზარზე შეწყვეტს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას.

აღნიშნულის შესახებ განცხადება Hyundai-მ მიუნხენის საავტომობილო შოუზე გააკეთა, სადაც ახალი Ioniq 6-ის კონცეპტიც წარადგინა. სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისათვის გლობალური გაყიდვების 30% სწორედ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებზე მოდიოდეს. გარდა ამისა, კომპანია იმედოვნებს, რომ 2040 წლისათვის სრული გაყიდვების 80%-ს ელექტრო და წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილები წარმოადგენს.

Photo via AUTOCAR

ყველაზე ადრე, აღნიშნულ ცვლილებას ევროპაში დიდი ბრიტანეთი გამოსცდის საკუთარ თავზე. ეს კი განპირობებულია მთავრობის გადაწყვეტილებით, 2030 წლიდან აკრძალოს წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები საკუთარ ტერიტორიაზე.

გაყიდვების ძირითადი ნაწილი კი Hyundai-ს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების, Ioniq-ების ხაზზე იქნება დამოკიდებული. სამხრეთ კორეული ავტომწარმოებლის მიერ წარდგენილი Ioniq 6-ის კონცეპტი კი ექსპლუატაციაში რამდენიმე თვეში ჩაეშვება.

გარდა ამისა, Hyundai-მ მიუნხენის საავტომობილო შოუზე საკუთარი პირველი თვითმართვადი ავტომობილი, Ioniq 5-ის ბაზაზე აწყობილი, RoboTaxi წარადგინა, რომელიც შეერთებული შტატების ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდება. აღნიშნული ავტომობილი მეოთხე თაობის თვითმართვადი ფუნქციონალითაა აღჭურვილი.

Hyundai ავტომობილებისათვის სამომავლოდ შიდა წარმოების ჩიპებს გამოიყენებს

გლობალური ჩიპების დეფიციტის ფონზე სამხრეთ კორეულმა ავტომწარმოებელმა საკმაოდ მომგებიანი გადაწყვეტილება მიიღო. სამომავლოდ, Hyundai საკუთარი ავტომობილების წარმოებისათვის შიდა წარმოების ნახევარგამტარებს გამოიყენებს, რათა მიწოდების ჯაჭვი გააძლიეროს და სხვა მწარმოებლების მსგავსად საკუთარი ქარხნების დახურვა არ მოუწიოს. მაგალითისათვის, გასულ კვირას, ამერიკულმა ავტო გიგანტმა, GM-მა, წარმოება ჩრდილოეთ ამერიკაში სრულიად შეაჩერა. თუმცა, აღნიშნულ ავტომწარმოებელს გარდა ჩიპების დეფიციტისა, სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც აქვს, რაზეც წინა კვირის ბლოგში ვისაუბრეთ.

მსგავსი გადაწყვეტილებების თავიდან ასაცილებლად, Hyundai-მ გადაწყვიტა ნახევარგამტარები თავადვე აწარმოოს. ჩიპების საწარმოებლად კი სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი სისტემური ჩიპების კომპანია, Magnachip Semiconductor Corp.-თან ითანამშრომლებს.

ის ავტომობილი კი, რომელიც პირველად გატესტავს შიდა წარმოების ნახევარგამტარებს ჰიუნდაის ელექტრო ავტომობილი, ზემოთ აღნიშნული Ioniq 6, შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა, თავად Hyundai პრესასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით ჩიპების წარმოების დაწყების თარიღი გადაწყვეტილი არ არის.

საინტერესოა, რომ ივნისში მსგავსი ინფორმაცია ცნობილმა მედია სააგენტომ, Reuters-მაც გამოაქვეყნა. მათ აღნიშნეს, რომ უცხოელ მომწოდებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, სამხრეთ კორეული ბრენდი ადგილობრივ ჩიპების მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს მართავდა.

Volkswagen-ის CEO: საერთო სურათს არა ელექტრომობილები, არამედ ჭკვიანი ავტომობილები შეცვლიან

გერმანული ავტომწარმოებლის, გაყიდვებით მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ავტო ბრენდის, Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰერბერტ დისის განცხადებით, სინამდვილეში საერთო ფონის შემცვლელი არა ელექტრომობილები, არამედ თვითმართვადი, ავტონომიური ავტომობილებია.

ევროპის უმსხვილესი ავტომწარმოებლის განცხადებით, ელექტრომობილებმა საკუთარი უპირატესობა გაყიდვებშიც უნდა აჩვენონ, რათა მათი ეფექტიანობა დადასტურდეს. მანამდე კი, ავტოინდუსტრიას სრულიად თავდაყირა ავტონომიური მანქანები დააყენებენ. აღნიშნულის შესახებ Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიუნხენის საავტომობილო შოუზე ისაუბრა.

REUTERS/Jan Schwartz

გარდა ამისა, ჰერბერტ დისმა, გარემოს დამცველთა ზეწოლაზეც ისაუბრა და არგუმენტად ევროკომისიის გადაწყვეტილება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც 2035 წლიდან ევროპაში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება.

საინტერესოა, რომ სწორედ ჰერბერტ დისი ისახავს მიზნად, რომ 2025 წლისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრ მობილების გაყიდვები Volkswagen-ს ჰქონდეს და ამ მაჩვენებლით Tesla-ს გადაუსწროს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. Volkswagen-ის ამბიციები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

Volkswagen-მა თვითმართვადი პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპი Argo AI შეიძინა და გადაწყვიტა, რომ საკუთარი ბიზნესის მომავლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ქვაკუთხედი სწორედ ავტონომიური მანქანებისათვის პროგრამული უზრუნველყოფა გახდეს.

Daimler-ის CEO: ავტომწარმოებლები ჩიპების დეფიციტის პრობლემის წინაშე 2023 წლამდე იქნებიან

გერმანიის მთავარ საავტომობილო ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა Mercedes-Benz-ის მფლობელი კომპანიის, Daimler-ის აღმასრულებელმა დირექტორმაც. მისი განცხადებით, ნახევარგამტარებზე გაზრდილი მოთხოვნა ავტოინდუსტრიისათვის პრობლემა მთელი შემდეგი წლის განმავლობაში და 2023 წლის დასაწყისისათვისაც იქნება.

ჩიპების დეფიციტი, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ავტომწარმოებლისათვის უკვე ღამის კოშმარად იქცა. აღნიშნული პრობლემისაგან თავის დაღწევის გზები კი ჯერ-ჯერობით არ ჩანს. თუმცა, ერთეული კომპანიები გამოსავლის პოვნას მაინც ცდილობენ, რის მაგალითსაც ზემოთ აღნიშნული Hyundai წარმოადგენს.

REUTERS/Michaela Rehle

პანდემიის ახალი შტამები სულ უფრო მეტ პრობლემებს ქმნიან მიწოდების ჯაჭვებში, რის გამოც ავტოინდუსტრია მნიშვნელოვნად ზარალდება. შეფერხებული წარმოება კი სამომავლოდ ახალი ავტომობილების ფასების გაზრდასაც მოასწავებს.

საინტერესოა, რომ ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ავტომობილებიც სულ უფრო მეტად დამოკიდებულები ხდებიან ჩიპებზე. შესაბამისად, ეს უკანასკნელი სტრატეგიულ დეტალსაც წარმოადგენს ავტოწარმოებაში. ნახევარგამტარებზე დამოკიდებულია ყველაფერი დაწყებული ავტომობილის ძრავების კომპიუტერული მენეჯმენტიდან, დამთავრებული მძღოლის დამხმარე ფუნქციონალით, როგორიც საავარიო მუხრუჭი და სხვა ფუნქციებია.

გასულ კვირას, Daimler-მა განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნული პრობლემის გამო, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Mercedes-ის გაყიდვების ძალიან დაბალ მონაცემებს ელოდებიან.

BMW-მ მექსიკაში საწარმოს გაფართოებასთან ერთად სპორტული ავტომობილის ახალი ხაზი წარმოადგინა

სიახლეებით დატვირთული კვირა იყო კიდევ ერთი მსხვილი გერმანული ავტომწარმოებლის, BMW-სთვისაც. ამ უკანასკნელმა მე-2 სერიის კუპე ავტომობილის ახალი საწარმოო ხაზი წარმოადგინა, რამაც, მათივე პროგნოზით, კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს.

REUTERS/Lucy Nicholson

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტომობილის ექსპორტი ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარე წლის ბოლოსათვის დაიწყება, ხოლო ევროპული ბაზარი მე-2 სერიის ახალ ხაზს 2022 წლის დასაწყისში იხილავს. BMW-ს ამერიკულ ვებ-გვერდზე დაყრდნობით, 2022 წლის მოდელების ფასები 36,000 აშშ დოლარიდან 59,000 აშშ დოლარამდე მერყეობს, კომპლექტაციების მიხედვით.

BMW-მ მე-2 სერიის ახალი საწარმოო ხაზის განვითარებაში 125 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და გააფართოვა შესაძლებლობები მე-3 სერიის სედანის მოდელის წარმოებისთვისაც.  თუმცა, კომპანიას ჯერჯერობით არ დაუსახელებია, მე-2 სერიის მოდელის კონკრეტულად რამდენი გამოშვებას გეგმავს.

BMW-მ ავტო შოუზე 4 ადგილიანი გადამუშავებადი ელექტრომობილის კონცეპტი წარადგინა

განსხვავებით მე-2 სერიის განახლებული ხაზის წარმოებისაგან, რომელიც უკვე მიმდინარე წლის ბოლოსათვის ჩაეშვება, მიუნხენის ავტო შოუზე გერმანულმა ავტომწარმოებელმა მომავლის მანქანის კონცეპტი წარადგინა.

2040 წლისათვის კომპანია 4-ადგილიანი გადამუშავებადი ელექტრომობილის წარმოების დაწყებას გეგმავს, რაც ავტოინდუსტრიაში ინოვაციას წარმოადგენს. BMW-ს ახალ მოდელს I Vision Circular ერქმევა და იგი 100%-ით გადამუშავებადი მასალისაგან იქნება შექმნილი, ენერგიისათვის კი მყარ მდგომარეობაში მყოფ ელემენტებს გამოიყენებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ავტომობილი წრიული ეკონომიკის ხედვის ფარგლებშია შექმნილი და მთავარი კონცეფცია „შემცირებას, თავიდან გამოყენებასა და გადამუშავების“ თემატიკას ეფუძნება.

როგორც ავტო შოუზე განაცხადეს, ავტომობილი სრულიად გადამუშავებადი მასალისგანაა შექმნილი, რომლის თავიდან გამოყენებაც შესაძლებელი იქნება. გარდა ამისა, ენერგიის წყაროსათვის იგი მყარ მდგომარეობაში მყოფ ელემენტებს გამოიყენებს განსხვავებით ამჟამინდელი ლითიუმის იონის შემცველი ელემენტებისაგან. აღნიშნული ინოვაცია კი, კომპანიის განცხადებით, ენერგოეფექტურია და ამცირებს მნიშვნელოვანი რესურსების გამოყენებასაც.

BMW-ს ახალი ავტომობილის კონცეპტი გამორჩეულია როგორც ტექნიკური მახასიათებლებითა და ფუნქციონალით, ისე ვიზუალურადაც. მისი დიზაინი გამორჩეულია გერმანული ავტომწარმოებლის მიერ შემოთავაზებული ყველა წინა მოდელისაგან, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

Mercedes-Maybach EQS SUV: მდიდრული ბრენდის ელექტრო მომავალი

საკუთარი ახალი ავტომობილის კონცეპტი მიუნხენის ავტო შოუზე მდიდრულმა ბრენდმა, მერსედესის Maybach-მაც წარმოადგინა. მან საკუთარი SUV ავტომობილის ხაზი შიდა წვის ძრავიდან ელექტრო ძრავზე პირველად გადაიყვანა და ამ გადაწყვეტილებით სფეროს ექსპერტთა მოწონებაც დაიმსახურა.

Photo vi AUTOCAR

განსხვავებით G-wagen-ის კონცეპტისაგან, რომლის წარმოების დაწყების თარიღიც ჯერ უცნობია, მაიბახის აღნიშნული ავტომობილი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდება. ავტომობილს ერთი დამუხტვით დაახლოებით 600 კილომეტრის გავლა შეეძლება.

მდიდრული ბრენდის მიზანი სხვა ძვირადღირებული ავტომწარმოებლების, Bentley-სა და Rolls Royce-სთვის კონკურენციის გაწევა იქნება ელექტრო SUV-ების ხაზში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მომხმარებელთა ქცევების ცვლილებებმა განაპირობა. მათი თქმით, მდიდრული ავტომობილების შემძენი მომხმარებლები სულ უფრო ახალგაზრდები ხდებიან, შესაბამისად, იცვლება მათი დამოკიდებულებაც მდიდრულობის მიმართ. მათ სულ უფრო მეტად უჩნდებათ ინტერესი ელექტრო ძრავიანი ძვირადღირებული ავტომობილებისადმი, რაც მაიბახისათვის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზიც გახდა.

Image via AUTOCAR

Maybach-ის ახალ ავტომობილს ორი ელექტრო ძრავი ექნება და მათ ერთობლივად 650 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლებათ.

Image via AUTOCAR
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *