Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Forbes Auto: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

ავტოინდუსტრიაში წელი წარმატებულად დაიწყო და წარმატებულადვე გრძელდება. Forbes Georgia-ც აგრძელებს მკითხველისათვის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი სიახლეების გაცნობას. მიმდინარე კვირის ავტობლოგში თქვენ გაეცნობით ისეთ სიახლეებს, როგორიცაა: ამერიკული Tesla-ს მიერ პროგრამულ უზრუნველყოფაში მძღოლის დამხმარე ახალი საშუალებების დამატება, იტალიური Maserati-ს ახალი ნაბიჯი ელექტრომობილების Formula E-ში, გერმანული BMW-ს ინოვაციური ტექნოლოგია ინდუსტრიაში, Volkswagen-ის ჩამორჩენის ხარისხი Tesla-სთან ელექტრომობილების რბოლაში.

Tesla საკუთარი ავტომობილებში ახალ მძღოლის დამხმარე ფუნქციონალს ამატებს

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ საკუთარი ავტომობილებისათვის მძღოლის დამხმარე კიდევ ერთი ფუნქციონალი გამოუშვა. დამატებითი ფუნქციით სარგებლობისას ავტომობილი წინა მანქანასთან უფრო ნაკლებ დისტანციას დაიცავს, მოძრაობის ზოლებს უფრო ხშირად შეიცვლის და მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.

ფოტო: GETTY IMAGES

საინტერესოა, რომ მართვის ამგვარი სტილი, როგორც წესი, საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მიუღებელია. ამიტომ რთული სათქმელია, რამდენად დიდ მოწონებას დაიმსახურებს Tesla-ს ახალი ფუნქცია.

ზოგიერთი საავტომობილო ექსპერტის მტკიცებით, ხშირ შემთხვევაში უფრო უსაფრთხოა, როდესაც ამგვარი სისტემები უფრო ინტერაქციულებია,  ვიდრე ზედმეტი სიფრთხილის გამომჩენი, ამიტომ შესაძლოა, მას დადებითი გამოხმაურებებიც მოჰყვეს.

შეგახსენებთ, რომ Tesla-ს ავტომობილები ავტოპილოტის ფუნქციითაც არიან აღჭურვილნი. თუმცა ავტოპილოტის სხვადასხვაგვარი ტიპები გვხვდება. ზოგიერთი მათგანი სრულიად თვითმართვადია, ზოგიც მხოლოდ მცირე სახის დახმარებას სთავაზობს მძღოლს, რაც საავარიო მუხრუჭის სახით გამოიხატება. გასული წლის ოქტომბერში კი ამერიკულმა ავტომწარმოებელმა ავტოპილოტის ფუნქცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა და საკუთარ მომხმარებლებს სამი ოფცია შესთავაზა.

როგორც აღვნიშნეთ, სიახლემ საზოგადოებაში პროტესტის განცდა გამოიწვია, თუმცა არიან ადამიანებიც, ვისაც ეს უფრო უსაფრთხოდ მიაჩნიათ. ექსპერტთა უმრავლესობის მოსაზრებით, ზოგადად, თვითმართვადი ტექნოლოგია ადამიანის მიერ მართულ ავტომობილზე უსაფრთხოდ ითვლება. ამას კი რამდენიმე მიზეზით ხსნიან. უპირველეს ყოვლისა, მათი მოსაზრებით, ტექნოლოგიას რეაქციის დრო ბევრად ნაკლები აქვს, რაც მეტად პრევენციულია. გარდა ამისა, თვითმართვადი ტექნოლოგიები ადამიანური შეცდომის ალბათობასაც გამორიცხავს, რაც შესაძლოა, ჩაძინების სახით გამოიხატოს.

თუმცა სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Tesla-ს ავტოპილოტს უამრავი ხარვეზი აქვს, რის გამოც ავტომწარმოებელს ელექტრომობილების უკან გამოხმობაც არაერთხელ მოუწია. საინტერესოა, რამდენად გამართულად იმუშავებს აღნიშნული განახლება.

იტალიური Maserati 2023 წლიდან ელექტრო Formula E-ს გუნდს შეუერთდება

ელექტრომობილების საავტომობილო რბოლის ჩემპიონატს, Formula E-ს ინდუსტრიის კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი შეემატება. ყველასათვის ცნობილი და პრემიუმ-ხარისხის ავტომობილების იტალიური მწარმოებელი, Maserati ჩემპიონატს 2023 წლიდან შეუერთდება.

ფოტო: Maserati/Formula E

საინტერესოა, რომ Maserati პირველი იტალიური ბრენდი გახლავთ, რომელიც Formula E-ში მიიღებს მონაწილეობას, რაც ნამდვილად გასაკვირია. როგორც ჩანს, იტალიური Ferrari და Lamborghini ჯერჯერობით ელექტრომობილების სარბოლო ჩემპიონატით არ დაინტერესებულან. ამან კი მაზერატის შესაძლოა ძალიან კომფორტული უპირატესობა მისცეს მომავალში.

სიახლეა ისიც, რომ ავტომწარმოებელი ერთადგილიანი რბოლის ჩემპიონატს 60-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. იტალიური Maserati ფორმულა 1-ის ჩემპიონატში მონაწილეობას შორეულ 1950-იან წლებში იღებდა. მას შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს Maserati ფორმულა 1-ში ბრუნდებოდა, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. საკითხი ყოველ წელს თავიდან ხდება აქტუალური, თუმცა კომპანიისაგან დადებითი პასუხის მოლოდინში ავტომოყვარულებმა უკვე 60 წელი გაატარეს.

სანაცვლოდ, იტალიური მდიდრული ბრენდი საკუთარ გუნდს ელექტროფორმულაზე  გამოიყვანს, რაც არანაკლებ პრესტიჟული ჩემპიონატია. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საავტომობილო ტრენდის გათვალისწინებით, შესაძლოა, Formula E-მ სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი პოპულარობაც მოიპოვოს.

კომპანიის განცხადებით, Maserati Formula E-ს საკუთარი მესამე თაობის, ყველაზე მსუბუქი და ყველაზე სწრაფი ავტომობილით შეუერთდება. Formula E-სა და საავტომობილო საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, მესამე თაობის სარბოლო ელექტრომანქანები პლანეტის ყველაზე ენერგოეფექტიანი ელექტრომობილები იქნებიან. მათ საკუთარი შესაძლებლობების 40%-ის გამომუშავება მხოლოდ დამუხრუჭებით მიღებული ენერგიით შეეძლებათ, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია.

BMW-ს უახლესი ავტომობილისათვის ფერების შეცვლას აპლიკაციის დახმარებით შეძლებთ

ლას-ვეგასში სამომხმარებლო ელექტროტექნიკის მწარმოებელთა ასოციაციის ეგიდით გამართულ გამოფენაზე (CES) გერმანულმა ავტომწარმოებელმა, BMW-მ, მსოფლიოში პირველი ცვალებადი ფერების მქონე ავტომობილი წარადგინა. BMW-ს კონცეპტუალურ ავტომობილს iX Flow ერქმევა და ის ექსტერიერში ელექტრონული მელნის ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომლის დახმარებითაც ავტომობილისათვის თეთრი და ნაცრისფერი ორნამენტების შეცვლა იქნება შესაძლებელი.

ფოტო: REUTERS/Steve Marcus

BMW-ის კვლევითი ინჟინრის, სტელა კლარკის, განცხადებით, ტექნოლოგიის დახმარებით ავტომობილისათვის ფერის ცვლილება სრულიად ენერგოეფექტიანია. მისი განმარტებით, მთავარი გამოწვევა ინჟინრებისათვის მასალის სამგანზომილებიან ობიექტზე მორგება იყო.

ფერის ცვლილების დინამიკა კი შემდეგში მდგომარეობს: აპლიკაციის დახმარებით კონტროლირებადი ელექტრონული სიგნალები ტექნოლოგიას უკავშირდება. მასალას სხვადასხვა პიგმენტი ზედაპირზე ამოაქვს, ეს კი მანქანას სხვადასხვა ფერის ჩრდილსა და დიზაინს ანიჭებს. თუმცა ეს ფერები თეთრისა და ნაცრისფრის გამაში მონაცვლეობს.

სტელა კლარკის განმარტებით, მომავალში ფერის ცვალებადობა შესაძლოა ავტომობილის ინტერიერში არსებული პანელით ან ღილაკითაც კი იყოს შესაძლებელი. BMW-ის ინფორმაციით, ფერის ცვლილებისათვის არც ერთი სახის ენერგია არ არის საჭირო.

BMW საკუთარი მომხმარებლებისათვის ტექნოლოგიური სიახლეების მიწოდებას კვლავ განაგრძობს. გერმანული ავტომწარმოებელი საკმაოდ კონკურენტულ ინდუსტრიაში საკუთარი ნიშის მოძებნას სხვადასხვა გზით ცდილობს. მის მიერ დანერგილი ელექტრონული მელნის ტექნოლოგია კი ამ ყველაფერში დიდ დახმარებას გაუწევს.

Volkswagen-ის გაყიდვები 2021 წელს 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლები რაოდენობის ავტომობილი გაყიდა. კომპანიის გაყიდვებმა 2021 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 8.9 მილიონი ერთეული შეადგინა. Volkswagen-ის განცხადებით, აღნიშნული ჩავარდნა გასულ წელს არსებულ მიწოდების ჯაჭვის პრობლემის „დამსახურებაა“. კომპანიაში მსგავსი რთული ვითარების შენარჩუნებას 2022 წლის შუა პერიოდამდე მოელიან.

ფოტო: REUTERS/Aly Song

გერმანული ავტმოწარმოებლის გაყიდვები 2020 წლის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 8%-ით შემცირდა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. უშუალოდ Volkswagen-ის ბრენდირებით 2021 წელს 4.9 მილიონი ავტომობილი გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ Volkswagen Group-ის მფლობელობაში არაერთი ცნობილი ავტობრენდი  ერთიანდება. მათ შორის კი ცნობილი Audi, Bentley, Skoda და SEAT-იც არიან.

კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის განცხადებით, მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, კომპანია საკუთარი გაყიდვებით კმაყოფილია.

საინტერესოა, რომ Volkswagen-ის კონკურენტი  Daimler-ის გაყიდვებიც შემცირებულია. კლებამ 2021 წელს კიდევ ერთი გერმანული ავტომწარმოებლისათვის დაახლოებით 5% შეადგინა.

სანაცვლოდ, Volkswagen-ს ზრდა ჰქონდა ჰიბრიდული ავტოებისა და ელექტრომობილების სექტორში. ბუნებრივია, ზრდა იმდენად დიდი არ ყოფილა, რომ გლობალურ შედეგებზე მოეხდინა გავლენა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ელექტროძრავების მქონე ჰიბრიდული ან სრულად ელექტრომობილების გაყიდვებმა კომპანიის საერთო გაყიდვების 20-25% შეადგინა. ეს კი ამჟამინდელი მოცემულობით საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

რაც შეეხება მხოლოდ ელექტრომობილების გაყიდვებს. საერთო მიწოდებაში მათი წილი მხოლოდ 5%-ით შემოიფარგლა, რაც ორჯერ დიდი მაჩვენებელია 2020 წლის მონაცემებზე. Volkswagen-ის გეგმებით, 2030 წლისათვის მათი გაყიდვების 50% სწორედ სრულად ელექტრომობილებზე უნდა მოდიოდეს.

Tesla-ს ატრიბუტიკის შეძენას უკვე Dogecoin-თაც შეძლებთ

გასულ კვირას საავტომობილო ინდუსტრიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. სფეროს ექსპერტების უმეტესობა ამ მოვლენას რევოლუციურსაც უწოდებს. ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, Tesla-მ საკუთარი ატრიბუტიკის შეძენის შესაძლებლობა მომხმარებლებს კრიპტოვალუტით, Doge-თ მისცა.

ფოტო: Tesla

აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, საკუთარ Twitter-ანგარიშით გაავრცელა. მომხმარებლებს კრიპტოვალუტით სამი პროდუქტის, სასტვენის, ქამრის სამაგრისა და კიბერკვადროციკლის  საბავშვო ვერსიის შეძენა შეეძლებათ. საინტერესოა ისიც, რომ ამჟამად ამ პროდუქტების შეძენა მხოლოდ Doge-თ არის შესაძლებელი, ვებგვერდიდან დოლარით მათი ყიდვის ოფცია კი ამოღებულია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მილიარდერი კრიპტოვალუტა Dogecoin-ს პოპულარიზაციას უკვე დიდი ხანია, უწევს. ამისათვის კი მილიარდერი  Twitter-ის საკუთარ ანგარიშს იყენებს. გასულ წელს მან Dogecoin-თან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაავრცელა, რამაც მისი ღირებულების უეცარი მატება ან კლება გამოიწვია.

ილონ მასკის მტკიცებით, Dogecoin-ი ბიტკოინთან შედარებით უფრო ეკომეგობრული კრიპტოვალუტაა. გარემოსთან შეუთავსებლობა კი სწორედ ის მიზეზი გახდა, რატომაც აკრძალა Tesla-მ ბიტკოინით პროდუქტების შესყიდვის შესაძლებლობა. ცნობისათვის, კომპანიამ ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად 2021 წლის თებერვალში აღიარა, თუმცა დაახლოებით ორ თვეში ისევ აკრძალა.

Ford-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 100 მილიარდ აშშ დოლარს ისტორიაში პირველად მიაღწია

Ford Motor-ის საბაზრო კაპიტალის ღირებულება ისტორიაში პირველად 100 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. საფონდო ბირჟებზე გასული კვირის ბოლო სავაჭრო დღეს Ford-ის აქციათა ფასები 5.7%-ით გაიზარდა და 25.87 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოცი წლის საუკეთესო მაჩვენებელია.

ფოტო: Rebecca Cook | Reuters

როგორც ჩანს, ამგვარი ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი Ford-ის გეგმები გახლავთ ელექტრომობილების წარმოების ზრდასთან დაკავშირებით. ამერიკული ავტომწარმოებელი საკუთარი ახალი ელექტრომოდელების,  Mustang Mach-E-სა და ელექტროპიკაპის, F-150-ის წარმოების ზრდას გეგმავს. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც აღნიშნულმა მოდელებმა მომხმარებლებისაგან დიდი მოწონება დაიმსახურა.

Ford-ის საბაზრო კაპიტალის ღირებულება მისი პირდაპირი კონკურენტის, ასევე ამერიკული, GM-ის საბაზრო კაპიტალიზაციაზე მეტია. ამ უკანასკნელის ღირებულება 90 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, ჯერჯერობით, კომპანიას Tesla-სათვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება. შეგახსენებთ, რომ Tesla ერთადერთი ავტომწარმოებელი გახლავთ, რომლის საბაზრო კაპიტალის ღირებულებამაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

Lucid Motors- ი საუდის არაბეთში ელექტრომობილების საწარმოს გახსნის

ელექტრომობილების მწარმოებელი Lucid Motors-ი 2025 წლისათვის საუდის არაბეთში ელექტრომობილების საწარმოს გახსნას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, ამჟამად საუდის არაბეთის სამინისტროებთან შესაბამისი ნებართვების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ფოტო: David Paul Morris/Bloomberg

Lucid Group-ის თავმჯდომარემ, ედნრიუ ლივერისმა, Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეერთებული შტატების ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს.

საინტერესოა, რომ Lucid-ის გეგმების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გაჟღერდა. 169 000 აშშ დოლარის ღირებულების ელექტრო Air-ის მწარმოებელი კომპანია საკუთარი საწარმოს გახსნას წითელ ზღვასთან ახლოს მდებარე ქალაქში, ჯედაში, გეგმავს.  $360-მილიარდიანი საჯარო საინვესტიციო ფონდი, რომელიც უკვე ფლობს საკუთარ წილს Lucid-ში, სრულად უზრუნველყოფს კომპანიას საწარმოსათვის აუცილებელი რესურსით, რომელიც მეფე აბდულას ეკონომიკურ ქალაქში აშენდება.

Lucid Motors-ის მიზანი 2021 წელს 577 ერთეული ელექტრომობილის მიწოდება იყო. აქედან 520 ლიმიტირებული Dream Edition-ი გახლდათ, რომელსაც ერთი სრული დამუხტვით 830 კილომეტრის გავლა შეუძლია. დანარჩენი კი უფრო დაბალი კომპლექტაციის ვერსიები, Grand Touring-ი.

CyberTruck-ის გამოშვების თარიღმა 2023 წლის პირველ კვარტალამდე გადაიწია

საკითხთან დაახლოებულმა პიროვნებამ მედიასააგენტო Reuters-ს საიდუმლოდ განუცხადა, რომ Tesla საკუთარი ელექტრო Cybertruck-ის გამოშვების დაწყებას 2023 წლის პირველი კვარტალიდან გეგმავს. ცნობისათვის, ავტომობილის პროტოტიპის წარდგენისას, Tesla-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, განაცხადა, რომ ავტომობილის წარმოება 2021 წლიდან დაიწყებოდა. თუმცა მას შემდეგ პროცესი სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ გადაიდო.

ფოტო: REUTERS/Jeenah Moon

პიროვნების განმარტებით, რომელმაც საიდუმლოდ დარჩენა ისურვა, კიდევ ერთი გადადება ფუნქციონალის შეცვლას უკავშირდება. Tesla ცდილობს, რომ საკუთარი ელექტრო CyberTruck-ი კონკურენტუნარიანი იყოს და მისმა ფუნქციებმა გამოშვების შემდეგ შეუფერხებლად იმუშაოს.

წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველად ამერიკული ავტომწარმოებელი ელექტრომობილის შეზღუდული რაოდენობით გამოშვებას გეგმავს. 2023 წლის ბოლოდან კი ელექტრომობილის ფართომასშტაბიანი წარმოებაც დაიწყება. საინტერესოა, რომ თავად Tesla-ს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Tesla საკუთარ მომხმარებლებს სედანისა და SUV ტიპის ელექტრომობილების დიდ არჩევანს სთავაზობს. მწარმოებელი საკმაოდ პოპულარულია შიდა ბაზარზე. თუმცა მას ამერიკელებისათვის ყველაზე პოპულარული სეგმენტი, პიკაპების ხაზი, ჯერ არ აუთვისებია. სანაცვლოდ, კონკურენტები, Ford-ი და Rivian-ი, ამ სეგმენტში Tesla-ზე ბევრად წინ არიან.

Ford-ის განცხადებით, ის საკუთარი ახალი F-150 ელექტროპიკაპების წარმოების რაოდენობას წელს 150 000-მდე გაზრდის. ეს კი მას მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემს.

ცნობისათვის, ილონ მასკმა ელექტროპიკაპის კონცეპტი ჯერ კიდევ 2019 წელს წარადგინა. მაშინ ავტომობილის გამოშვება 2021 წლის ბოლოსათვის დაანონსდა. თუმცა ეს თარიღი ერთხელ უკვე შეიცვალა. ამჟამად მომხმარებლები ელექტრომობილის წარმოების დაწყებას 2022 წლის ბოლოსათვის ელოდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდება. საინტერესოა, თუ რა კომენტარს გააკეთებს Tesla ამასთან დაკავშირებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *