ამერიკულმა Forbes-მა მილიარდერების 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის მონაცემებზე დაყრდნობით, ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $2.2 მილიარდით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 4.9 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებულ ქონებას ფლობდა და სიაში 624-ე პოზიციას იკავებდა. მიმდინარე წლის რეიტინგში კი მისი ქონება 2.7 მილიარდ აშშ დოლარამდეა შემცირებული და ის სიაში 1299-ე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში სულ ორი ქართველია წარმოდგენილი. ბიძინა ივანიშვილთან ერთად სიაში მიხეილ ლომთაძეს ვხვდებით, რომელიც საქართველოს უმდიდრესი ადამიანია. მან ივანიშვილს ეს სტატუსი 2024 წელს ჩამოართვა.
როგორც Forbes-ის რეიტინგშია ნაჩვენები, ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ის თანამფლობელი მილიარდერებს შორის სიმდიდრით 579-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება $5.9 მილიარდად არის შეფასებული. ცნობისთვის, 2024 წელს ლომთაძე, $5.2 მილიარდით, რეიტინგში 581-ე პოზიციაზე იყო.