Forbes: თბილისის ბუტიკის ტიპის საუკეთესო სასტუმროები

Forbes: თბილისის ბუტიკის ტიპის საუკეთესო სასტუმროები

საქართველო, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ჯერ კიდევ უცნობი ტურისტული დანიშნულება და მისი დედაქალაქი – თბილისი, მსოფლიოში დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება. საქართველოს და თბილისის მიმართ მზარდ ინტერესზე მიუთითებს როგორც ქვეყანაში შემოსული ტურისტების მზარდი ნაკადი, ასევე ისიც, რომ მსოფლიოს წამყვანმა ბიზნესგამოცემამ, ამერიკულმა Forbes-მა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის საუკეთესო რესტორნებით დაინტერესდა, ამჯერად დედაქალაქის ბუტიკის ტიპის საუკეთესო სასტუმროების ჩამონათვალი შემოგვთავაზა, რომელშიც თოთხმეტი დაწესებულება შეიყვანა.

„რთულია, საქართველოსთან დაკავშირებული ემოციები გაუზიარო ადამიანს, რომელიც ამ მცირე ზომის, მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანას არ იცნობს, – წერს ამერიკული Forbes-ის კონტრიბუტორი, ბრიანა უილსონი. – კავკასიონს, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის მდებარე საქართველო – უნიკალური ქვეყანაა. ეს არის ადგილი, სადაც ევროპის გავლენა ისეთივე მძლავრია, როგორიც აზიის, შუა აღმოსავლეთისა და საბჭოთა კავშირის, და სადაც საკვები ისეთივე განსხვავებულია, როგორიც ღვინო, რომელიც, თავისთავად, საოცრად დინამიკური და პოპულარულია“.

რაკიღა ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია, თბილისის ბუტიკის ტიპის საუკეთესო სასტუმროების ჩამონათვალს, რომელზეც ამერიკულმა Forbes-მა იმუშავა, გამოცემის ქართულენოვანი რედაქცია უცვლელად გთავაზობთ.

Unfound Door

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი 111, თბილისი, საქართველო

დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ეს სასტუმრო, რომლის ინტერიერს ბუნებრივად ერწყმის შენობის კედლებზე შემორჩენილი ძველებური ფრესკები, ერთგვარი ნაბიჯია წარსულში. Unfound Door-ი არის ადგილი, სადაც თავის დროზე კულტურული ელიტა იკრიბებოდა – თანაც, ეს ენერგია დღესაც იგრძნობა. სასტუმროში სულ შვიდი ნომერია და თითოეული მათგანი – უნიკალურია.

ფოტო: UNFOUND DOOR

Communal Plekhanovi

მისამართი: ეგნატე ნინოშვილის ქ. 22, თბილისი, საქართველო

შენობა, რომელშიც Communal Plekhanovi-მა ბინა დაიდო, ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ნაგებობაა მთელ ჩუღურეთში. თუმცა, უნიკალური სტილის გარდა, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ამ სასტუმროს, თბილისის ბუტიკის ტიპის სხვა სასტუმროებისგან ბრენდის ესთეტიკა და იქ მდებარე რესტორანი, Weller-ი გამოარჩევს.

ფოტო: COMMUNAL HOTELS

Bazzar Boutique Hotel

მისამართი: ფხოვის ქ. 3, თბილისი, საქართველო

Bazzar Boutique Hotel-ი თბილისის ერთ-ერთი უახლესი სასტუმროა, რომელიც იდეალურად ერწყმის მთაწმინდის მდიდარ და გამოუცნობ ისტორიას. სასტუმროს ცისფერი კედლები და ხასხასა სტაფილოსფერი და თეთრი ფერები, რომლებითაც აბაზანები არის გაწყობილი, საქმითა და სიცოცხლით მჩქეფარე ორბელიანის მოედანს გადაჰყურებს. აღნიშნული ოცნომრიანი სასტუმრო ისეთივე ცოცხალია, როგორიც ის უბანი, რომელშიც ის მდებარეობს.

ფოტო: BAZZAR BOUTIQUE HOTEL

The House Hotel Old Tbilisi

მისამართი: ჩახრუხაძის ქ. 15, თბილისი, საქართველო

ძველი თბილისის უახლესი სასტუმრო – The Hose Hotel Old Tbilisi, ის მომხიბვლელი ადგილია, სადაც ღამისა და დღის გატარება ერთი დიდი სიამოვნებაა. ამ ჩვიდმეტნომრიანი სასტუმროს თითოეული ნომერი უნიკალურია, რადგან ისინი ადგილობრივი ხელოვანის, მუსია ქებურიას მიერ შესრულებული კედლის ნახატებითაა შემკული. ამასთანავე, სასტუმროში დარჩენისას, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ეზოში მდებარე საუცხოო რესტორანს, სახელწოდებით Blue Fox-ს.

ფოტო: HOUSE HOTELS

The 10

მისამართი: ზურაბ ჟვანიას ქ. 10, თბილისი, საქართველო

მთაწმინდაზე მდებარე ეს სასტუმრო და რესტორანი ნამდვილი განძია, რომელიც ადამიანების მიერ მის აღმოჩენას ელის. ამასთანავე, ის იმდენად კომფორტულია, რომ იქ ღამის გატარება მეგობართან დარჩენას მოგაგონებთ. ცხადია, სტუმარმასპინძლობაც ისეთია, როგორიც მეგობრულ გარემოს შეეფერება.

ფოტო: THE 10

g.Vino City Wine Hotel

მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქ. 82, თბილისი, საქართველო

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ეს სასტუმრო ბუნებრივ ღვინოს ეძღვნება – ეს აისახება როგორც სასტუმროში არსებულ გარემოზე, ასევე მის დევიზზეც. g.Vino City Wine Hotel-ი ღვინის მოყვარულების საყვარელი ადგილია, სადაც ისინი უნიკალური ღვინოების დასაგემოვნებლად იკრიბებიან.

ფოტო: G.VINO CITY WINE HOTEL

Kisi Boutique Hotel

მისამართი: ბოტანიკური ქ. 17, თბილისი, საქართველო

ნარიყალას ციხესიმაგრესა და აბანოთუბანს შორის, გოგირდის აბანოების სახელგანთქმულ უბანში მდებარე Kisi Boutique Hotel-ი ის სასტუმროა, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. დილა აივანზე, თბილისის უძველესი უბნის უნიკალური ხედებით ტკბობაში გაატარეთ, საღამოს კი ბოტანიკურ ბაღში აისეირნეთ.

ფოტო: KISI BOUTIQUE HOTEL

Shota @ Rustaveli Boutique Hotel

მისამართი: ტარას შევჩენკოს ქ. 1, თბილისი, საქართველო

შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებული ბუტიკის ტიპის ეს სასტუმრო არა მხოლოდ საოცრად გემოვნებიანია, არამედ იმ რამდენიმე სასტუმროდან ერთ-ერთია, რომელსაც აუზი და საუნა აქვს – თბილისში ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. დილით აუზს ენერგიული მუხტის მისაღებად ესტუმრეთ, საღამოს კი – რელაქსაციისთვის, მაგრამ მოგვიანებით აუცილებლად დააგემოვნეთ სასტუმროში მდებარე რესტორნის, Melograno-ს უგემრიელესი კერძები.

ფოტო: SHOTA @ RUSTAVELI BOUTIQUE HOTEL

Sandali Metekhi Boutique Hotel

მისამართი: ვიქტორ ჯორბენაძის ქ. 23, თბილისი, საქართველო

მდინარე მტკვარზე, ევროპის მოედანსა და რიყის პარკზე გამავალი ხედების მქონე Sandali Metekhi Boutique Hotel-ი ის სასტუმროა, რომელიც საკუთარი ნომერ-ლუქსებითაა განთქმული. სასტუმროს განსაკუთრებულ ნომრებს შორის, აუცილებლად უნდა გამოვყოთ ტერასის მქონე ნომერ-ლუქსი, შუშის ნომერ-ლუქსი და გარეთა აბაზანის მქონე ნომერ-ლუქსები.

ფოტო: TBILISI LUXURY BOUTIQUE HOTELS

Timber Boutique Hotel

მისამართი: ალექსანდრე ხახანაშვილის ქ. 37, თბილისი, საქართველო

ინდუსტრიულ გარემოში მდებარე ეს ოცდათექვსმეტნომრიანი სასტუმრო ქალაქის ტურისტული აჟიოტაჟის კერებისგან მოშორებით, ხახანაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, რაც მას მეტად მშვიდი, საცხოვრებელი უბნისთვის დამახასიათებელი აურით აღავსებს. სასტუმროსთან ახლოს არაერთი საინტერესო ადგილი მდებარეობს, მათ შორის იოსებ სტალინის საიდუმლო სტამბა, Battleground-ის სასროლეთი და ლეხ კაჩინსკის სახელობის ბაღი.

ფოტო: TIMBER HOTELS

Hotel Abanotubani

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის ქ. 3/9, თბილისი, საქართველო

აღნიშნული სასტუმრო მის სტუმარს გოგირდის აბანოებისა და თბილისის ულამაზესი ხედების უნიკალური კომბინაციის გამოცდის საშუალებას აძლევს – თანაც, არა მხოლოდ მზიან ზაფხულში, არამედ სუსხიან ზამთარშიც კი. გოგირდის აბანოებით დაინტერესებულებს ორ ვარიანტს შემოგთავაზებთ – „გულოს თერმულ აბანოსა“ და „ჭრელ აბანოს“, რომელთა გამოცდის შემდეგ, „კულინარიუმ ხაშერიაში“ სტუმრობა არ უნდა დაგავიწყდეთ.

ფოტო: HOTEL ABANOTUBANI

Alphabet Hotel

მისამართი: თელავის ქ. 3, თბილისი, საქართველო

Alphabet Hotel-ი ერთ-ერთი ის სასტუმროა, რომელიც მომხმარებლებს უნიკალურ ლოკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ავლაბრის მეტრომდე ათი წუთის სავალზე მდებარე ამ სასტუმროში ინდუსტრიული ელეგანტურობა ხვდება რეტროს, მაგრამ ყველაფერი ეს სახლის მსგავს თბილ შთაბეჭდილებას ქმნის.

ფოტო: ALPHABET HOTEL

TbiliSee Hotel

მისამართი: ბეთლემის ქ. 24, თბილისი, საქართველო

ძველი თბილისის შუაგულში, ბეთლემის ქუჩაზე მდებარე ეს სასტუმრო მართლაც იმ სასტუმროების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ – სასტუმროს სახელწოდებაში არსებული სიტყვა „see”-ც ხომ ამის მანიშნებელია. TbiliSee Hotel-ში დარჩენისას გასართობი ნამდვილად არ მოგაკლდებათ, რადგან ახლოს არის როგორც „ილუზიების მუზეუმი“, ასევე „გალერეა 27“ და „ფრიდას კაფე“.

ფოტო: TBILISEE HOTEL

Stamba Hotel

მისამართი: მერაბ კოსტავას ქ. 14, თბილისი, საქართველო

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ თბილისის საუკეთესო სასტუმროების არც ერთი რეიტინგი სრულყოფილი არ არის, თუ მასში სასტუმრო Stamba არ შედის. თავისთავად Stamba, რომელიც ქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი ინდუსტრიული სტამბის შენობაში მდებარეობს, თბილისური შიკის მწვერვალად ითვლება. Stamba-ში რომ მოხვდებით, აუცილებლად ესტუმრეთ კაფეს, ღია ცის ქვეშ მდებარე ამფითეატრსა და ვერტიკალურ ბაღებს.

ფოტო: STAMBA HOTEL

* სტატიაში გამოყენებული აღწერები ინგლისურენოვანი მასალის მოკლე შინაარსს წარმოადგენს