FTC-მა Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შესყიდვის დაბლოკვა კიდევ ერთხელ მოითხოვა

FTC-მა Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შესყიდვის დაბლოკვა კიდევ ერთხელ მოითხოვა

ამერიკულმა მარეგულირებელმა Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის $69 მილიარდად შესყიდვის დაბლოკვა სასამართლოსგან კიდევ ერთხელ მოითხოვა. აშშ-ის ვაჭრობის ფედერალური კომისიის (FTC) მიერ გავრცელებული განცხადებით, კომპიუტერული თამაშების ისტორიაში ყველაზე დიდი გარიგება ინდუსტრიაში კონკურენციის ხარისხს მნიშვნელოვნად შეასუსტებს.

აშშ-ის მარეგულირებელმა აღნიშნული მოთხოვნა კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააჟღერა, რაც მსგავსი რისკის გამო გარიგება ბრიტანულმა მარეგულირებელმაც დაბლოკა, ხოლო ევროკავშირმა მისი განხორციელების ნებართვა გასცა.

სასამართლო პროცესები აშშ-ში საკითხთან დაკავშირებით აგვისტოში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ Microsoft-ს კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი Activision Blizzard-ის შესყიდვისთვის ამერიკული, ბრიტანული და ევროკავშირის მარეგულირებლების ნებართვა სჭირდება.

ევროკომისიამ გარიგებას მწვანე შუქი რამდენიმე კვირის წინ აუნთო და განმარტა, რომ Microsoft-ის მიერ წარმოდგენილი 10-წლიანი უფასო სალიცენზიო შეთავაზება ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პირობებს აკმაყოფილებს. საპირისპიროს ამტკიცებს ბრიტანული მარეგულირებელი და აცხადებს, რომ გარიგება საფრთხეს უქმნის ინოვაციების განვითარებას და მომხმარებლებისათვის არჩევანს ამცირებს.

Microsoft-ის პრეზიდენტის, ბრედ სმიტის განცხადებით, კომპანია მიესალმება აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში საკუთარი პოზიციის დაცვის შესაძლებლობას და შეეცდება, ამერიკული მარეგულირებელი გარიგებისათვის მწვანე შუქის ანთებაში სამართლიანად დაარწმუნოს.

Microsoft-ს Activision Blizzard-ის შეძენა ბაზარზე არსებული უმსხვილესი მოთამაშე Sony-სათვის კონკურენციის გასაწევად სურს.