FTX-მა $5 მილიარდზე მეტის აქტივების აღდგენა შეძლო

FTX-მა $5 მილიარდზე მეტის აქტივების აღდგენა შეძლო

კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-მა $5 მილიარდზე მეტი ღირებულების ლიკვიდური აქტივების აღდგენა შეძლო, თუმცა კომპანიის დაშლით მომხმარებლებისთვის მიყენებული ზარალის მოცულობა ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამის შესახებ კომპანიის ადვოკატმა აშშ-ის სასამართლოს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ სემ ბენკმენ-ფრიდის მიერ დაარსებულმა FTX-მა სასამართლოს, კანონით გათვალისწინებული გაკოტრების პროცესის მოთხოვნით, ნოემბერში მიმართა. მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟა გასულ წელს $32 მილიარდად იყო შეფასებული. ამერიკელმა პროკურორებმა ბენკმენ-ფრიდი „ეპიკური“ თაღლითობის ორგანიზებაში დაადანაშაულეს, რომელიც შესაძლოა ინვესტორებს, მომხმარებლებსა და კრედიტორებს მილიარდობით დოლარი დაუჯდეთ.

კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ის ადვოკატის ენდი დიტდერიხის განცხადებით, აღმოჩენილი ლიკვიდური კრიპტოვალუტისა და საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების ღირებულება $5 მილიარდს აღემატება. დიტდერიხის ინფორმაციით, კომპანია არასტრატეგიული ინვესტიციების გაყიდვასაც გეგმავს, რომელთა საბალანსო ღირებულება $4.6 მილიარდია.

მიუხედავად ამისა, დიტდერიხის განცხადებით, იურიდიული გუნდი ჯერ კიდევ მუშაობს ზუსტი შიდა ჩანაწერების შესაქმნელად და მომხმარებლის რეალური ზარალი უცნობია. თუმცა აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ მომხმარებელთა მიერ დაკარგული ფინანსური სახსრები $8 მილიარდზე  მეტად შეაფასა.

ადვოკატის ცნობით, $5 მილიარდით აღდგენილი აქტივები არ მოიცავს ბაჰამის ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ დაყადაღებულ აქტივებს, სადაც კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობდა. დიტდერიხმა ჩამორთმეული აქტივები $170 მილიონად შეაფასა, მაშინ როდესაც ბაჰამის ხელისუფლების შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებელი $3.5 მილიარდს აღწევდა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ჩამორთმეული აქტივები ძირითადად FTX-ის მიერ გამოშვებულ ტოკენ FTT-ს მოიცავს.