დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას უკრაინასთან, რათა ქვეყნის მიმართ ამერიკის გრძელვადიანი მხარდაჭერა დაადასტუროს. შეთანხმებას ხელი იტალიაში შვიდი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრის დროს მოეწერება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ასაჯაროებენ.
G7-ის სამიტზე ჯო ბაიდენი დიდ სახელმწიფოთა ლიდერებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებაზე საერთო შეთანხმების მიღწევას შეეცდება. გარდა ამისა, სამიტზე კონფლიქტში ჩინეთის როლსა და ქვეყნის რუსეთთან გაღრმავებულ ურთიერთობებსაც განიხილავენ.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, უსაფრთხოების ახალი შეთანხმება კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ აშშ მზადაა, უკრაინას მხარდაჭერა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გამოუცხადოს, განსაკუთრებით – თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა ამისა, ჯეიკ სალივანი განმარტავს, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერით აშშ ვლადიმირ პუტინს შეტყობინებასაც გაუგზავნის, რომ უკრაინის კოალიციური მხარდაჭერა კვლავ გრძელდება.
ბილატერალური ანუ ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები უკრაინასთან 15-ზე მეტმა სახელმწიფომ გააფორმა. აშშ-ის ახალი შეთანხმების მიზანი უკრაინისათვის დახმარების გაზრდა იქნება. თუმცა ჯეიკ სალივანმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელი სამხედროების პირდაპირი ჩართულობა არ განიხილება.