საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში გადაგზავნილი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ფისკალური დეფიციტის და მთავრობის ვალის პარამეტრები მშპ-ის მიმართ შესაბამისად 2.5% და 38.0%-ის დონეზეა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებლები გაუმჯობესებულია წინა წელთან შედარებით და კიდევ უფრო მკვეთრი გაუმჯობესებაა პანდემიის პერიოდში დაფიქსირებული პარამეტრებისგან, როცა 2020 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 9.3%, ხოლო მთავრობის ვალი 60.2%-ს შეადგენდა მშპ-თან მიმართებაში. ამასთან, 2024 წლის ბიუჯეტი ეფუძნება შემდეგ მაკრო პარამეტრებს: ეკონომიკური ზრდა – 5.2%, ინფლაცია – 3.0% და ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში – 2.71.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის შემოსავლების 90.4%-ს გადასახადები აგენერირებს, რომელიც 22.1 მლრდ ლარის დონეზეა დაგეგმილი, რაც მშპ-ის 25.6%-ია. რაც შეეხება მიმდინარე ხარჯებს, ყველაზე მსხვილი ხარჯვითი კატეგორია 38.7%-იანი წილით სოციალური მიმართულების ხარჯებია (პენსიები და ჯანდაცვა), შემდეგ მოდის შრომის ანაზღაურება (15.6% წილი) და საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები (14.7%). ამასთან, პენსიის ინდექსაციის გათვალისწინებით, 2024 წლის იანვრიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიები 50 ლარით – 415 ლარამდე, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით – 315 ლარამდე იზრდება.
მთავრობა ინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების მაღალ დონეს. 2024 წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯები წლიურად 5.4%-ით იზრდება 7.1 მლრდ ლარამდე, რაც მშპ-ის 8.3%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან მოყოლებული კაპიტალური ხარჯების წილი მშპ-ში 8.0%-9.0%-ის ფარგლებშია, რასაც ეკონომიკურ აქტივობაზე განგრძობითი პოზიტიური გავლენა აქვს. რაც შეეხება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების განკერძოებას, ამ კუთხით წინა წლის მსგავსად, 2024 წლის ბიუჯეტში 350 მლნ ლარის აქტივების პრივატიზაციაა დაგეგმილი. S