პომპეის არქეოლოგიური საგანძურის საქართველოში მოგზაურობა დასრულდა. უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით აქტუალურია პომპეისადმი მიძღვნილი გამოფენები, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან მუზეუმში გაიმართა. ამ მხრივ ეროვნული მუზეუმიც არ ყოფილა გამონაკლისი. გამოფენას „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა სამი თვის განმავლობაში უმასპინძლა, ხოლო შემდეგ, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გადაინაცვლა.
ამასთანავე, მუზეუმში გაიმართა National Geographic – საქართველოს ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია, რომლის მთავარი თემაა ის 100 აღმოჩენა, რომელთა საშუალებითაც ჩვენი შორეული წინაპრები საკუთარ ამბებს მოგვითხრობენ. მათ შორის, ღირსეული ადგილი უკავიათ დმანისის ჰომინინებსა და პომპეის ნაქალაქარს. ნოემბრის ნომრის სტატიაში „აფრიკიდან დმანისისკენ“ პროფესორი დავით ლორთქიფანიძე დმანისის თავგადასავალის შესახებ მოგვითხროს.
ღონისძიების განმავლობაში სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ, როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენა, სადაც დმანისის აღმოჩენებია წარმოდგენილი, ასევე, გამოფენა პომპეიდან, რომელიც სწორედ ამ ღონისძიებით დაიხურა.
გამოფენის მხარდამჭერია თიბისი, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ეროვნული საგანძურის პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის მისი თანამედროვე ციფრული ფორმატებით გაცნობაა. თიბისი უკვე მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამეცნიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასარგებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებას ახალი ცოდნის მიღების და მუდმივი აღმოჩენების კეთების საშუალებას თანამედროვე ფორმატების მეშვეობით აძლევს.