გამორჩეული სამკაულები Met Gala-ს 2023 წლის ღონისძიებიდან

გამორჩეული სამკაულები Met Gala-ს 2023 წლის ღონისძიებიდან

მოდის „სუპერთასად“ წოდებული Met Gala, რომელიც ტრადიციულად მაისის პირველ ორშაბათს იმართება, მიმდინარე წელს დიზაინერ კარლ ლაგერფელდს და მის მემკვიდრეობას მიეძღვნა. ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გამართულ ღონისძიებას მრავალი ვარსკვლავი დაესწრო, მათი ჩაცმულობა კი, რა თქმა უნდა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

წლევანდელ Met Gala-ზე უმეტესად შავ-თეთრი ფერები ჭარბობდა, რაც ხაზს უსვამდა ღონისძიების მთავარ თემას – “Karl Lagerfeld: A Line of Beauty” – ლეგენდარულ დიზაინერსა და მის 65-წლიან მოღვაწეობას მრავალი მოდის სახლისთვის, რომელთაგანაც გამორჩეული, რასაკვირველია, Chanel-ი და მისი საკუთარი ლეიბლი იყო. თუმცა, ტანისამოსის გარდა, წლევანდელი Met Gala-ს საღამო ძვირად ღირებული და Chanel-ის სტილით შთაგონებული სამკაულებითაც გახლდათ საყურადღებო, რომლებიც სრულად ავსებდა საკულტო ლუქებს ლაგერფელდის შთამბეჭდავი კარიერის მომენტებიდან.

2023 წლის Met Gala-ს სტუმრებს შორის იყო ბარბადოსელი მომღერალი რიანა, რომელსაც Bulgari High Jewelry-ის ყელსაბამი ამშვენებდა. რიანას სამკაული თეთრ ოქროში ჩასმული მსხლის ფორმის ხუთი ბრილიანტისგან, 118 Akoya-ს მარგალიტისგან, დამატებით შვიდი მსხლის ფორმის ბრილიანტისა და 561 „სუფთა წყლის“ ბრილიანტისგან შედგებოდა. გარდა ამისა, მომღერალმა მის ჩაცმულობას Belperron-ის წლევანდელი კოლექციიდან საყურეები და მარგალიტის ვინტაჟური ყელსაბამიც შეუხამა, ხელზე კი Verdura Maltese-ს თანამედროვე ვერსია, ჯვრის გამოსახულების მქონე სამაჯური ეკეთა, რომელიც პირველად ფულკო დი ვერდურამ კოკო შანელისთვის შექმნა.

წლევანდელი Met Gala-ს თანაორგანიზატორი და მომღერალი დუა ლიპა კი ღონისძიებაზე Tiffany-ის თეთრი ოქროს ყელსაბამით წარდგა, რომელიც 200 კარატზე მეტი წონის ბრილიანტით იყო გაფორმებული. ყელსაბამის გარდა, დუა ცხრაკარატიანი ბრილიანტის ბეჭდითა და Tiffany & Co. Schlumberger-ის ბეჭდებით იწონებდა თავს. აღსანიშნავია, რომ ყელსაბამის მთავარი ბრილიანტი, სახელწოდებით „ლეგენდარული“, ცნობილი Tiffany Diamond.-ის პროპორციებით იყო მოჭრილი.

ღონისძიების სტუმრებს შორის იყო მოდელი ჯიჯი ჰადიდი, რომელიც წვეულებაზე Smiling Rocks-ის ბრილიანტით და Lagos-ის ბრილიანტითა და მარგალიტებით გაფორმებული სამკაულებით გამოჩნდა. Bulgari-ის გლობალური ელჩი ენ ჰეთევეი Met Gala-ზე Bulgari High Jewelry Monete-ის ვერცხლის მონეტით გაფორმებულ ყვითელი ოქროს ყელსაბამისა და სამაჯურის კომპლექტითა და Divas’ Dream-ის საყურეებით წარდგა.

მოდელი კარა დელევინი წლევანდელ Met Gala-ს Chrome Hearts-ის ყელსაბამით, ჯვრითა და ბეჭდებით მორთული დაესწრო. მსახიობმა პენელოპე კრუზმა კი არჩევანი Chanel High Jewelry-ის სამკაულებზე შეაჩერა. Chanel High Jewelry-ის ბრილიანტების საყურეებითა და ბეჭდებით წარდგა მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენიც, მის მსგავსად კი, Chanel High Jewelry-ის სამაჯურებზე, საყურეებსა და ბეჭდებზე არჩევანი მოდელმა ნაომი კემპბელმაც შეაჩერა.

ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის წლევანდელი ოსკარების გამარჯვებული მალაიზიელი მსახიობი მიშელ იოუ Cartier High Jewelry-ის ბრილიანტებითა და Mille-ის საათით წარდგა ღონისძიების სტუმრების წინაშე.

რიტა ორამ არჩევანი Buccellati-ის ბრილიანტის საყურეებსა და სამაჯურებზე შეაჩერა, Chanel-ში ლაგერფელდის მოღვაწეობის პატივსაცემად კი ფრჩხილებზე გრძელი მარგალიტები ჰქონდა მიმაგრებული. მარგალიტისა და ბრილიანტის საყურეებით, წლევანდელ Met Gala-ზე წარმოდგენილი იყო მომღერალი Cardi B-იც. მომღერალ Doja Cat-ს კი, რომელიც ღონისძიებაზე კარლ ლაგერფელდის კატით ინსპირირებული კოსტიუმით წარდგა, Messika-ს ბრილიანტის დიადემა, ბრილიანტის სამკლავური, სამაჯურები და ბეჭდები ამშვენებდა.

რიანა Met Gala 2023-ზე
დუა ლიპა Met Gala 2023-ზე
ჯიჯი ჰადიდი Met Gala 2023-ზე
ენ ჰეთევეი Met Gala 2023-ზე
კარა დელევინი Met Gala 2023-ზე
პენელოპე კრუზი Met Gala 2023-ზე
ჟიზელ ბიუნდჰენი Met Gala 2023-ზე
ნაომი კემპბელი Met Gala 2023-ზე
რიტა ორა Met Gala 2023-ზე
Cardi B Met Gala 2023-ზე
Doja Cat Met Gala 2023-ზე
მიშელ იოუ Met Gala 2023-ზე