გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

ერთი მხრივ, ნოემბრის გაეროს კლიმატური სამიტის მოახლოება და, ამასთან ერთად, ბაიდენის მიერ რამდენიმე თვის წინ დამტკიცებული „ინფლაციის შემცირების კანონპროექტი“ მწვანე გეგმებსა და ინვესტიციებზე უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სწორედ ამ უკანასკნელის ფარგლებში, როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ $27-მილიარდიანი „მწვანე ბანკის“ შექმნის პროცესი დაიწყო. ახალი „მწვანე ბანკის“ გრანტები ნულოვანი ემისიების პროექტების განხორციელებას მოხმარდება და დაუცველ მოსახლეობაში განახლებადი ენერგიის განსავითარებლად ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფს, რაც გავლენას, დაბინძურების შემცირების გარდა, ენერგოეფექტიანობის ზრდაზეც მოახდენს.

მოახლოებულ COP27-თან ერთად ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლა მატულობს – იზრდება ღარიბი ქვეყნების მოთხოვნაც ზარალის კომპენსაციის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. ამისათვის კი ორშაბათს 27 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის მინისტრები შეიკრიბებიან და კლიმატური სამიტისთვის პოზიციებს შეაჯერებენ. ევროკავშირს ეხება გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც, კერძოდ კი ბლოკის ახალი შეთანხმება, რომელიც 2035 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვას აკრძალავს.

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო $27-მილიარდიანი „მწვანე ბანკის“ შექმნაზე იწყებს მუშაობას

გასულ კვირას აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ $27-მილიარდიანი „მწვანე ბანკის“ შექმნის პროცესი დაიწყო. გრანტები, რომლებსაც ახალი „მწვანე ბანკი“ გამოყოფს, განკუთვნილი იქნება როგორც ამერიკის შეერთებული შტატების დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად, ასევე ნულოვანი ემისიების პროექტების განსახორციელებლად.

„სათბური აირების შემცირების ფონდი“ ადმინისტრაციის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან და გარემოსდაცვითი უსამართლობების წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. „ამაღელვებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენ ვქმნით პროგრამას, რომელიც მილიარდობით დოლარის კაპიტალს შემოიტანს ადგილობრივ მოსახლეობაში. ეს კი პირდაპირ გავლენას მოახდენს ენერგოეფექტიანობის პროგრამებზე, მზის ენერგიის წარმოებაზე და იმ პროექტებზე, რომლებიც შეამცირებს დაბინძურებას და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის“, – განაცხადა სააგენტოს ადმინისტრატორმა მაიკლ რეგანმა.

REUTERS/Lucy Nicholson

რეგანის ინფორმაციით, ფონდი იქნება „ტრანსფორმაციული“ და კაპიტალით უზრუნველყოფს ქვეყნის იმ ნაწილს, რომელსაც სუფთა ენერგიისა და სატრანსპორტო გეგმებისთვის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა არა აქვს. ცნობისთვის, ახალი ფონდი ბაიდენის „ინფლაციის შემცირების აქტის“ ფარგლებში შეიქმნა. ფონდს ზედამხედველობას სწორედ გარემოს დაცვის სააგენტო გაუწევს, რომელმაც პროგრამის საუკეთესო სტრუქტურირებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული მოსმენის სესია წამოიყო. სესიაში მონაწილეობას საფინანსო ინსტიტუტები, ადგილობრივი თვითმმართველობები და მუშაკები მიიღებენ.

„ინფლაციის შემცირების აქტი“ კლიმატთან დაკავშირებულ მწვანე ინვესტიციებზე, მათ შორის ფონდზე, $362 მილიარდს დახარჯავს. ფონდი დაახლოებით ორი ათეული „მწვანე ბანკის“ მოდელის გაფართოების შესაძლებლობად აღიქმება, რომლებიც აშშ-ის სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარეობენ და ინვესტიციებს ისეთ საზოგადოებრივ პროგრამებში ახორციელებენ, როგორიცაა საცხოვრებლების მზის ენერგიით უზრუნველყოფა და ელექტრომობილების დასატენი მოწყობილობების განთავსება.

აღნიშნული არაკომერციული „მწვანე ბანკები“, ანდაც სათბური აირების შემცირების ფონდები, პროექტებს „რისკებისგან თავის დაღწევაში“ ეხმარებიან. ფონდები, დაბალი შემოსავლის მქონე საზოგადოებებში, ერთგვარი ფინანსური საყრდენის როლს ასრულებს და მათ კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვაშიც ეხმარება. რა ტიპის პროექტები და ფინანსური სტრუქტურები მიიღებენ დაფინანსებას „მწვანე ბანკებისგან“, გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.

„ზარალი და ზიანი“: EU კლიმატის კომპენსაციის შესახებ შეთანხმებისთვის COP27-ზე ზეწოლას განიცდის

ორშაბათს ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები წლევანდელ გაეროს კლიმატის კონფერენციისთვის მოლაპარაკებების პოზიციის შეჯერებას შეეცდებიან. რა თქმა უნდა, ეს მოიცავს ზიანის კომპენსაციის საკამათო საკითხსაც, რომელიც კლიმატის ცვლილების შედეგად, მსოფლიოს ღარიბი ნაწილისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს.

ევროკავშირი, სათბური აირებით მსოფლიოს მესამე უმსხვილესი დამბინძურებელი, განვითარებადი ქვეყნების მხრიდან ზეწოლას ბოლო წლებია, განსაკუთრებით განიცდის. „ზარალისა და ზიანის“ კომპენსაციის ფარგლებში, განვითარებადი ქვეყნები მსოფლიოს მდიდარი ნაწილისგან სწორედ იმ კლიმატური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც მათ მდიდარი ქვეყნების ემისიების შედეგად ადგებათ.

REUTERS/Phil Noble

„ჩვენ ყველა იდეას მოლაპარაკებების მაგიდამდე მივიტანთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ადაპტაციის, ზარალისა და ზიანის საკითხი სწორედ განვითარებადი ქვეყნების ინტერესების შესაბამისად იქნება განხილული“, – განაცხადა ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის უფროსმა ფრანს ტიმერმანსმა და დასძინა, რომ ამ საკითხში ორგანიზაციის მიერ თავისი როლის შესრულება უმნიშვნელოვანესია.

ორშაბათს გასამართ შეხვედრაზე, მინისტრთა მხრიდან შეთანხმების მიღწევის მცდელობა მოწმობს, რომ ბლოკი ეგვიპტეში, ნოემბერში ჩანიშნულ COP27-ზე კომპენსაციის შესახებ მოლაპარაკებების გამართვას მხარს დაუჭერს. საინტერესოა, რომ სამიტის დღის წესრიგში „ზარალისა და ზიანის“ საკითხის მოხვედრაც კი საკამათო აღმოჩნდა, მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებული შეხედულებების ფონზე.

ეგვიპტის კლიმატის სამიტზე განვითარებადი ქვეყნები, კლიმატის ზემოქმედებით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად, ფონდის შექმნის მოწოდებით გამოვლენ. ასეთი შემთხვევაა, მაგალითად, პაკისტანი, სადაც წლევანდელ წყალდიდობას თითქმის 1,700 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, მინისტრები ევროკავშირის არსებულ კლიმატურ მიზნებზეც ისაუბრებენ და მათი განახლებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს განიხილავენ. დიპლომატთა ნაწილის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყნებს კლიმატური მიზნების გაამბიციურებისთვის ერთსულოვანი სურვილი არ გააჩნიათ.

ჩინეთი მსოფლიოში ქარის უდიდეს ელექტროსადგურს ააშენებს – ობიექტი 13 მილიონი სახლის ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს

ჩინეთი მსოფლიოში ქარის უდიდესი ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს, რომლის მიერ წარმოებული ენერგია საკმარისი იქნება ნორვეგიის მთლიანი საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ათი კილომეტრი სიგრძის ობიექტი ათასობით მძლავრი ტურბინით იქნება დაკომპლექტებული.

ტაივანის სრუტეში 43.3 გიგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურის აშენების გეგმა ჩინეთის პროვინცია გუანდუნის ქალაქ ჩაოჭოუს ეკუთვნის. ქარიანი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ტურბინებს დროის 43%-49%-ის განმავლობაში შეეძლებათ მუშაობა. პროვინციის მესვეურთა ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა 2025 წლამდე დაიწყება და ის, დასრულების შემდგომ, მსოფლიოში ქარის უდიდესი ელექტროსადგური გახდება. ტიტული ამჟამად ასევე ჩინეთში მდებარე Jiuquan Wind Power-ის ბაზას ეკუთვნის, რომლის სიმძლავრეც 20 გიგავატს აღწევს.

REUTERS/Carlos Garcia Rawlins

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩინეთის ახალი ობიექტი 43.4 გიგავატი ენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ცნობისთვის, გიგავატი მილიარდ ვატს უდრის, ერთი გიგავატი ენერგიის გამომუშავებას კი დაახლოებით სამი მილიონი მზის პანელი სჭირდება. ერთ გიგავატს 100 მილიონი დიოდური სინათლის (LED), ანდაც 300,000 საშუალო ევროპული სახლის ენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია. შესაბამისად, ჩინეთის ახალ ობიექტს 4.3 მილიონი LED-ნათების, ან 13 მილიონი სახლის ენერგიით მომარაგება შეეძლება.

ჩინეთის მიზანია, ელექტროენერგიის მესამედის გამომუშავება 2025 წლისთვის განახლებადი ენერგიის წყაროებიდან შეძლოს. თუმცა წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევისთვის, ჩინეთს 2060 წელი აქვს განსაზღვრული, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად შორეული თარიღია. „ჩვენ აქტიურად და წინდახედულად ვიმუშავებთ, რათა მივაღწიოთ ნახშირბადის ემისიების პიკისა და შემდგომში, უკვე ნეიტრალიტეტის მიზნებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა სი ძინპინმა კომუნისტური პარტიის კონგრესზე.

COP27: 2030 წლისთვის სათბური აირების გლობალური გამონაბოლქვი 10.6%-ით გაიზრდება

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები მათ ამჟამინდელ კლიმატურ ვალდებულებებს შეასრულებენ, 2030 წლისთვის სათბური აირების გლობალური გამონაბოლქვი 2010 წელთან შედარებით, 10.6%-ით გაიზრდება. მონაცემებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თავის ანგარიშში აქვეყნებს.

გაეროს კლიმატის ცვლილებების მთავრობათაშორისი პანელის განცხადებით, 2030 წლისთვის ემისიები 43%-ით უნდა შემცირდეს, თუ პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, გლობალური დათბობის 1.5 გრადუსამდე შენარჩუნება გვსურს. ექსპერტები მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც 6 ნოემბრიდან ეგვიპტის COP27 სამიტზე შეიკრიბებიან, დაუყოვნებლივი ქმედებებისკენ მოუწოდებენ.

REUTERS/Peter Andrews

„გასულ წელს გლაზგოში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, კლიმატის მიზნების გადახედვას და გაძლიერების საკითხზე ყველა ქვეყანა შეთანხმდა. ის ფაქტი, რომ COP26-ის შემდგომ ჩვენ მხოლოდ 24 ახალი ან განახლებული კლიმატური გეგმა გვაქვს, გულდასაწყვეტია“, – ნათქვამია გაეროს კლიმატის ცვლილებების აღმასრულებელი მდივნის, საიმონ სტიელის განცხადებაში.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც განახლებული მიზნები წარადგინეს, არიან ბოლივია, უგანდა, ვანუატუ, ასევე ინდოეთი და ინდონეზია. ეს უკანასკნელი 2030 წლისთვის ემისიების დონის, მინიმუმ, 32%-ით შემცირებას გეგმავს.

ამ ყველაფერთან ერთად კი, გლობალურად არაადეკვატური დაპირებების შედეგად, 2100 წლისთვის შესაძლოა დათბობის 2.5C-იანი მაჩვენებელი მივიღოთ. მიუხედავად ამისა, ემისიების 10.6%-ინი ზრდა მხოლოდ უმნიშვნელოვანეს პროგრესად რჩება. გაეროს შარშანდელი შეფასებით, ქვეყნები ათწლეულის ბოლოსთვის, ემისიების 13.7%-იანი მატების გზაზე იყვნენ.

ევროკავშირი 2035 წლიდან წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანებზე აკრძალვას აწესებს

გასულ კვირას ევროკავშირმა ახალი შეთანხმება დაამტკიცა, რომელიც 2035 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვას აკრძალავს. ევროკავშირის გადაწყვეტილება მიზნად ელექტრომობილებზე გადასვლის დაჩქარებასა და კლიმატურ ცვლილებასთან ბრძოლას ისახავს.

ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის მომლაპარაკებლები ავტომწარმოებლების მიერ, 2035 წლისთვის, CO2-ის 100%-ით შემცირების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება კი მიუღწეველი დარჩება იმ შემთხვევაში, თუ ბლოკის ქვეყნები წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანების წარმოებას კვლავ გააგრძელებენ. გარიგება 2030 წლისთვის გაყიდული ახალი მანქანებისთვის, 2021 წლის დონესთან შედარებით, CO2-ის ემისიების 55%-ით შემცირებასაც ითვალისწინებს, რაც თავდაპირველ 37.5%-იან მიზანზე გაცილებით მაღალია.

„შეთანხმების მიღწევა კარგი სიახლეა ავტომობილების მძღოლებისთვის. შედეგად, ნულოვანი ემისიის ახალი ავტომობილები გაიაფდება და ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება“, – განაცხადა პარლამენტის წამყვანმა მომლაპარაკებელმა იან ჰუიტემამ. ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის ხელმძღვანელმა ფრანს ტიმერმანსმა კი შეთანხმებას ინდუსტრიისა და მომხმარებლისთვის გაგზავნილი მძლავრი სიგნალი უწოდა.

REUTERS/Carlos Barria

მარეგულირებლების მხრიდან ავტომწარმოებლებზე ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად გაზრდილი ზეწოლის ფონზე, ავტოინდუსტრიის ბევრმა წარმომადგენელმა ელექტრიფიკაციაში ახალი ინვესტიციები დააანონსა. მაგალითად, Volkswagen-ის უფროსმა ტომას შეფერმა ამ კვირაში განაცხადა, რომ 2033 წლიდან ბრენდი ევროპაში მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს.

ევროკავშირის კანონს წინააღმდეგობების სერია ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში შეხვდა. ევროპული ავტომობილების მრეწველობის ასოციაციის (ACEA) მოწოდებით, შიდაწვის ძრავებსა და წყალბადზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ ნახშირბადის დაბალი შემცველობის ტრანსპორტზე გადასვლის პროცესში.

მომლაპარაკებლების განცხადებით, ევროკავშირი „CO2 ნეიტრალურ საწვავზე“ მომუშავე მანქანების გაყიდვისთვისაც შეიმუშავებს ახალ წინადადებებს. მცირე ზომის ავტომწარმოებლებისთვის, რომლებიც წელიწადში 10,00 ავტომობილზე ნაკლებს აწარმოებენ, ნულოვანი გამონაბოლქვის სამიზნედ 2036 წელი განისაზღვრა.

საუდის არაბეთს 2026 წლისთვის 150 ათასზე მეტი ელექტრომობილის ექსპორტზე გატანა სურს

მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი, საუდის არაბეთი, ამჯერად ელექტრომობილების ექსპორტისთვის ემზადება. საუდის არაბეთის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრის აბდულა ალ-სვაჰას განცხადებით, ქვეყანა 2026 წლისთვის 150,000-ზე მეტი ელექტრომობილის წარმოებასა და ექსპორტზე გატანას გეგმავს.

ელექტრომობილების ექსპორტი საუდის არაბეთის გეგმის, Vision 2030-ის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებასა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ქვეყნის ინვესტიციების მინისტრის, ხალიდ ალ-ფალიჰის ინფორმაციით, კალიფორნიაში დაფუძნებულმა Lucid Motors-მა, რომლის 61%-ს საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF) ფლობს, პირველი საზღვარგარეთული ობიექტის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. ობიექტი ავტომწარმოებლის სამი ქარხნიდან ერთ-ერთი იქნება.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის მთავრობამ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ Lucid-ს, ათი წლის განმავლობაში მისაწოდებლად, 50,000-დან 100,000-მდე ელექტრომობილი შეუკვეთა.

„საუდის არაბეთისთვის 100,000 ელექტრომობილის მიწოდება უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში მდგრადი ტრანსპორტის დანერგვის დაჩქარებისთვის“, – განცხადა Lucid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დასძინა, რომ ელექტრომობილების წარმოება 2025 წელს დაიწყება, 2026-2027 წლებში კი ყოველწლიურად 150,000 ავტომობილამდე გაიზრდება.

ცნობისთვის, Vision 2030-ის ფარგლებში, საუდის არაბეთი გეგმავს, ნავთობზე დამოკიდებულებისგან თავისუფალი მთლიანი შიდა პროდუქტი არსებული 16%-დან 50%-მდე გაზარდოს. გარდა ამისა, გეგმის შესაბამისად, ათწლეულის ბოლომდე საუდის არაბეთის დედაქალაქში ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების მინიმუმ 30% ელექტროენერგიაზე მომუშავე უნდა იყოს.