გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასულ კვირას ფრანგული ავტომწარმოებლის მიერ რუსულ Avtovaz-ში საკუთარი წილების რუსეთის მთავრობისათვის მიყიდვას დიდი უკურეაქცია მოჰყვა. დიდი ყურადღება დაიმსახურა პარალელურად გავრცელებულმა ამბავმაც საბჭოთა „მოსკვიჩის“ საწარმოო ხაზის გაცოცხლებასთან დაკავშირებით. პარალელურად, რამდენიმე მწარმოებელს სხვა პრობლემებთან გამკლავება მოუხდა. Ford-ს 39 000 ერთეული ავტომობილის უკან გამოხმობა მოუწია, Harley Davidson-ი კი წარმოებას ორი კვირით აჩერებს. ნეგატიურ სიახლეებთან ერთად, დადებითი ამბებიც შევიტყვეთ. გერმანული Mercedes-ი G-კლასში ახალი თაობის ელემენტებს გამოიყენებს, ფრანგული Renault  კი წყალბადის ავტომობილს წარადგენს. გასული კვირის ამ და სხვა საავტომობილო სიახლეებს თავი Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში მოვუყარეთ.

1955 წლის Mercedes 300 SLR-ი აუქციონზე $143 მილიონად  გაიყიდა

უიშვიათესი სარბოლო Mercedes-Benz-ი საავტომობილო აუქციონზე $143 მილიონ დოლარად გაიყიდა და ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილის სტატუსიც მიიღო. 1955 წლის Mercedes-Benz 300 SLR Uhnelhaut Coupe უიშვიათესი მოდელი გახლავთ, რომელიც Sotheby-ის სააუქციონო სახლმა რეკორდულ ფასად გაყიდა.

RM Sotheby’s

ავტომობილი ბრიტანელმა ავტომობილების კოლექციონერმა და დილერმა საიმონ კიდსტონმა ანონიმური კლიენტისთვის შეისყიდა. კიდსტონი Mercedes-Benz-ის ავტომობილის გასაყიდად გატანას სამეთვალყურეო საბჭოსთან 18 თვის განმავლობაში ლობირებდა.

ავტომობილი 5 მაისს Mercedes-Benz-ის მუზეუმში, შტუტგარტში გაიყიდა და სპეციალურად მისთვის მოწყობილ აუქციონს მხოლოდ წინასწარ შერჩეული კოლექციონერები ესწრებოდნენ.

300 SLR Uhnelhaut Coupe მოდელი Mercedes-Benz-ის მიერ 1955 წელს შექმნილი ორი ეგზემპლარიდან ერთ-ერთია და საავტომობილო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი სარბოლო ჯილდოს მქონე ავტომობილად მიიჩნევა. ავტომობილი კომპანიის სარბოლო დეპარტამენტმა შექმნა და დიზაინერისა და ინჟინრის, რუდოლფ ულენჰაუტის სახელს ატარებს.

ავტომობილი კომპანიის კუთვნილი W 196 R გრან-პრი მოდელის ბაზაზე აიწყო და 3.0 ლიტრის მოცულობის ძრავით იყო აღჭურვილი. Mercedes-მა მისი დამსახურებით ორი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა. Mercedes-Benz 300 SLR-ს 290 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლო, რაც მას იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ავტომობილად აქცევდა.

ავტომობილის ორივე ეგზემპლარს Mercedes-ი ფლობს. შესაბამისად, მისი გაყიდვის გადაწყვეტილებამ ავტომოყვარულების გაოცება გამოიწვია. აქამდე აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდულ ავტომობილს 1962 წლის Ferrari 250 GTO წარმოადგენდა. ის Sotheby-ის აუქციონზე 2018 წელს $48.5 მილიონ, შემდეგ კი კერძოდ $70 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Mercedes-Benz-ი 2025 წლიდან G-კლასში ახალი თაობის ელემენტებს გამოიყენებს

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz-ი ლეგენდარული G-კლასის ელექტროვერსიაში, 2025 წლიდან ახალი თაობის ელემენტებს გამოიყენებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიას ამჟამად არსებული დიდი პრობლემის – ელემენტების დიდი წონის – გადაჭრაში დაეხმარება.

REUTERS/Athit Perawongmetha

Sila Nanotechnologies-ის მიერ დამზადებული ელემენტები სილიკონის ანოდებისაგან შედგება და 20-40%-ით უფრო ენერგოეფექტიანია ამჟამად არსებული  ელემენტებისგან განსხვავებით. ელექტრომობილების ელემენტებში სილიკონის გამოყენებით ჯერ კიდევ 2020 წელს პირველად Tesla დაინტერესდა. ის ამჟამად გამოყენებადი გრაფიტის ალტერნატივას წარმოადგენს, რომლის წარმოების 70%-ზეც ჩინეთია პასუხისმგებელი.

Mercedes-Benz-ი Sila Nanotechnologies-ის პირველი საჯაროდ გაცხადებული მომხმარებელია. კომპანიამ მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლოს შტატ ვაშინგტონში ასობით მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის დახმარებით პირველ საწარმოს გახსნის.

ცნობისათვის, Mercedes-Benz-ი აღნიშნული კომპანიის მცირე წილსაც ფლობს. Tesla-ს ყოფილი ინჟინრის მიერ დაარსებული Sila Nanotechnologies-ი ამჟამად 3.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

Harley Davidson-მა მოტოციკლეტების წარმოება და მიწოდება ორი კვირით შეაჩერა

მოტოციკლეტების პოპულარული მწარმოებლის, Harley Davidson-ის გასულ კვირას გავრცელებული განცხადებით, კომპანიამ მომწოდებელთან მოტოციკლეტების ნაწილების შესახებ არსებული პრობლემის გამო, პროდუქციის წარმოება და ტრანსპორტირება ორი კვირით შეაჩერა. თუმცა აღნიშნული შეფერხება არ შეეხება კომპანიის ელექტრომოდელებს.

REUTERS/Andrew Kelly

მოტოციკლეტების მწარმოებლის განცხადებით, მოტონაწილების მიმწოდებელ მესამე მხარეს მარეგულირებელ ორგანოსთან პრობლემები შეექმნა, რამაც გავლენა პარტნიორობაზეც იქონია. აღნიშნული ინფორმაციის გარდა, Harley Davidson-ს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ბრენდმა წარმოება ორ საწარმოში, ვისკონსინისა და პენსილვანიის ქარხნებში შეაჩერა. სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, ჯერჯერობით რთულია იმის წინასწარმეტყველება, თუ რამდენად იქონიებს გავლენას აღნიშნული გარემოება კომპანიის ბიზნესსაქმიანობაზე.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას, სხვა ავტომწარმოებელების მსგავსად, ჩიპების დეფიციტის პრობლემასთან უწევდა გამკლავება და ამიტომ ალტერნატიულ წყაროებს ეძებდა. კომპანიამ ჯერ კიდევ მაშინ აღნიშნა, რომ მომწოდებელს მარეგულირებელთან შესაძლოა მომავალში იურიდიული პრობლემები გასჩენოდა.

ცნობისათვის, კომპანიამ ევროკავშირის ტერიტორიისათვის მოტოციკლეტების წარმოება აუტსორსზე ჯერ კიდევ 2018 წელს გაიტანა. აღნიშნულის მიზეზი კი ევროკავშირის მიერ ამერიკული ფოლადისა და ალუმინის ნაწილებზე დაწესებული ტარიფები გახლდათ. გასულ კვირას გაჟღერებული ამბის გავრცელების შემდეგ კი კომპანიის აქციათა ფასები დაახლოებით 10%-ით შემცირდა.

ფრანგულმა Renault-მ რუსეთში საკუთარი აქტივები რუსეთის მთავრობას მიჰყიდა

ერთი კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგულმა ავტომწარმოებელმა, Renault-მ რუსეთში არსებული საკუთარი აქტივები რუსეთის მთავრობას მიჰყიდა. აღნიშნული მოვლენა რუსეთის მიერ დასავლური კომპანიის რუსული აქტივების ნაციონალიზაციის პირველი მსხვილი ფაქტი გახლავთ მას შემდეგ, რაც მოსკოვი ქვეყნიდან გასულ კომპანიებს დასჯით დაემუქრა.

REUTERS/REUTERS PHOTOGRAPHER

უფრო კონკრეტულად, Renault  მისი რუსული აქტივების მთლიან წილს მფლობელობაში მოსკოვს გადასცემს. გარდა ამისა, რუსულ ავტომწარმოებელ Avtovaz-ში არსებულ 68%-იან წილს მთავრობის მიერ მხარდაჭერილ სამეცნიერო ინსტიტუტს, NAMI-ს მიჰყიდის.

შეთანხმების თანახმად, ფრანგულ ავტომწარმოებელს 6 წლის ვადაში Avtovaz-ის აქციების უკან გამოსყიდვის უფლება შეუნარჩუნდება. ცნობისათვის, Avtovaz-ი საბჭოთა Lada-ს მოდელის ავტომობილების მწარმოებელი კომპანიაა. აღნიშნული შეთანხმება კი თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლური კომპანიის აქციების ნაციონალიზაციის პირველი შემთხვევაა.

შეთანხმება მოსკოვში არსებულ Renault-ს ავტოსაწარმოსაც მოიაზრებს, რომელიც, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქის აქტივების სიას შეუერთდება და „მოსკვიჩის“ მარკის ავტომობილების წარმოებას განაგრძობს.

თავად Renault-ს აღმასრულებელი დირექტორის, ლუკა დე მეოს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება რთული, მაგრამ აუცილებელი იყო. მისი განმარტებით, კომპანიამ ამით მხედველობაში მიიღო რუსეთში დასაქმებული 45 000 თანამშრომლის ბედი. საინტერესოა, რომ შეთანხმების ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

Nissan-მა და Mitsubishi-მ იაპონიის ბაზრისათვის უფრო მსუბუქი ელექტრომობილი წარადგინეს

იაპონურმა ავტომწარმოებლებმა, Mitsubishi Motors-მა და Nissan Motor-მა პირველი ერთობლივი მსუბუქი ელექტრომობილი შექმნეს, რომელიც სპეციალურად იაპონიის ბაზრისათვის იწარმოება. აღნიშნული მიზანი კი უფრო ბიუჯეტური, მიკრომოდელის  შექმნით იაპონელი მძღოლების ელექტრომობილებით დაინტერესება იქნება.

REUTERS/Soe Zeya Tun

თვეების წინ აღნიშნული ორი იაპონური ავტომწარმოებელი ადგილობრივ ბაზარზე ელექტრომობილების ინდუსტრიის ათვისებაში ყველაზე პერსპექტიულ ბრენდებად ითვლებოდნენ. თუმცა მთელი რიგი ფაქტორების გამო კომპანიებს მომხმარებლების მოზიდვა ძალიან გაუჭირდათ. ამ ყველაფერს კი თან Tesla-ს აღმავალი პოპულარობაც ახლდა.

Nissan-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაკოტო უჩიდა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ალიანსი იაპონიის ელექტრომობილების ბაზარს მნიშვნელოვნად შეცვლის. ავტომწარმოებლებს მტკიცედ სჯერათ, რომ იაპონიის ბაზარზე ძალიან პოპულარული  მიკროავტომობილების სეგმენტს ისინი წარუძღვებიან. ცნობისათვის, ამჟამად ამ სეგმენტზე ქვეყნის ბაზრის 40% მოდის, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ ორი იაპონური ავტომწარმოებლის გაერთიანებას ალიანსში ფრანგული Renault-ც უერთდება. წლის დასაწყისში კომპანიებმა ერთობლივი გეგმა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც 5 წლის განმავლობაში სწორედ ზემოთ აღნიშნულ სეგმენტში თავის დასამკვიდრებლად ელექტრომობილების განვითარებისთვის 26 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავენ.

Nissan-ი, რომელიც ამჟამად ელექტრო leaf-სა და Ariya-ს აწარმოებს, ცოტა ხანში უფრო მსუბუქ ელექტრომობილს, Sakura-ს წარადგენს, რომლის ღირებულებაც 13 800 აშშ დოლარი იქნება და ერთი სრული დამუხტვით მხოლოდ 180 კილომეტრის გავლა შეეძლება.

რაც შეეხება Mitsubishi-ს, მის მიერ წარდგენილი eK Cross EV-ს ღირებულება 14 000 აშშ დოლარი იქნება და მასაც მხოლოდ 180 კილომეტრის გავლა შეეძლება. ორივე ავტომწარმოებელი მსუბუქი ელექტრომობილების გაყიდვას ამ ზაფხულიდან დაიწყებს.

Volkswagen-ისა და Mahindra-ს თანამშრომლობა ელექტრომობილების კომპონენტებს შეეხება

კომპანიების გასულ კვირას გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი ახალი თანამშრომლობის პირობებში ინდურ Mahindra-ს ელექტრომობილებისათვის საჭირო კომპონენტებით მოამარაგებს.

REUTERS/Saumya Khandelwal/File Photo/File Photo

მათი განმარტებით, გერმანული და ინდური ავტომწარმოებლები საბოლოო შეთანხმებას კომპონენტების მიწოდების შესახებ 2022 წლის ბოლოსთვის მიაღწევენ.

ინდური Mahindra ამჟამად ელექტრომობილების საკუთარ პლატფორმაზე, Born Electric-ზე მუშაობს, რომლის აღჭურვაც სწორედ Volkswagen-ის მიერ მიწოდებული ელექტროძრავით, ელემენტების სისტემის ნაწილებითა და თავად ელემენტებით სურს.

აღნიშნული პარტნიორობა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის დიდი ბიზნესებისათვის გაკეთებულ შეთავაზებას მოჰყვა. მისი განცხადებით, კომპანიები, რომლებიც ინდოეთში ელექტრომობილებს ან მის ნაწილებს აწარმოებენ, ინდოეთის მთავრობისაგან დიდ შეღავათებს მიიღებენ. აღნიშნული ინიაციატივის მთავარი მიზანი ინდოეთის კლიმატური მიზნებისაკენ სწრაფვა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ თავად Volkswagen-ის ელექტრომობილების პლატფორმა, MEB-ი საკუთარი ავტომობილების გარდა, Skoda-სა და Audi-ის ელექტრომობილების საწარმოებლადაც გამოიყენება. Mahindra-ს განცხადებით, პარტნიორობა კომპანიას ახალი პლატფორმის დახვეწაში დაეხმარება. გერმანული ავტომწარმოებლის ტექნოლოგიური პროგრესი ინდურ ბრენდზეც დადებითად აისახება.

Ford-მა ძრავის ხარვეზის გამო 39,000 SUV-ი გაიწვია უკან

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford Motor-მა ავტომობილების ძრავაში გაჩენილი ხანძრის შესახებ 16 სხვადასხვა ცნობის გამო 39,000 ერთეული SUV-ი უკან გამოიხმო. გარდა ამისა, მძღოლებს ურჩია, ხარვეზის აღმოფხვრამდე ავტომობილები ღია სივრცეში და შენობებისგან მოშორებით გააჩერონ.

REUTERS/Wolfgang Rattay

ავტომობილების უკან გაწვევა 2021 წლის Ford Expedition და Lincoln Navigator მოდელებს შეეხებათ. კომპანიის განცხადებით, ძრავის განყოფილებაში ხანძარი შესაძლოა ნებისმიერ დროს გაჩნდეს, მიუხედავად იმისა, ავტომობილი მოძრაობს თუ გაჩერებულია. აღნიშნულის საშიშროება მაშინაც კი არსებობს, როდესაც ავტომობილის ძრავა გამორთულია.

აშშ-ის სიდიდით მეორე ავტომწარმოებლის რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯერჯერობით ინციდენტებს რაიმე სერიოზული საშიშროება არ მოჰყოლია. 16 შემთხვევიდან 14-ში კი ავტომობილები გაქირავების კომპანიას ეკუთვნოდა.

ცნობისათვის, წელს Ford-მა ყველაზე მეტი ავტომობილი გამოიხმო.  შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ავტომწარმოებელმა უკან გაწვევის შესახებ 30-ჯერ განაცხადა და ჯამში 3.5 მილიონი ავტომობილი გამოიხმო.

გარდა აღნიშნულისა, Ford-მა მიმდინარე კვირაში კიდევ ორი ამგვარი პროცედურა განახორციელა. ერთი გაწვევა 310,000 ერთეულ 2016 წლის Ford F-250, F-350, F-450 და F-550 მოდელებს შეეხო. მეორე კი 464 ერთეული ახალი ელექტრო Mustang Mach-E-ს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება გახლავთ.

რუსეთში საბჭოთა წარმოების „მოსკვიჩის“ გაცოცხლებას ჩინური პლატფორმის დახმარებით გეგმავენ

მედიასააგენტო Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული Renault-ს ყოფილ მოსკოვის ქარხანაში საბჭოთა წარმოების „მოსკვიჩის“ გაცოცხლება იგეგმება. რუსული ავტომობილის წარმოება სატვირთოების მწარმოებელ Kamaz-თან პარტნიორობით ჩინური ავტოპლატფორმის გამოყენებით მოხდება.

REUTERS/Vasily Fedosenko

წყაროს ინფორმაციით, Kamaz-ი ჩინურ JAC-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. შეთავაზების თანახმად, რუსებს ჩინური ავტომწარმოებლის დიზაინის, ინჟინერიისა და საწარმოო პლატფორმის გამოყენება სურთ. თავად Kamaz-ი და Moskvich-ი აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებენ.

როგორც ჩანს, რუსეთში ძველი საბჭოთა ავტობრენდის, „მოსკვიჩის“ გაცოცხლებას სერიოზულად განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ფრანგულმა Renault-მ რუსეთში საკუთარი აქტივები რუსეთის მთავრობას მიჰყიდა. რუსული წყაროს ინფორმაციით, წარმოება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება.

Renault-მ წყალბადისძრავიანი SUV-ის პროტოტიპი წარადგინა

ფრანგული ავტომწარმოებელი, Renault, კონკურენტებისათვის ფეხის აბმას ცდილობს. გასულ კვირას ბრენდმა ახალი, ეკომეგობრული, წყალბადის ძრავაზე მომუშავე SUV-ის პროტოტიპი წარადგინა. თუმცა, კომპანიის განცხადებით, ავტომობილი კომერციულად ხელმისაწვდომი 2030-2032 წლამდე არ იქნება.

REUTERS/Stephane Mahe

რაც შეეხება ელექტროვერსიას, მისი შეძენა მომხმარებლებს 2024 წლიდან შეეძლებათ. ავტომობილს, ელექტრომობილების მსაგავსად, ელექტროძრავა ექნება, . თუმცა ძრავის სამუშაოდ საჭირო ელექტროენერგიას მანქანა წყალბადის დახმარებით გამოიმუშავებს. ეს კი ელემენტების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

16 კილოვატის სიმძლავრის ძრავას ერთი სრული დამუხტვით 800 კილომეტრის გავლა შეეძლება, ელემენტების წონა კი ამჟამინდელ ალტერნატივებთან შედარებით 2-ჯერ მსუბუქი იქნება. საკუთარ ავტომობილებში წყალბადის გამოყენება სხვა ავტომწარმოებლებმაც სცადეს.

იაპონურმა Toyota-მ და სამხრეთკორეულმა Hyundai-მ წყალბადზე მომუშავე ძრავის მქონე ავტომობილები ბაზარზე უკვე წარადგინეს. იმავეს გაკეთებას კი გერმანული ავტომწარმოებელი BMW iX5 მოდელის სახით უკვე მიმდინარე წლიდან გეგმავს.