თურქეთი ადგილობრივი წარმოების წყალქვეშა ნავზე მუშაობას 6 თვეში დაასრულებს

თურქეთი ადგილობრივი წარმოების წყალქვეშა ნავზე მუშაობას 6 თვეში დაასრულებს

თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, ადგილობრივი წარმოების წყალქვეშა ნავზე მუშაობა დაახლოებით 6 თვეში დასრულდება და ის თურქეთის საზღვაო ძალების სარდლობას გადაეცემა. გოლჩუკის გემთმშენებლობის სარდლობაში Hizir Reis-ის წყალქვეშა ნავის წარდგენისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა საზღვაო ფლოტის გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, თურქეთი ყოველწლიურად ერთი ახალი ადგილობრივი წყალქვეშა ნავის წარმოებას გეგმავს, რათა 2027 წლისათვის ქვეყნის საზღვაო ფლოტს მინიმუმ 6 ახალი წყალქვეშა ნავი ჰყავდეს.

„ჩვენს წყალქვეშა ნავებს 300 მეტრ სიღრმეზე ჩასვლა შეეძლებათ. ნავები წყალქვეშა, წყლის ზედაპირზე და სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად ეფექტური იარაღით იქნებიან აღჭურვილნი. მათ ექნებათ შესაძლებლობა გაუშვან სხვადასხვა ტიპის წყალქვეშა ტორპედო, რაკეტა თუ ნაღმი. გარდა ამისა, მათზე მოხდება ადგილობრივი წარმოების ტორპედოს, Akya-სა და ასევე ადგილობრივი წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის, Atmaca-ს ინტეგრაცია“ – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა დამატებით დასძინა, რომ Hizir Reis-ის ტიპის წყალქვეშა ნავი ექსპლუატაციაში 2023 წელს, ხოლო Selman Reis-ის ტიპის წყალქვეშა ნავი 2027 წელს შევა.

მოგეხსენებათ, თურქეთის მიერ წყალქვეშა ნავების წარმოების გადაწყვეტილება სამხედრო პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. ერდოღანის მიზანი დამოუკიდებელი სამხედრო ინდუსტრიის შექმნაა. პრეზიდენტს სურს, ქვეყანა ნებისმიერი სახის სამხედრო ტექნიკასა თუ აღჭურვილობაში არ იყოს დამოკიდებული არც ერთ პარტნიორზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *